Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო აღმოსავლეთ ფლანგზე ახალი საბრძოლო ჯგუფების შექმნას აპირებს


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი

ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა გადაწყვიტეს, სამხედრო ყოფნა გაზარდონ ალიანსის იმ წევრ ქვეყნებში, რომლებიც უკრაინის მახლობლად მდებარეობს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა ოთხშაბათს ბრიუსელში.

„ეს შეიძლება მოიცავდეს ახალი საბრძოლო ჯგუფების შექმნას ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში“, - დასძინა მან.

ეს დამატებითი საბრძოლო ჯგუფები იქნება გარდა იმისა, რაც უკვე მოიპოვება ბალტიის ქვეყნებში.

„რუსეთმა აჩვენა, რომ მზადაა, ძალა გამოიყენოს სხვა ქვეყნების იძულებისთვის“, - თქვა სტოლტენბერგმა. „ახალი რეალობა ისაა, რომ, როგორც რუსეთმა აჩვენა, მას ნამდვილად სურს, კითხვის ქვეშ დააყენოს ჩვენი უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპები.“

გენერალური მდივნის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი რუსეთი უკან დაიხევს და ჯარებს გაიყვანს, უკანასკნელი მოვლენები იმის დასტურია, რომ ნატომ უნდა იფიქროს გრძელვადიან ცვლილებებზე ევროპაში თავისი ჯარების განაწილებაში.

დღეს ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარება იყო. მინისტერიალის შემდეგ გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც მინისტრები შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრირების გამო უკრაინის ტერიტორიაზე, მის გარშემო და ბელარუსში.

„მაქსიმალურად დაბეჯითებით მოვუწოდებთ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის გზა, დაუყოვნებლივ დააბრუნოს უკან ძალების თავმოყრა და მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.

მინისტრების თქმით, რუსეთის მოქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. „ამის შედეგად, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ალიანსის ყველა წევრის დაცვა, ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში განვალაგებთ დამატებით სახმელეთო ჯარებს, ასევე საზღვაო და საჰაერო რესურსებს.“

მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს ზომები პრევენციული და პროპორციული ხასიათისაა და მიმართულია იქითკენ, რომ არ მოხდეს ესკალაცია. მათი თქმით, ნატო მომავალშიც აპირებს გაზარდოს თავდაცვითი მზადყოფნა.

„ნატო ერთგული რჩება ფუნდამენტური პრინციპებისა, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროპის უსაფრთხოებას, მათ შორის იმას, რომ ყოველ ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს უსაფრთხოების მექანიზმები. ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - განაცხადეს მინისტერიალის მონაწილეებმა.

ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა გაიმეორეს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ამას სერიოზული შედეგი მოჰყვება რუსეთისთვის.

მათი თქმით, ევროატლანტიკური უსაფრთხოების თაობაზე რუსეთთან ურთიერთობას დიპლომატიისა და დიალოგის მეშვეობით განაგრძობენ და ამასვე მოუწოდებენ მოსკოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG