Accessibility links

site logo site logo

ექსპლუატაციის ეთნიკური ხაზები და იერარქიები: გლოვო, ნიკორა, სპარი და სხვა


საქართველოში მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმსაც კი არ უტოლდება და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, ყველაზე დაბალია. ეს რეალობა კომპანიებსა და კორპორაციებს აძლევს შესაძლებლობას, მშრომელთა უფლებების უგულებელყოფით, მაქსიმალური მოგება ნახონ. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მშრომელთა გარკვეული ჯგუფი, თვითორგანიზებით, შეეცდება საკუთარი აუტანელი ყოფის შეცვლას, კერძო ბიზნესი მზადაა, რომ მოძებნოს გზა უფრო ღარიბი, სუსტი და მოწყვლადი ჯგუფის ექსპლუატაციისთვის, რათა საფრთხე არ შეექმნას მათ მოგებას.


როცა სისტემაში ყველაზე ჩაგრული ხალხის მხარდამჭერი მექანიზმები არ არსებობს, უბრალოდ დროის ამბავია, რომ დიდმა კომპანიებმა და კორპორაციებმა ყველაზე ხმაწართმეულის და გარიყულის ყვლეფა დაიწყონ, ისეთი ნეოლიბერალური ტერმინების დახმარებით, როგორიცაა დასაქმებულთა შორის კონკურენციის გაძლიერება, სტუდენტური დასაქმება და/ან მრავალფეროვნების ხელშეწყობა.


2021 წელს, გლოვოს კურიერები გაიფიცნენ. გლოვოს ამბავს აქ ზოგადი ვითარების აღსაწერად მოვიხმობთ. მაშინ, წლის დასაწყისში, ცნობილი გახდა, რომ ისინი არაადამიანურ პირობებში, მიზერულ ანაზღაურებაზე მუშაობდნენ. გაფიცულები ითხოვდნენ ბონუსების სისტემის შეცვლას, ანაზღაურების ტარიფის გაზრდას და შეკვეთის ლოდინის დროის შემცირებას. გაფიცვების შედეგად, აქციაზე გლოვოს ხელმძღვანელიც კი მივიდა და გაფიცულთაგან გადაწყვეტილების მისაღებად დამატებითი დრო მოითხოვა. ამის შემდეგ კომპანია მედიის ყურადღების ცენტრში ერთხელ კიდევ მაშინ მოექცა, როდესაც ერთდროულად 50 თანამშრომელი დაითხოვა.


ახლა კი, მეჩვენება, რომ კომპანიებმა, ვისი დაქირავებულებიც შრომის ღირსეული პირობების მოთხოვნით ხშირად იფიცებიან, მაქსიმალური ეკონომიკური სარგებლის შენარჩუნებისა და დაქირავებულთა შრომის არაკეთილსინდისიერად გამოყენების მოკლე გზას მიაგნეს.


იმ დღეს მირეკავს ერთ-ერთი ჩემი მეგობარი (რომელიც არ არის გლოვოს თანამშრომელი, უბრალოდ, ძალიან კარგი ადამიანია და დახმარება სურს) და სიხარულით მეუბნება, რომ გლოვოს ხელმძღვანელობა ეძებს ეთნიკურად აზერბაიჯანელ კურიერებს თბილისში სამუშაოდ. მეტიც, შეიძლება მათ ქართული ენაც არ იცოდნენ, საკმარისია კურიერად მუშაობის სურვილი ჰქონდეთ.


რა თქმა უნდა, ჩვენს რეალობაში, როცა დასაქმებისა და სიღარიბის პრობლემა აუტანელია ყველასთვის, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა, ასეთი შემოთავაზება მაცდურია. ეთნიკური უმცირესობების იმ სტუდენტებისთვის კი, რომლებიც ქართული ენის მოსამზადებელ კურსებზე 2250 ლარს იხდიან და, სწავლის საფასურთან ერთად, საცხოვრისის ქირის გადახდაც უწევთ, თვეში 300-500 ლარი მნიშვნელოვანი შვებაა. თუმცა, უფრო დიდ სურათს თუ შევხედავთ, ჩემთვის იკვეთება, რომ ამ ხალხის დასაქმებით კომპანია ფიქრობს, რომ ჩაანაცვლებს და დაასუსტებს იმ კურიერებს, რომლებიც ორგანიზებულად ცდილობენ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვას. ნათელია, რომ კომპანია კი არ ცვლის თავის ექსპლუატატორულ მიდგომას, არამედ ეძებს ისეთ დაქირავებულებს, რომლებმაც არ იციან სახელმწიფო ენა, არ აქვთ ინფორმაცია შრომითი უფლებებების შესახებ, ვერ ორგანიზდებიან, არასდროს გაიფიცებიან მის წინააღმდეგ და არ გააპროტესტებენ მყვლეფავ სისტემას, რომელიც მათ შრომაზე მილიონებს იშოვის.


უნდა ვთქვა, რომ ამ კუთხით არც კი მქონდა ნაფიქრი და ამ ზარმა გამომაფხიზლა, რომ კიდევ ერთი კომპანია, ნიკორა, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაგვიკავშირდა - აზერბაიჯანელი ახალგაზრდების დასაქმება უნდოდა, დიდი ალბათობით, იმავე სტრატეგიას ადგა. მეტიც, სუპერმარკეტების ქსელი სპარი, უკვე წლებია, (აზერბაიჯანელი) ახალგაზრდების იაფ შრომაზე დგას და საკუთარ შემოსავლებს ზრდის.


ამ ყველაფერმა გამახსენა ამერიკელი აქტივისტის, სეზარ ჩავესის მუშაობა, როცა მან ორგანიზება გაუკეთა კალიფორნიის სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ლათინოამერიკელებს, ხოლო კორპორაციებმა, თავიანთი კავშირების გამოყენებით, მექსიკიდან არადოკუმენტირებული იმიგრანტები გადმოიყვანეს და უფრო დაბალი ხელფასის სანაცვლოდ დაასაქმეს, რითაც ჩავესის მოძრაობა და მშრომელთა მდგომარეობა დააზიანეს. ამ გადაწყვეტილებამ ამერიკელ მშრომელებს შორის არადოკუმენტირებული იმიგრანტების წინააღმდეგ ქსენეფობიური და რასისტული დამოკიდებულებებიც გააძლიერა. ეს ისტორია მაფიქრებინებს, რომ ასეთი კორპორაციები ჩვენზე, პროგრესულ/ლიბერალ/მემარცხენე ჯგუფებზე უკეთ კითხულობენ და სწავლობენ ისტორიას და აგრძელებენ ყვლეფას.


ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვწერ ამ წერილს, რათა, ერთი მხრივ, ჩემს პროგრესულ მეგობრებს და საზოგადოებას დავანახო, რომ არადომინანტური ეთნიკური ჯგუფები ორმაგი ჩაგვრის სამიზნე სულ უფრო ხშირად ხდებიან ამ ქვეყანაში, და თუ ჩვენ არ დავიწყეთ მათი გაფრთხილება, ეს ვითარება ვერ გამოსწორდება. ამიტომაც, მინდა იცოდნენ ჩვენმა აზერბაიჯანელმა, სომეხმა, იეზიდმა, ქართველმა თუ სხვა თანამოქალაქეებმა, რომ სადაც უნდა იყვნენ დასაქმებულნი, იფიქრონ ორგანიზებაზე, საკუთარი უფლებების დაცვაზე და არასდროს გახდნენ იარაღი კომპანიებისა და კორპორაციების ხელში, მშრომელთა თვითორგანიზებული გუნდის დასაშლელად, რომელიც ყველა დასაქმებულის სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად იბრძვის.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG