Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი დიპლომატი აცხადებს, რომ ევროპაში ომები ოთხშაბათობით იშვიათად იწყება


ევროკავშირში რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ ჩიჟოვმა განაცხადა, რომ დღეს, 16 თებერვალს, რუსეთი უკრაინას თავს არ დაესხმება. „შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ ოთხშაბათს თავდასხმა არ იქნება. არანაირი ესკალაცია არ იქნება არც შემდეგ კვირაში, არც იმის მომდევნო კვირაში და არც შემდეგ თვეში“, - განუცხადა ჩიჟოვმა გერმანულ გამოცემა „ველტ“-ს. როგორც რუსმა დიპლომატმა თქვა, „ევროპაში ომები ოთხშაბათობით იშვიათად იწყება“.

ამასთან, ჩიჟოვის განცხადებით, დასავლეთმა რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები უნდა გაითვალისწინოს, ხოლო რაც შეეხება ბრალდებას, რომ რუსეთისგან ესკალაციაა მოსალოდნელი, თუ მტკიცებულება არ გაქვს, ეს მხოლოდ ცილისწამებაა.

რამდენიმე დღის წინ, დასავლეთის ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ამერიკული დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსეთი უკრაინას შესაძლოა, თავს დაესხას 16 თებერვალს.

უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების მასშტაბურ თავმოყრას და ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ბოლოდროინდელ სამხედრო მანევრებს აშშ და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები მიიჩნევენ იმის საფუძვლად, რომ რუსეთი უკრაინას შესაძლოა, თავს დაესხას ნებისმიერ მომენტში. კრემლში ამას უარყოფენ, თუმცა, 2021 წლის დეკემბრიდან აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს. მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს აღმოსავლეთით ნატოს გაფართოება და ალიანსში არ მიიღონ უკრაინა და საქართველო. 2022 წლის იანვარში, ნატომ და აშშ-მა რუსეთის ამ მოთხოვნას უარით უპასუხეს.

აშშ-ის და ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოს მიერ რუსეთთან დაწყებულ დიპლომატიურ დიალოგს რაიმე კონკრეტული შედეგი ჯერჯერობით არ მოჰყოლია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG