Accessibility links

site logo site logo

უკრაინაში კიბერთავდასხმა განხორციელდა თავდაცვის სამინისტროს, სხვა უწყებებისა და ბანკების ვებსაიტებზე


კიბერთავდასხმების შედეგად 15 თებერვალს შეფერხდა უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინის რამდენიმე სამინისტროსა და ბანკის ვებსაიტების მუშაობა. ამის შესახებ უკრაინის მთავრობა იტყობინება.

თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე „სავარაუდოდ განხორციელდა DDoS შეტევა, როცა წამში დიდი რაოდენობის მოთხოვნები აღირიცხა“, - განაცხადა სამინისტრომ ტვიტერზე და დასძინა, რომ მიმდინარეობს სამუშაოები პრობლემის გადასაჭრელად.

ოფიციალური კომუნიკაციისთვის სათადარიგო ვარიანტებად გამოიყენება სამინისტროს ფეისბუკისა და ტვიტერის ანგარიშები.

კომუნიკაციისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრს, რომელიც კულტურის სამინისტროს ნაწილია, არ უთქვამს, ვინ შეიძლება იყოს კიბერთავდასხმის უკან, მაგრამ უწყების განცხადებაში ნაგულისხმევია, რომ, მისი აზრით, საქმე ეხება რუსეთის კვალს.

დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კვლავაც დაძაბულია მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვარზე ათიათასობით სამხედროს მოუყარა თავი. დასავლეთში მიაჩნიათ, რომ ეს შესაძლოა უკრაინაში შეჭრისთვის მზადება იყოს.

მინიმუმ ორი ბანკი, „პრივატბანკი“ და „ოშჩადბანკიც“ იყვნენ 15 თებერვლის კიბერთავდასხმის სამიზნეები. ცენტრის თანახმად, „პრივატბანკის“ მუშაობაში შეფერხებები DDoS იერიშით იყო გამოწვეული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG