Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ უნდა დაისაჯოს კაცი, რომელმაც მძევლები სათამაშო იარაღით აიყვანა?


2020 წლის 20 ნოემბერი. ლევან ზურაბაშვილი ითხოვს, რომ ბანკებმა წლიური საპროცენტო განაკვეთი 7%-მდე დაწიონ.
"ჯიგარი ხარ!" - ეუბნება ერთი მძევალი, "7 პროცენტი ბევრია!" - ყვირის მეორე.
2020 წლის 20 ნოემბერი. ლევან ზურაბაშვილი ითხოვს, რომ ბანკებმა წლიური საპროცენტო განაკვეთი 7%-მდე დაწიონ. "ჯიგარი ხარ!" - ეუბნება ერთი მძევალი, "7 პროცენტი ბევრია!" - ყვირის მეორე.

2020 წლის 20 ნოემბერს, კაცი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სათამაშო იარაღით შევარდა და პოლიტიკურ-სოციალური მოთხოვნები წამოაყენა. 19 ადამიანი დარწმუნებული იყო, რომ მას ამ დროს ხელყუმბარა ეჭირა. სასამართლომ ლევან ზურაბაშვილს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

რა არის სამართლიანი სასჯელი კაცისთვის, რომელმაც მძევლები სათამაშო იარაღით აიყვანა და საკუთარი თავისთვის არაფერი მოუთხოვია?

„ის 20 ნოემბერი” ზურაბ გოტიაშვილს არასოდეს დაავიწყდება. საღამოს 4 საათი იქნებოდა, 65 წლის ტაქსის მძღოლმა „მიკრო ბიზნეს კაპიტალში” „შეირბინა”. დალომბარდებული მანქანის პროცენტი ჰქონდა გადასახდელი.

რიგში მის წინ კიდევ სამი ადამიანი იდგა, როდესაც შენიშნა, რომ შენობაში შავ ქურთუკში ჩაცმული, წვერიანი კაცი შევიდა, მას ხელში პისტოლეტი და ხელყუმბარა ეჭირა.

„შემოსვლისთანავე… ხმადაბლა, მშვიდი და მკაცრი ტონით, ყველა იქ მყოფს მოგვიწოდა შევგროვებულიყავით ოფისის ცენტრში, რაც… დაუყოვნებლივ შევასრულეთ. ამის შემდეგ, მან მოითხოვა, დაგვერეკა 112-ის სამსახურში, „მთავარ არხზე“ და „იმედზე“, ტელეფონის ნომრებს კი გვითითებდა, რომელიც ეწერა მარცხენა ხელის მაჯაზე…” - იტყვის მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი.

ზურაბიც თითქმის იმავეს გვიყვება: თავდამსხმელი „იარაღს ნერვიულად იქნევდა”, ჩვენ კი მის მოთხოვნებს უსიტყვოდ ვემორჩილებოდითო.

2021 წელს პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ პენსიონერებისთვის ბანკში სესხის საპროცენტო განაკვეთი მეტისმეტად მაღალია. აგვისტოში შეიქმნა საპარლამენტო კომისია, რომლის მიზანიცაა ზედა ზღვარი 36%-დან 26%-მდე შეამციროს.

მოთხოვნები და იარაღი

2020 წლის 20 ნოემბერს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალში” შეჭრილმა 31 წლის ლევან ზურაბაშვილმა 3 მოთხოვნა წამოაყენა:

  • აიკრძალოს აზარტული თამაშები;
  • ბანკებმა ყველა სახის სესხის წლიური განაკვეთი შეამცირონ 7%-მდე;
  • შემცირდეს წამლების ფასი და ფარმაცევტულ კომპანიებს აეკრძალოს 10%-ზე მაღალი წლიური მოგება.

ზურაბი ჰყვება, რომ თავდამსხმელი „არ იყო აგრესიული”, „ძალადობას არ ჩადიოდა”, მოკვლას არავის უპირებდა”.

როცა მძევლებმა უთხრეს, იარაღის „გავარდნის” გვეშინიაო, პისტოლეტი ჯიბეში ჩაიდო და ხელში მხოლოდ ხელყუმბარა დაიტოვა - ამბობდა ერთ-ერთი მოწმეც, რომლის ჩვენებაც IPN-მა მოიპოვა.

... შეჭრიდან ნახევარ საათში „პირადად მე მითხრა, გადი და პოლიციას უთხარი, რომ ჟურნალისტები შემოიყვანონო”, - იხსენებს ზურაბი იმ მომენტს როცა შენობიდან გამოვიდა.

პოლიციას ამ დროს უკვე გადაკეტილი აქვს ოფისთან მისასვლელი გზები და ჟურნალისტებს, რომლებიც პირდაპირ ეთერში აშუქებდნენ „მძევლების დახსნის” სპეცოპერაციას, შენობასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს.

ამ დროს ერთი თვეც არ არის გასული მას შემდეგ, რაც ავტომატით და ხელყუმბარით შეიარაღებულმა ბადრი ესებუამ ზუგდიდის ცენტრში, ბანკის შენობაში 43 მძევალი აიყვანა, პოლიციასთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ კი ნახევარი მილიონი დოლარი მიიღო და გაუჩინარდა. ესებუამ ბანკზე თავდასხმისას მძევლები და მათი ფეისბუკანგარიშები თავისი მოთხოვნების გასაჯაროებისთვის გამოიყენა.

ერთ-ერთი პირველი, რაც ლევან ზურაბაშვილმა გააკეთა - მძევალს თავისი მოთხოვნების ფეისბუკით გასტრიმვა დაავალა. ასეც მოხდა.

პოლიციასა და ზურაბაშვილის მოლაპარაკებები თითქმის 4 საათს გაგრძელდა. ამ ხნის მანძილზე მან 19 მძევლიდან 10 ნელ-ნელა გაათავისუფლა და ბოლოს პოლიციას ჩაბარდა. მხოლოდ შემდეგღა გაირკვა, რომ ლევან ზურაბაშვილს ხელში ხელყუმბარის ფორმის სანთებელა და აკუსტიკური პისტოლეტი ეჭირა, ე.წ. სტარტოვკა, რომელიც ტყვიებს არ ისვრის, და მხოლოდ სროლის ხმას გამოსცემს.

ბევრ “სტარტოვკას” თითქმის ვერ გაარჩევთ ნამდვილი იარაღისგან. მისი ყიდვა ინტერნეტში 125 ლარად შეიძლება. 2021 წლის 14 ივლისს პარლამენტმა გაამკაცრა ე.წ. სტარტოვკის შეძენის და გამოყენების წესი. ტარება დასჯადი გახდა.
ბევრ “სტარტოვკას” თითქმის ვერ გაარჩევთ ნამდვილი იარაღისგან. მისი ყიდვა ინტერნეტში 125 ლარად შეიძლება. 2021 წლის 14 ივლისს პარლამენტმა გაამკაცრა ე.წ. სტარტოვკის შეძენის და გამოყენების წესი. ტარება დასჯადი გახდა.

რა დააშავა?

თავად ზურაბაშვილი სასამართლო პროცესზე იტყვის, რომ თავისი საქციელით ხელისუფლების ყურადღების მიპყრობა სურდა და არასდროს უფიქრია ვინმესთვის ზიანის მიყენება.

„კაცს რომ ლიმონკა უკავია და გეუბნება, არ შეგეშინდესო, რთულია დაუჯერო”, - უპასუხა მას იმავე სასამართლოზე ერთ-ერთმა ყოფილმა მძევალმა. „ყველაფერში ვეთანხმებოდით იქ. იმიტო რო კაცს როდესაც ლიმონკა უკავია ხელში და რაღაცას გეუბნება, მე იქაც და ახლაც ვთვლი, რომ რასაც გეტყვის, ის უნდა გააკეთო”, - დაამატა მან.

პროცესის დაწყებისთანავე, 2021 წლის დასაწყისში ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ლევან ზურაბაშვილი ფსიქიკურად ჯანმრთელია. 30 ივლისს საქალაქო სასამართლომ „ორი ან მეტი პირის მძევლად ჩაგდებისთვის” მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მაგრამ 2022 წლის 17 იანვარს, სააპელაციო სასამართლომ ბრალი შეცვალა და „ორი ან მეტი პირისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის” გამო პატიმრობის ვადა 7 წლამდე შეუმცირა.

ორივე შემთხვევაში, მოსამართლემ კანონით გათვალისწინებული მინიმალური ვადა აირჩია.

მთავარი განსხვავება ამ ორ მუხლს შორის ისაა, რომ „მძევლების აყვანა” ნიშნავს მოთხოვნების წაყენებას მათი განთავისუფლების სანაცვლოდ, რა დროსაც „ადამიანები ხდებიან ინსტრუმენტები მიზნის მისაღწევად“, - განმარტავს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტი გურამ იმნაძე.

მისი აზრით, თავდამსხმელის მოთხოვნები იმდენად „ბუნდოვანი” იყო, რომ „მათი მყისიერად, მოკლე დროში შესრულება შეუძლებელი” იქნებოდა, ამიტომ სასამართლოს მუხლის შეცვლის ფორმალური მიზეზი ჰქონდა.

იურისტს მიაჩნია, რომ მართლმსაჯულებისთვის ამოსავალი წერტილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მყოფთა განცდები უნდა იყოს.

„ჩვენ თუ აქცენტს გავაკეთებთ [იარაღის] რეალურობაზე, შეიძლება საერთოდ იმ დასკვნამდე მივიდეთ, რომ დანაშაული არ მომხდარა”, - ამბობს იგი და განმარტავს, რომ სათამაშო იარაღი ამ შემთხვევაში, მუქარის და იძულების ბერკეტი იყო.

ლევან ზურაბაშვილის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ახლა ამზადებს სარჩელს უზენაეს სასამართლოში წარსადგენად. მას უნდა, რომ ბრალი კიდევ უფრო შემსუბუქდეს. მისი აზრით, ზურაბაშვილის დანაშაული არა სხვებისთვის თავისუფლების აღკვეთა, არამედ მათი იძულებაა. ადვოკატს ამ დანაშაულისთვის ერთ წლამდე პატიმრობა სრულიად სამართლიან სასჯელად მიაჩნია.

„რომელმა მძევალმაც სთხოვა, თუ შეიძლება გავალო, ყველას უთხრა რო გადით, რა პრობლემაა, ვისაც ჩემი მოსმენა არ სიამოვნებს, შეუძლია გავიდესო”, - ეუბნება იგი რადიო თავისუფლებას.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ მიკროსაფინანსოს შენობაში მძევლების უმეტესობა საკუთარი ნებით დარჩა. ერთმა კი ისიც თქვა, საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე ლაპარაკობდა და მინდოდა მომესმინა მაგ კაცისთვისო.

2021 წლის 12 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ წამლები უნდა გაიაფდეს.
„ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს, იმიტომ, რომ ჩვენს მოსახლეობას ძალიან აწუხებს. მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ ვართ ვალდებული, ამაზე მოვახდინოთ რეაგირება, თანაც დროული”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კონკურენციის სააგენტოს მიერ 2022 წლის იანვრის ანგარიშის თანახმად, აფთიაქებში წამლების ფასნამატი საშუალოდ 18-26%-ს შეადგენს. ზოგ შემთხვევაში კი 200 ან სულაც 1000%-ს უტოლდება. 17 იანვრიდან ხელისუფლებამ დაუშვა მედიკამენტების იმპორტი თურქეთიდან.

რა აწუხებდა?

„რა მოთხოვნებიც დააყენა, ის არის დღეს ყველა გაჭირვებული ადამიანის მოთხოვნა”, - უთხრა ჟურნალისტებს ლევან ზურაბაშვილის დედამ, ლამარა ტერელაძემ მალევე ამ ამბების შემდეგ.

შვილის დაკავებისთანავე 74 წლის ქალმა ისიც თქვა, რომ ოჯახს 5 სესხი ჰქონდა და ვერ ყიდულობდნენ წამლებს, დანაშაულამდე მისი შვილი სიღარიბემ და სასოწარკვეთამ მიიყვანა. ლევან ზურაბაშვილი დედასთან ერთად, 1-ოთახიან ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

„მაინც იმათ ხელში ვართ” და ამ მომენტში შვილის საქმეზე საჯაროდ საუბარი არ მსურსო, უთხრა რადიო თავისუფლებას ლამარა ტერელაძემ, რომელსაც იმედი აქვს, რომ უზენაესი სასამართლო კიდევ უფრო ლმობიერი იქნება, ვიდრე წინა ორი ინსტანცია.

20 თებერვალს პრეზიდენტის სასახლესთან აქტივისტები ზურაბიშვილის სოლიდარობის აქციას გეგმავენ.

ლევან ზურაბაშვილმა საკუთარი პერფორმანსით გამოხატა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გულისტკივილი და სათქმელი. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ლევანი მივატოვოთ და საქართველის პოლიტიკურ და ბიზნესელიტებში მოკალათებულ ფეოდალებს მისი 7 წლით ციხეში გამოკეტვის უფლება მივცეთ”, - წერენ აქციის ორგანიზატორები.

მათგან ერთ-ერთ, სანდრო ლომინაშვილი ამბობს, რომ ლევან ზურაბაშვილს არაფერი მოუთხოვია საკუთარი თავისთვის, უფრო კი პირიქით, თავი გაწირა, რომ საზოგადოებას და ხელისუფლებას დაენახათ, „რა ემართებათ საქართველოში ადამიანებს ბანკების, კაზინოების და აფთიაქების გამო”.

„ერთი მხრივ, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც შეეშინდათ… და ეს სტრესი იყო მათი ახლობლებისთვისაც. მაგრამ, მეორე მხრივ, ამ ამბის მხოლოდ ერთ სიბრტყეზე განხილვა, რომ ეს არის მხოლოდ დანაშაული, მე ვფიქრობ, რომ არასწორია”, - ამბობს სოციოლოგი ქეთი სართანია. იგი ბოლო 6 წელია, ქუჩაში გაკეთებული წარწერების ფოტოებს აგროვებს, მათ შორის, სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის შესახებ.

29 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება აპირებს, დაიცვას მოსახლეობა აზარტული თამაშებისგან. პირველი მარტიდან მილიონამდე მოქალაქე თამაშს ვეღარ შეძლებს, რეკლამა კი აიკრძალება.

***

ადვოკატისა და უფლებადამცველების რჩევების მიუხედავად, ლევან ზურაბაშვილმა უარი თქვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზეც. „მე ეს გამაკეთებინა ღმერთმა, მე ვმოქმედებ ხალხისთვის და ამიტომ, ღმერთი როგორც ინებებს, ესე იქნება”, - ასე ხსნის ადვოკატი მის უარს.

ლევან ზურაბაშვილი არ დათანხმდა საპროცესო გარიგებასაც. მას რომ დანაშაული ეღიარებინა, 2022 წლის ბოლოს ის უკვე თავისუფალი იქნებოდა.

რედაქტორი: ნინო ჯაფიაშვილი

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG