Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერი სოციალურად დაუცველებს შემწეობასთან ერთად 300-ლარიან სამსახურს სთავაზობს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებს 300-ლარიან სამსახურს შესთავაზებენ. მთავრობის სხდომაზე მან თქვა, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელი 600 ათასი ადამიანიდან 200 ათასზე მეტი შრომისუნარიანია.

"საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას. მოსარგებლის ოჯახს 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობა. ანუ ის დახმარება, რასაც ის იღებს მიეცემა მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ჩვენ ამას არ შევეხებით. ამის ზემოდან ამ პროგრამაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს მიეცემა 300 ლარი - ერთი მხრივ, მიიღებენ სოციალურ დახმარებას და ამის ზემოდან 300 ლარი იქნება. მოსარგებლეს შემწეობა გაუგრძელდება, თუ ის არ დათანხმდება არცერთ შემოთავაზებას, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხელახლა გადამოწმდება, რაც ვფიქრობ სამართლიანია", - თქვა ღარიბაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ მათი პროგნოზის მიხედვით, დასაქმდება 200 ათასზე მეტი ადამიანი.

"პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტები და სოფლისა და გარემოს დაცვის სამინისტრო, სხვა სამინისტროები მოახდენენ 50 ათასამდე ვაკანსიის მობილიზებას და ჩვენ შეიძლება 100 ათასზეც კი გავიდეთ", - თქვა პრემიერმა.

ამ ინიციატივის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველად 22 ნოემბერს ისაუბრა საქართველოს მთავრობის სხდომაზე. მაშინ მან თქვა, რომ დღეს შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული, რომ დაიწყოს მუშაობა, იმის შიშით, რომ სახელმწიფომ სოციალური დახმარება არ მოუხსნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG