საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე დღევანდელი მონაცემებით მსჯელობას შეუძლებლად მიიჩნევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე. დღეს, 14 თებერვალს დილით გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკით, გასულ 24 საათში ჩატარებული 9 688 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 4 028 შემთხვევა.
გამყრელიძის განმარტებით, შაბათ-კვირას მიმართვიანობა ისედაც ნაკლებია და ამას დაემატა პორტალზე მონაცემების ატვირთვასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემები, რადგან შაბათ-კვირას პორტალის განახლება მიმდინარეობდა.
„ამიტომ დღევანდელი ციფრებით ვერ ვიმსჯელებთ“, - უთხრა ჟურნალისტებს ამირან გამყრელიძემ. მისი შეფასებით, ეპიდსიტუაცია მარტივი არ არის, მაგრამ სავარაუდოა, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის ცირკულაციის ფონზე, თანდათანობით კლება დაიწყება: „ჩვენ ეხლა ვართ პიკში და ეს პიკის გადავლის ეტაპი, ამ კვირაში მაინც ვფიქრობთ, რომ უნდა დაიწყოს“.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, სამშაბათს, 15 თებერვალს პორტალზე ატვირთულ მონაცემებში იქნება როგორც ორშაბათის შემთხვევები, ასევე კვირის მონაცემები, რომლებიც ტექნიკური პრობლემის გამო ვერ აისახა.
14 თებერვლის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 41.58%;
- ბოლო 7 დღის - 33.03%;
- ბოლო 14 დღის - 31.92%.
ოფიციალური სტატისტიკით, 14 თებერვლის დილისთვის, საერთო ჯამში, 171 731 აქტიური შემთხვევაა. მათგან:
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 202;
- კლინიკურ სასტუმროში - 1 481.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 458 093 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 15 577 ადამიანი.
დაწერეთ კომენტარი