გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი 14 თებერვალს კიევში შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ვიზიტი ნაწილია მიმდინარე დიპლომატიური მცდელობებისა, დეესკალაცია მოხდეს კრიზისისა, რომელიც წარმოიშვა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის საფრთხით.
უკრაინის შემდეგ შოლცი მოსკოვში ჩავა და 15 თებერვალს შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
შოლცმა ტვიტერში დაწერა, რომ სამხედრო მოქმედებებს რუსეთისთვის „ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვება“.
„ჩვენ ევროპაში მშვიდობისთვის სერიოზული საფრთხის მოწმე ვართ“, - განაცხადა შოლცმა.
13 თებერვალს შოლცმა თქვა, რომ ნატოს წევრებმა და ევროპის კავშირმა უკვე „გულდასმით მოამზადეს“ მკაცრი სანქციები, რომლებიც „დაუყოვნებლივ შეგვიძლია ავამოქმედოთ“ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში.
13 თებერვალს აშშ-მა თავისი ადრე გამოთქმული ვარაუდის კორექტირება მოახდინა და განაცხადა, რომ ამჟამად უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილია რუსეთის არა 100 ათასამდე, არამედ 130 ათასამდე ჯარისკაცი.
13 თებერვალს კიევმა განაცხადა, რომ რუსეთთან სასწრაფოდ სურს მოლაპარაკებების გამართვა ე. წ. ვენის 2011 წლის დოკუმენტის ფარგლებში, ეუთოს პლატფორმაზე.
დოკუმენტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა 14 თებერვალს, რუსეთმა უარყოფითად უპასუხა უკრაინის მოთხოვნას. მან განაცხადა, რომ არ ეწევა „უჩვეულო სამხედრო საქმიანობას“ უკრაინის საზღვართან და რომ ვენის დოკუმენტის დებულებათა გამოყენება მიუღებელია.