Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“მარტიდან ფასებმა შემცირება უნდა დაიწყოს” - რა ემუქრება ამ ვარაუდს 


ბოლო სამი კვირაა, რაც ლარი სტაბილურად მყარდება - ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემია დოლართან შეფარდებისას. დოლარი ჩამოსცდა 3-ლარიან ნიშნულს და 19 თვის წინ წინანდელ კურსს დაუბრუნდა, როცა კომუნალური გადასახადები, მედიკამენტები თუ პირველადი საჭიროების ნივთები ბევრად უფრო იაფი ღირდა, ვიდრე დღეს

რატომ დაიწყო ლარმა მკვეთრი გამყარება და სწორია თუ არ იმის მოლოდინი, რომ ბოლო ერთ წელიწადში თითქმის 14%-ით გაძვირებული ფასები შემცირებას დაიწყებს - ამ საკითხებზე რადიო თავისუფლება Galt & Taggart-ის კვლევითი დეპარტამენტის უფროსს ევა ბოჭორიშვილს ესაუბრა.

ევა ბოჭორიშვილი
ევა ბოჭორიშვილი

შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დღეებში ლარი მკვეთრად გამყარდა?

ამ გადმოსახედიდან, კი. ორი კვირის წინაც ვერ ვიტყოდით, რომ ასე გამყარდებოდა. ჩვენი პროგნოზი იყო 3-დან 3,15-ის ფარგლებში 2022 წელს. მაშინ ყველაზე ოპტიმისტები ვიყავით და დოლარის 3 ლარამდე ჩამოსვლას არ ელოდა ბაზარი.

რა გახდა ამის მიზეზი?

ლარის კურსზე მოქმედებს როგორც ეკონომიკური, ისე არაეკონომიკური ფაქტორები, გავლენა აქვს მოლოდინებსა და ქვეყანაში თუ რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.

დღეს შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე ფაქტორი:

  • გვაქვს სესხზე ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებული პოლიტიკა - უცხოურ ვალუტაში დეპოზიტის ფულის განთავსებაზე დაბალი პროცენტია და ეს მოქალაქეებს უბიძგებთ, დანაზოგი ლარში გააკეთონ. წინა წლებში ლარის გაუფასურებას ის იწვევდა, რომ დეპოზიტების გადოლარიზება ხდებოდა. ეს არის ფაქტორი, რომელიც ლარზე ყოველთვის მოქმედებს;
  • იანვარში ტურიზმის ნაკადი იყო მოსალოდნელზე კარგი, რაც ლარის კურსზე დადებითად აისახება. სხვა კომპონენტები ჯერ არ ვიცით, მაგრამ, სავარაუდოდ, ბოლო თვეების პოზიტიური დინამიკა გრძელდება - ფულადი გზავნილების და ექსპორტის კუთხით.

ლარის გამყარებას იგრძნობს თუ არა მოსახლეობაც და თუ - კი, რამდენ ხანში?

ლარის კურსი არის ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ფასების ზრდის ტემპი უნდა შეანელოს. მოლოდინი არის ხოლმე, რომ რა სისწრაფითაც ლარის გაუფასურება გადავიდა ფასებში, ასევე აისახოს გამყარება.

ჩვენი პროგნოზით, მარტიდან ფასებმა შემცირება უნდა დაიწყოს და ინფლაცია შემცირდეს.

ეროვნული ვალუტა იმდენად ცვალებადია, იმპორტიორები გადაწყვეტილებების მიღებას არ იჩქარებენ. მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ მათ ჰქონდეთ მარაგები უფრო მაღალ ფასად შევსებული.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მარტიდან პროდუქტები ისევ გაიაფდება?

გაიაფებას ვერ ვიტყვით - ინფლაცია ნიშნავს, ფასების საერთო დონე როგორ იზრდება ან მცირდება ქვეყანაში. ჩვენ ფასების შემცირებას კი არ ველოდებით, ველოდებით, რომ ფასები რა ტემპითაც იზრდებოდა, აღარ გაიზრდება - მარტიდან შენელდება. ფასების ზრდა იქნება, მაგრამ არა იმ ტემპით, რაც იყო 2021 წელს.

ინფლაციის დროს ისეთი პროდუქტებიც კი გაძვირდა, რომელიც საქართველოში იწარმოება - კომბოსტო, ჭარხალი… რატომ?

ბევრი ფაქტორია, რატომ გაიზარდა ადგილობრივი პროდუქტის ფასები. იმის მიუხედავად, რომ რაღაცას აქ ვაწარმოებთ, მას სჭირდება ტრანსპორტირება, მოხვნა, თესვა - საწვავი ძვირდება, ეს ადგილობრივი წარმოების ფასსაც ზრდის. შეიძლება სესხი აქვთ აღებული, მისი მომსახურება გაძვირდა და ფასში აისახა.

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ლარის გამყარებას უძრავ ქონებაზე, შეიძლება, მაგალითად, ბინები ან მიწა გაიაფდეს?

მშენებლობაზე, როგორც სხვა წარმოებაზე, მოქმედებს სხვადასხვა კომპონენტი - მათ შორის, იმპორტირებული საქონლის ფასი, მთავრობის რეგულაციები, რაც მშენებლობის ფასს აძვირებს.

ჩვენ არ ველოდებით, რომ დოლარში ფასი შემცირდება - სამშენებლო მასალებზე მსოფლიოში ბაზარზე ფასები იზრდება. იქიდან გამომდინარე, რომ ტურიზმის აღდგენას ველოდებით, ეკონომიკაც გამოვიდა კრიზისიდან, მოთხოვნა შენარჩუნებულია და გაგრძელდება. ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ ფაქტორს, რამ შეიძლება შეამციროს უძრავი ქონების ფასი.

საქართველოში უძრავი ქონება ბევრად იაფია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ეს უცხოელებისთვის მიმზიდველს ხდის გარემოს.

მაღალი ინფლაციის გამო, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, მოსახლეობას სესხის საპროცენტო განაკვეთი გაეზარდა. შეიძლება, რომ ლარის გამყარების შემდეგ ისევ გაიაფდეს სესხი?

ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკი არის მკაცრი... ჩვენ კი გვაქვს მოლოდინი, რომ მსოფლიო ბაზარზე იმ ტემპით აღარ გაიზრდება სურსათის და ნავთობის ფასები, როგორც წინა წელს - მაგრამ თუ გაძვირდა, შეიძლება გადაწონოს ლარის გამყარების ეფექტი. ასევე, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტია რისკფაქტორი. ეროვნული ბანკი არ იჩქარებს.

ლარის სტაბილურობისთვის, ასეთი სწრაფი გამყარების დროს, ეროვნული ბანკი ხომ არ უნდა ჩარეულიყო?

არ გამოვრიცხავთ, რომ თუ ასეთი გამყარების ტენდენცია გაგრძელდა, ეროვნულმა ბანკმა შეივსოს სავალუტო რესურსი.

ახლა როგორი პროგნოზი გაქვთ - გააგრძელებს ლარი გამყარებას?

ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რომელიც ერთ-ერთი დიდი რისკია საქართველოს მაკროეკონომიკული ფაქტორებისთვის. ასევე, ტურიზმზე ბევრი იქნება დამოკიდებული. მათ შორის, როგორ მოიქცევა ეროვნული ბანკი.

არ გამოვრიცხავთ, რომ თუ ტურიზმით შემოსავლები გაიზრდება, პანდემიამდე პერიოდსაც კი დაუბრუნდეს ლარი. ვერაფერს გამოვრიცხავთ - რეგიონის ვალუტების ყურებაც არის მნიშვნელოვანი.

XS
SM
MD
LG