Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის წინააღმდეგ ზომებზე საუბრისას ოლაფ შოლცმა თავი აარიდა "ჩრდილოეთის ნაკად 2-ს"


ოლაფ შოლცი (მარცხნივ) და ჯო ბაიდენი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა CNN-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში თავი აარიდა კომენტარებს რუსული გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ბედზე, თუკი უკრაინაში ვითარება გამწვავდება.

ამავე დროს შოლცმა კვლავ განაცხადა, რომ ბერლინი და ვაშინგტონი „ერთ ტალღაზე“ არიან, როცა საქმე რუსეთსა და უკრაინას ეხება. „ჩვენ მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ერთობლივი იქნება. როგორც პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. შეგიძლიათ აბსოლუტურად დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ გერმანია იმოქმედებს თავის მოკავშირეებთან, განსაკუთრებით აშშ-სთან ერთად. ამ ვითარებაში არავითარი განსხვავება არ იქნება“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა CNN-ის წამყვან ჯეიკ ტეპერთან საუბარში.

ორშაბათს შოლცი გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის რანგში პირველად ესტუმრა ვიზიტით ვაშინგტონს, სადაც გაიმართა მისი მოლაპარაკებები აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ამერიკის ლიდერმა მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შეჩერდება.

შოლცს არც პრესკონფერენციაზე უხსენებია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“. გაზსადენი გათვლილია იმაზე, რომ რუსული გაზი პირდაპირ გფრ-სა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს მიაწოდოს ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით. ამასთან შოლცმა თქვა, რომ თუკი საქმე მივა რუსეთის აგრესიაზე სანქციებით პასუხამდე, გერმანიის, აშშ-ისა და ნატოს პოზიციები ერთიანი იქნება.

პარასკევს გაუქმდა უკრაინაში ვიზიტით მყოფ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა. ოფიციალურ მიზეზად დაასახელეს შეუსაბამობები კალენდარში. მაგრამ როგორც უკრაინის მთავრობასთან ახლოს მყოფმა წყარომ უთხრა CNN-ს, მოლაპარაკებები არ შედგა იმის გამო, რომ ბერბოკმა უარი თქვა დაესახელებინა ზომები, რომლებიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ წინააღმდეგ იქნება მიღებული უკრაინაში ომის შემთხვევაში; ასევე იმის გამო, რომ გერმანიამ გადაწყვიტა, უკრაინას არ მიაწოდოს ლეტალური იარაღი.

CNN-თან ინტერვიუში ოლაფ შოლცმა „ნონსენსი“ უწოდა ვარაუდს, რომ გფრ ამჟამად რუსეთთან უფროა დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან. ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ბერლინი კიევის მნიშვნელოვანი საფინანსო პარტნიორია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG