Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ აცხადებს, რომ რუსეთმა შესაძლოა ყალბი ამბები გამოიყენოს უკრაინაში შეჭრის საბაბად


აშშ ჯერჯერობით ვერ ხედავს სიტუაციის დეესკალაციისთვის რუსეთის მზადყოფნას. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა 16 თებერვალს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლო ხანს, უკრაინის საზღვართან არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა რუსი სამხედროების რაოდენობა, რუსეთის ოფიციალური პირები და მედია კი ავრცელებენ უამრავ ისეთ ამბავს, რომლებიც შესაძლოა, უკრაინაში შეჭრის საბაბად გამოიყენონ. მათ შორის, ნედ პრაისმა დაასახელა ცრუ განცხადებები დონბასში უკრაინის სამხედრო აქტივობის, ხმელეთზე, ზღვასა თუ ჰაერში აშშ-ის და ნატოს ქმედებების და რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის ან ნატოს შესაძლო შეჭრის შესახებაც კი.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განსაკუთრებით შემაშფოთებელი უწოდა პრეზიდენტ პუტინის და რუსეთის სხვა ოფიციალური პირების მუდმივ, უსაფუძვლო განცხადებებს დონბასში „გენოციდის“ თაობაზე. ნედ პრაისის თანახმად, რუსები ავრცელებენ სიცრუეს დონბასში უკრაინელი სამხედროების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების სამარხებზე, დასავლეთის მიერ დონბასში ე.წ. პარტიზანების და ტერორისტების გაგზავნაზე და უკრაინის თუ აშშ-ის მიერ ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღის შემუშავებაზე რუსეთის კონტროლირებულ ტერიტორიებზე გამოსაყენებლად.

პრაისის თქმით, მსგავსი ყალბი ამბები, რომლებსაც რუსეთი ამუშავებს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების საბაბად, პირდაპირ აღებულია რუსეთში არსებული გეგმიდან, რომელიც მან ადრეც გამოიყენა, მათ შორის, სამხედრო ძალით საქართველოში და უკრაინაში წინა შეჭრის დროს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთი საკუთარი კვალის დაფარვის მიზნით, იმედს ამყარებს გაურკვევლობების შექმნასა და დეზინფორმაციაზე, რისთვისაც ყველა მზად უნდა იყოს.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ ყველაფერს აკეთებს კრემლის მიერ უმიზეზოდ გამოწვეული კრიზისის მშვიდობიანად დაძლევისთვის, თუმცა, ეს ძალისხმევა ეფექტიანი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი პუტინი მზად იქნება დეესკალაციისთვის.

წვრთნების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების მასშტაბურ თავმოყრას, რომელიც გასული წლის გაზაფხულიდან დაიწყო და ასევე, ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ბოლოდროინდელ სამხედრო მანევრებს აშშ და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები მიიჩნევენ უკრაინაზე შესაძლო თავდასხმისთვის მზადებად. კრემლში ამას უარყოფენ, თუმცა, 2021 წლის დეკემბრიდან აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს. მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს აღმოსავლეთით ნატოს გაფართოება და ალიანსში არ მიიღონ უკრაინა და საქართველო. 2022 წლის იანვარში, ნატომ და აშშ-მა რუსეთის ამ მოთხოვნას უარით უპასუხეს.

15 და 16 თებერვალს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წვრთნების დასრულების შემდეგ, მათ შორის ყირიმში, მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნება დაიწყეს სამხრეთის და დასავლეთის სამხედრო ოლქების ქვედანაყოფებმა. უკრაინა, აშშ და ნატო უკრაინის საზღვრებთან რაიმე არსებით ცვლილებებს ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

XS
SM
MD
LG