Accessibility links

site logo site logo

ჩუმი და ცნობისმოყვარე - ტიკტოკმა იცის, რა გინდათ და არ ამხელს, ვის უზიარებს ამ ცოდნას


ახალი კვლევის თანახმად, ტიკტოკი და იუტუბი სოციალურ ქსელებს შორის ყველაზე „ცნობისმოყვარეები” არიან. იუტუბი თქვენს მონაცემებს ძირითადად გუგლს უზიარებს, რათა შემდეგ რეკლამა უკეთ „დაგიმიზნოთ”. მაგრამ უცნობია, რას უშვრება მათ ტიკტოკი, რომელსაც ჩინური მედიაგიგანტი ByteDance-ი ფლობს.

რეკლამები, რომელსაც ინტერნეტში ხედავთ, ხშირად „აგნებენ” იმას, რასაც სხვებისგან მალავთ. შეიძლება არავის უყვებოდეთ, რომ ცუდი მხედველობა გაქვთ, მაგრამ დიდი შანსია, ერთ დღესაც შეგხვდეთ რეკლამა, ანდაც ვიდეო, რომელიც სათვალეს ან ლინზებს შემოგთავაზებთ. ადრე რეკლამის „დამიზნებაში” საუკეთესოები ფეისბუკი და გუგლი იყვნენ. მაგრამ ბოლო ორი წელია მათ პირველობაში ტიკტოკი ეცილება.

როგორ იგებენ თქვენს საიდუმლოებს ტექნოგიგანტები, რომლებიც დედამიწაზე უმსხვილეს საიტებს და სოციალურ ქსელებს ფლობენ?

თვალთვალის ხელსაწყოები

ვთქვათ, ბრაუზერით შედიხართ რომელიმე ონლაინმაღაზიის ვებგვერდზე. ის მაშინვე ქმნის თქვენს პერსონალურ ქუქი ფაილებს. შემდეგ ჯერზე, როცა „მაღაზიაში” შეხვალთ, ის თქვენს ქუქებს „წაიკითხავს” და „მიხვდება”, რომ ეს თქვენ ხართ.

ქუქებში „იწერება” თქვენი პირადი ინფორმაცია. მაგალითად, ანგარიშის სახელი და პაროლი. მაგრამ ქუქებში ისიც „წერია”, რას ათვალიერებდით ან ეძებდით საიტზე… მაღაზიის მფლობელს შეუძლია, თქვენი ქუქი გადასცეს გუგლს ან ფეისბუკს. როდესაც ისინი წაიკითხავენ, რომ სათვალეთი დაინტერესდით, თავადაც შემოგთავაზებენ სათვალის რეკლამას.

იმავე ინფორმაციას თქვენზე აგროვებენ მობილური აპლიკაციებიც, ე.წ. ტრეკერების მეშვეობით. ტრეკერები აპლიკაციებში თქვენს ქცევას აკვირდებიან და ქმნიან თქვენს ციფრულ პროფილს.

მოკლედ, ყველაფერი, რასაც თქვენს აპლიკაციებში გააკეთებთ, შეიძლება გამოიყენონ იმის გასაგებად, ვინ ხართ, რა გაინტერესებთ, და (რაც მთავარია) რაში დახარჯავდით ფულს.

ყველაზე ცნობისმოყვარეები

მარკეტინგული კომპანია URL Genius-ის კვლევამ 200 სატელეფონო აპლიკაცია შეისწავლა - ჟურნალების, ახალი ამბების, სოციალური ქსელების, ამინდის, ონლაინმაღაზიების და სხვა.

მკვლევრები აპლიკაციებს იწერდნენ და თითოჯერ ხსნიდნენ, ისე, რომ შიგნით არ რეგისტრირდებოდნენ. ამ გზით იგებდნენ, რამდენ დომეინს გადაეცემა მონაცემები აპლიკაციის გახსნისთანავე.

ყველაზე მეტი ტრეკერი ჟურნალების აპლიკაციებიში აღმოჩნდა. საშუალოდ 28. ყველაზე ცოტა კი, სოციალური ქსელებისაში - 6. ამ უკანასკნელებს შორის, განსაკუთრებით „ცნობისმოყვარეები” არიან კორპორაცია გუგლის პლატფორმა იუტუბი და ჩინური ByteDance-ის ტიკტოკი.

კვლევის თანახმად, ორივე აპლიკაციაში მონაცემებს 14 სხვადასხვა წყარო აგროვებს. ისინი აკვირდებიან, რას აკლიკავთ, რა მოგწონთ, რას უყურებთ, და სად ხართ, როცა ამ ყველაფერს აკეთებთ.

მაგრამ მათ შორის განსხვავება ისაა, რომ იუტუბის 14 ტრეკერიდან 10 საკუთარია. ანუ ეს ტრეკერები გუგლის ალგორითმებს ეხმარება, რეკლამა უკეთ „მოგარგოთ”.

ტიკტოკზე კი მხოლოდ ერთი ტრეკერია შიდა. დანარჩენი 13 გარეა და მათი გაშიფვრა შეუძლებელია. ანუ უცნობია, ვინ არიან, რა ინფორმაციას აგროვებენ და შემდეგ მას რისთვის იყენებენ. კვლევაში წერია, რომ მას მერე, რაც აპლიკაციიდან გამოდიხართ, ტრეკერები თქვენს აქტივობას აკვირდებიან სხვა საიტებზეც.

რატომ არის ეს პრობლემა?

ბევრი მკვლევარი ფიქრობს, რომ ტიკტოკი აკეთებს იმავეს, რასაც ფეისბუკი, ინსტაგრამი, იუტუბი და სხვა სოციალური ქსელები. ოღონდ უფრო ზუსტად.

ტიკტოკზე სულ რომ არ დარეგისტრირდეთ, საიტზე, აპლიკაციაში შესვლისთანავე, ალგორითმი მაშინვე იწყებს თქვენი მონაცემების შეგროვებას.

რა მოწყობილობას იყენებთ, სად ხართ, რა IP მისამართზე, რას ეძებდით, რას წერდით. ამ ყველაფერზე დაყრდნობით, ტიკტოკის ალგორითმს შეუძლია „გამოიცნოს” თქვენი მიახლოებითი ასაკი, გენდერი და ინტერესები. ყველაფერი, რასაც აპლიკაციაში გააკეთებთ, ან არ გააკეთებთ, დაეხმარება თქვენთვის ვიდეოების უკეთ „დამიზნებაში”.

ეს მონაცემები ძალიან „ძვირფასია” ტიკტოკისთვის და მასზე რეკლამის განმათავსებლებისთვის, - უთხრა Wired-ს ციფრული უსაფრთხოების ექსპერტმა, მორგან რაითმა.

„ვიღაცა თუ ვიდეოს ბოლომდე უყურებს და შემდეგ დაალაიქებს, ტიკტოკი რეკლამებს ამაზე დაყრდნობით შესთავაზებს. მსგავსი სიზუსტით ადამიანის განწყობის დაჭერა სხვა პლატფორმებზე უფრო რთულია”, - თქვა მან.

The Wall Street Journal-ის გამოძიების თანახმად, ზოგჯერ ტიკტოკის ალგორითმს მომხმარებლის „გასაშიფრად” რამდენიმე საათიც ჰყოფნის. ალგორითმი ყველაფერს გააკეთებს თქვენ ჩასათრევად, და თუკი დეპრესია გაქვთ, შეიძლება ბოლოს თქვენთვის საზიანო კონტენტამდეც მიგიყვანოთ.

ამ ფონზე დიდი ხანია არსებობს ეჭვები იმის თაობაზე, რომ ტიკტოკი მონაცემებს გადასცემს ჩინეთის ხელისუფლებას, თუმცა ამ ეჭვების დამტკიცება ვერ მოხერხდა. ოფიციალურად, კომუნისტური პარტია ByteDance-ის აქციების მხოლოდ 1%-ს ფლობს.

სამაგიეროდ, Washington Post-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ პლატფორმა შესაძლოა მუშაობდეს ჩინეთის ხელისუფლების ინტერესების სასარგებლოდ. 2019 წელს, ჰონკონგში საპროტესტო აქციების დროს, #hongkong ჰეშტეგი რომ დაგეძებნათ, შედეგები ყველაზე ყურებად ვიდეოებს არ გაჩვენებდათ.

ტიკტოკი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი სოციალური ქსელია. 2021 წლის ბოლო თვეებში მან გუგლს გადაუსწრო და მსოფლიოში ყველაზე მონახულებადი ინტერნეტსაიტი გახდა. ტიკტოკის აპლიკაცია კი, ჯამში, 2 000 000 000-ზე მეტჯერაა გადმოწერილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG