Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსთა მინისტრი: ჩვენთან დასაქმებული სოციალურად დაუცველები შემდეგ კერძო სექტორში გადაინაცვლებენ


საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ ის სოციალურად დაუცველი ადამიანები, რომლებსაც სახელმწიფო დაასაქმებს, მოგვიანებით კერძო სექტორში გადაინაცვლებენ, რადგან, ცოდნის მიღების შემდეგ, დამსაქმებლისთვის სასურველი კადრები გახდებიან. მთავრობის ინიციატივაზე, რომლითაც სოციალურად დაუცველები სხვადასხვა უწყებაში 300-ლარიანი ანაზღაურებით დასაქმდებიან, ხუციშვილმა პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფარგლებში ისაუბრა.

"ეს არის საკმაოდ დიდი რაოდენობა მოსახლეობისა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის შექმნაში მიიღებს მონაწილეობას და, რაც მთავარია, ასეთი პირები, ბუნებრივია, გადაინაცვლებენ კერძო სექტორში, ვინაიდან ისინი უკვე, გარკვეულწილად, მომზადებული იქნებიან ამა თუ იმ კერძო სექტორში დასაქმებისთვის. ეს პრაქტიკა არ არის საქართველოს მოგონილი - ეს პრაქტიკულად ყველა ევროპულ ქვეყანაშია", - თქვა მინისტრმა.

მას ამ საკითხზე კითხვა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, მიხეილ დაუშვილმა დაუსვა.

"რეალურად, რა ხელფასმაც გაიჟღერა, ეგ სამუშაო ადგილების შექმნა კი არ არის, სოციალური დახმარებაა. 300-ლარიანი სამუშაო ადგილის შექმნა, რეალურად, სამუშაო ადგილი არ არის", - უთხრა მინისტრს დეპუტატმა.

პრემიერის ინფორმაციით, საქართველოში არსებული 600 ათასი სოციალურად დაუცველიდან 200 ათასი ადამიანი შრომისუნარიანია, თუმცა დასაქმებაზე უარს ამბობენ იმ მოტივით, რომ არ დაკარგონ სოციალური დახმარება. პრემიერმა თქვა, რომ ამ ადამიანებს 300-ლარიან სამსახურში დაასაქმებენ და ოთხი წლის განმავლობაში სოციალურ დაუცველის დახმარება არ შეუწყდებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG