Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარემოს დაბინძურებით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად რუსთაველებმა სასამართლოს მიმართეს


გარემოს დაბინძურების გამო მიყენებული მორალური ზიანისთვის, რუსთაველებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს სასამართლოში უჩივლეს.

თერთმეტი მოქალაქის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში უკვე მიიღო.

მოსარჩელე თიკო მაღედანმა, რომელიც ეკოლოგიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის, „გავიგუდეს“ ლიდერია, დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ისინი კომპენსაციის სახით 3-3 ათას ლარს ითხოვენ.

„ეს არის სიმბოლური თანხა იმასთან შედარებით, რა ზიანიც ჩვენ ბინძური ჰაერით გვადგება“, - თქვა თიკო მაღედანმა.

მისივე თქმით, რუსთავში წელიწადში 270 დღე ცუდი ან ძალიან ცუდი ჰაერია, სახელმწიფო კი მდგომარეობის გამოსასწორებლად ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.

მოსარჩელეები თვლიან, რომ ირღვევა მათი უფლება იცხოვრონ ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში.

„ცუდი ჰაერი პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობის მთელ რიგ პრობლემასთან. გვეზღუდება ფიზიკური აქტივობის და გადაადგილების თავისუფლება, გველახება ღირსება”, - აღნიშნა პრესკონფერენციაზე თიკო მაღედანმა.

"ღირსების შელახვა უტოლდება წამებას, ამდენად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლება, რომელიც გარანტირებულია კონსტიტუციით ", - დასძინა პრესკონფერენციაზე "გავიგუდეს" იურისტმა ციალა რატიანმა.

პრესკონფერენციის შემდეგ კიდევ ერთმა მოსარჩელემ, თამარ ონოფრიენკომ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რუსთავი არ არის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო.

"ჩემს სანათესაოში სიმსივნის მიმართ მიდრეკილება გვაქვს. დაბინძურებული ჰაერი კი ამ დაავადების რისკს ზრდის. პირადად მე, რაც რუსთავში საცხოვრებლად გადმოვედი, ალერგიული რინიტი დამემართა".

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ჰაერის ხარისხის მზომი სტაციონარული სადგურის საშუალო მონაცემებით, 2021 წელს რუსთავში 142 დღე ცუდი ჰაერი იყო, ხოლო ძალიან ცუდი - 120 დღე.

შედარებისთვის, ოთხი სტაციონარული სადგურის მიხედვით, გასულ წელს თბილისში 99 დღე იყო ცუდი ჰაერი, ხოლო ძალიან ცუდი ჰაერი - 26 დღე.

რუსთავში ჰაერის დამაბინძურებელი მყარი ნაწილაკებია ე.წ. pm10 და pm 2,5.

ჯერ კიდევ გასული წლის მარტში პარლამენტმა მიიღო კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც ჰაერის დაბინძურებისთვის საჯარიმო სანქციებს ამკაცრებს. ამასთან, სამთო-ქიმიური და მეტალურგიული მრეწველობის ქარხნებს, რომელთა რაოდენობა რუსთავში 24-ია, ევალებათ ფილტრების და გაფრქვევის მილებზე სპეციალური მოწყობილობის დამონტაჟება, რომელიც გაფრქვეულ ჰაერში მავნე ნაწილაკებს უწყვეტად აღნუსხავს. ეს მოწყობილობები იმისთვის არის საჭირო, რომ გარემოს ზედამხედველმა სტრუქტურებმა საწარმოთა გარემოსდაცვითი მონიტორინგი შეძლონ იმის დასადგენად, რომელი ქარხანა რა ხარისხით და რა მავნე ნივთიერებებით აბინძურებს ჰაერს.

რუსთავში მოქმედი 24 საწარმოდან მხოლოდ ერთს, ქიმიურ საწარმო "ემ ენ ქემიკალ ჯორჯიას" აქვს თვითმონიტორინგის ეს მოწყობილობები დამონტაჟებული, რასაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროც ადასტურებს.

გასული წლის ოქტომბერში, იმჟამად სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა რუსთავის თვითმმართველობის არჩევნების წინ პირობა დადო, რომ გაჩერდებოდა ყველა საწარმო, რომელიც ფილტრებს და თვითმონიტორინგის ინსტრუმენტებს არ დააყენებდა - პირობა დღემდე არ შესრულებულა.

ახალი წლის შემდეგ, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, სამინისტროსთან ხელმძღვანელებთან ერთად, საწარმოების შემოწმება დაიწყო. მწარმოებლები ამჯერადაც დროს ითხოვენ, რომ ფილტრები და თვითმონიტორინგის სპეციალური მოწყობილობები დაამონტაჟონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG