Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააგენტოების ცნობით, რუსეთიდან აშშ-ის ელჩის მოადგილე გააძევეს


აშშ-ის ელჩის მოადგილე ბარტ გორმანი რუსეთიდან გააძევეს. ამის შესახებ რუსული სააგენტოები "რია ნოვოსტი" და "ინტერფაქსი" მოსკოვში ამერიკის დიპლომატიურ მისიაზე დაყრდნობით იუწყებიან. როგორც „ინტერფაქსი“ წერს, ამერიკული მხარე აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი უპასუხოდ არ დარჩება.

ამერიკის დიპლომატიური მისიის პრესმდივანმა ჯეისონ რებჰოლცმა განაცხადა, რომ ელჩის მოადგილეს მოქმედი ვიზა ჰქონდა და ის რუსეთში სამ წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. რებჰოლცმა ასევე დასძინა, რომ ბარტ გორმანი მოსკოვში საელჩოს მეორე უმნიშვნელოვანესი თანამდებობის პირი და დიპლომატიური მისიის უმაღლესი მენეჯმენტის მთავარი წევრი იყო.

Reuters-ის ინფორმაციით, მიზეზი, რის გამოც ბარტ გორმანი გააძევეს, ჯერჯერობით უცნობია. გადაწყვეტილება გამოცხადდა, ერთი მხრივ, რუსეთსა და, მეორე მხრივ, შეერთებულ შტატებსა და ნატოს შორის ურთიერთობების მკვეთრი გამწვავების ფონზე. დაძაბულობის მთავარ წყაროს წარმოადგენს უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარება. დასავლეთის არაერთი ქვეყანა მიუთითებს, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან მნიშვნელოვანი სამხედრო დაჯგუფების კონცენტრირება მოახდინა და შესაძლოა ამ ქვეყანაში შეჭრას ამზადებდეს. მოსკოვი უარყოფს ასეთ გეგმებს.

აშშ-ის ელჩი ჯონ სალივანი ხუთშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეწვია. საინფორმაციო სააგენტოები სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ რუსეთმა ელჩის ხელით შეერთებულ შტატებს მათი უსაფრთხოების წინადადებებზე პასუხი გადასცა.

XS
SM
MD
LG