Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირთვული წვრთნა - კაზუს ბელი, თუ განმუხტვის დასაწყისი?


უკრაინის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციით გამოწვეული საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე, შაბათს, 19 თებერვალს რუსეთში გაიმართება ბირთვული წვრთნები, რომელსაც რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები, ალიაქსანდრ ლუკაშენკა და ვლადიმირ პუტინი დაესწრებიან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბირთვული წვრთნის დროს გაუშვებენ ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებს.

რუსეთის ასეთი სახიფათო აქტიურობის ფონზე, დასავლეთი განაგრძობს ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერებას.

18 თებერვალს პოლონეთში მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ მალე ვარშავა ვაშინგტონისგან 250 ერთეულ საბრძოლო ტანკ - M1A2 Abrams-ს შეიძენს.

სტრატეგიული წვრთნა და მორიგი ესკალაცია აღმოსავლეთ უკრაინაში

18 თებერვლის ბირთვული წვრთნით, რუსეთი ფაქტობრივად ასრულებს ყველა სახეობის სამხედრო ძალის საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებას, რაც ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, ეს იქნება ერთგვარი შემაჯამებელი წვრთნა და მასში ჩაებმება ყველა ის სახეობა, რომლებიც უკვე იმყოფებიან საველე პირობებში.

„წვრთნაში მონაწილეობას მიიღებენ სამხედრო-კოსმოსური ძალების დანაყოფები და საშუალებები, სამხრეთის სამხედრო ოლქი, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარები, ჩრდილოეთისა და შავი ზღვის ფლოტები“, - ნათქვამია რუსეთის სამხედრო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სტრატეგიული ხასიათის წვრთნის ჩატარება იმ ფონზე, როდესაც უკრაინის გარშემო რუსეთს მძლავრი სამხედრო სარტყელი აქვს შემოვლებული, კოლექტიურ დასავლეთში კიდევ უფრო ზრდის უკრაინაში შესაძლო ინტერვენციით გამოწვეულ შიშს.

„მიუხედავად რუსეთის განცხადებისა, რომ უკან, ბაზებზე აბრუნებს თავის სამხედრო ძალებს, ჩვენ ეს ჯერ არ გვინახავს. სინამდვილეში ვხედავთ, რომ მეტი სამხედრო ძალა შედის ამ რეგიონში, ამ სასაზღვრო რეგიონში, ვხედავთ მათ მანევრებს, მათ სამზადისს ისეთი ელემენტებით, რომელსაც სამხედროები ჩვენი მოლოდინით მიმართავენ იმ დროს, როდესაც ისინი შეტევისთვის ემზადებიან. ეს მოიცავს კონკრეტულ მოქმედებებს საზღვრის უშუალო სიახლოვეს, ძალების თავშეყრას და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გაძლიერებას. ამიტომ, ისევ და ისევ, ყველა მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ ის, პუტინი, ინარჩუნებს შესაძლებლობას, რომ შეტევა ნებისმიერ დროს დაიწყოს“, - განაცხადა ვარშავაში მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა.

წინა დღით აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩამოთვალა რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციები, რომლებიც მოსკოვის მხრიდან შესაძლოა გამოყენებულ იქნეს, როგორც სამხედრო თავდასხმის დაწყების მიზეზი, კერძოდ, რუსეთში ტერაქტის ორგანიზება.

„ეს შეიძლება იყოს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ჩადენილი ძალადობის აქტი ან უკრაინის ხელისუფლების მიმართ რაიმე აღმაშფოთებელი შორსგამიზნული ბრალდება. ზუსტად არ ვიცით ამ პროვოკაციის ფორმა. ეს შეიძლება იყოს ხელოვნურად ორგანიზებული ტერაქტი ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებით სადღაც რუსეთში, ან მათ შეუძლიათ ადამიანების მასობრივი სამარხის აღმოჩენა, შესაძლოა ეს იყოს უპილოტო თვითმფრინავის დადგმული შეტევა მშვიდობიან მოსახლეობაზე ან თუნდაც ნამდვილი თავდასხმა ქიმიური იარაღის გამოყენებით. რუსეთი ამ პროვოკაციებს, ალბათ, (უკრაინის მიერ მოწყობილ - რედ.) "ეთნიკურ წმენდას" ან "გენოციდს" დაარქმევს“, - განაცხადა გაეროში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

ერთ-ერთ სცენარს ძალიან წააგავს 17-18 თებერვალს აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მასშტაბური და საშიში დარღვევა, რაც აძლიერებს იქ დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვას.

სამი ადამიანი დაშავდა 17 თებერვლის დილით სტანიცა ლუგანსკას ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის დაბომბვის შედეგად. უკრაინის სამხედრო სარდლობის ცნობით, პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაბომბვა მძიმე იარაღიდან დილის საათებში მოხდა, როდესაც საბავშვო ბაღში 20 ბავშვი და 18 თანამშრომელი იმყოფებოდნენ.

„ოკუპანტების თავდასხმის შედეგად საბავშვო ბაღის სამი თანამშრომელი დაშავდა - ორმა ქალმა და ერთმა მამაკაცმა კონტუზია მიიღეს. საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, საბედნიეროდ, არ დაშავებულან. ინციდენტის შემდეგ შენობაში მყოფი 20 ბავშვისა და 18 თანამშრომლის ევაკუაცია განხორციელდა“, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ჯარების დაჯგუფება „ჩრდილოეთის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ ფონზე, მოგვიანებით, უკრაინის დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე მდებარე თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ დე ფაქტო ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია რუსეთში, რადგან ვითომ მოსალოდნელია უკრაინის არმის მხრიდან თავდასხმა.

18 თებერვალს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა მოუწოდა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას, არ დაუჯერონ რუსეთის პროპაგანდისტულ განცხადებებს „უკრაინის თავდასხმის შესახებ“.

აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში ვითარება უკიდურესად დაძაბული რჩება.

ეუთოს თანახმად, ბოლო 24 საათში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 600-ჯერ დაირღვა.

ფელგენგაუერის დამამშვიდებელი და საშიში პროგნოზი

მომდევნო რამდენიმე დღესა თუ კვირაში რუსეთის მხრიდან უკრაინაში ინტერვენციას არ მოელის ცნობილი რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი, რომელმაც თავის დროზე რუსეთ-საქართველოს ომის დაწყება თითქმის ზუსტად იწინასწარმეტყველა.

რუსი ექსპერტის აზრით, რუსეთი იძულებული იქნება, რომ უახლოეს დღეებში დაიწყოს დეესკალაცია, რომელიც რამდენიმე თვეს გასტანს. შემდეგ კი ყველაფერი ნაცნობი სცენარით და ახალი ძალით განახლდება, ვიდრე რუსეთი საბოლოოდ არ მიაღწევს მიზანს, რომელიც მხოლოდ უკრაინასა და საქართველოზე კონტროლის დაწესებაზე უფრო მეტია.

„აქ ვითარება კიდევ უფრო სერიოზულადაა, რადგან საქმე შეეხება შესაძლო დიდ ომს აშშ-სა და რუსეთს შორის, ბირთვულ ომს, რომლის მსგავსი საფრთხე 2008 წელს იოტისოდენადაც არ დამდგარა. მაშინ ჩვენებს ვაზიანის სამხედრო აეროდრომიც კი, რამდენადაც მახსოვს, არ დაუბომბავთ, სადაც ამერიკული თვითმფრინავები ეშვებოდნენ. ახლა კი უკრაინა მხოლოდ ნაწილია რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარე მწვავე დაპირისპირებისა. რუსეთი კოლექტიური დასავლეთისგან მოითხოვს თავისი ძირითადი უსაფრთხოების გარანტიების შესრულებას. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თუ ჩვენ მაქსიმალური დიპლომატიური, სამხედრო და პოლიტიკური ზეწოლის გზით შევძლებთ დასავლეთის შეშინებას და ვაიძულებთ მას გამოავლინოს სისუსტე, მაშინ უკრაინას მივიღებთ როგორც ბონუსს. ის არსად არ გაიქცევა და ჩვენი გახდება. ისევე, როგორც, სხვათა შორის, საქართველოც. და ამისთვის ომიც კი არ დაგვჭირდება. ასე რომ, საუბარი უფრო სერიოზულ თემებზე მიდის, რუსეთი ითხოვს ევროპაში უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას. და ითხოვს ამას იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ბირთვული იარაღი უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე ერთად აღებულ ყველა ბირთვულ სახელმწიფოს. საქმე ისაა, რომ ამერიკელები ცალმხრივად განიარაღდნენ და ობამას დროს პრაქტიკულად მთელი არასტრატეგიული, ტაქტიკური ბირთვული იარაღის ლიკვიდაცია მოახდინეს. ჩვენ კი მხოლოდ ვზრდიდით ამ შეიარაღებას. ანუ ჩვენ მათ ვემუქრებით ჰიპერზებგერითი რაკეტებით, ე.წ. ცირკონებით, რომლებიც, ჩვენში რომ ვთქვათ, ჯერ არ გვაქვს შეიარაღებაში, სწორედ ამიტომ, ახლა აზრი აქვს იმას, რომ რუსეთმა უკან დაიხიოს. მომდევნო 7 თვეში რაღაც საშუალება კიდევ გაგვიჩნდება და მერე ამ დასავლელებს მივასრესთო, - მოსკოვში ფიქრობენ“, - უთხრა პაველ ფენგენგაუერმა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს.

მაგრამ რუსეთის მიერ ულტიმატუმის სახით მოთხოვნილ ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებზე კოლექტიური დასავლეთისგან კრემლმა უკვე მიიღო მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი პასუხი.

კრემლის მოთხოვნის პასუხად, რომ ნატომ შეწყვიტოს გაფართოება და უარი თქვას ნებისმიერ სამხედრო მოქმედებაზე აღმოსავლეთ ევროპაში (მათ შორის, უკრაინაში), ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ბრიუსელმა მოსკოვს მოუწოდა, „გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან“.

გარდა ამისა, დასავლეთი არც მოსკოვის მორიგი მოთხოვნის დაკმაყოფილებას - აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპიდან 1997 წლიდან, ანუ ნატოს გაფართოების ყოველი ახალი ტალღის დროს განლაგებული სამხედრო ინფრასტრუქტურის უკან გატანას - აპირებს.

პირიქით, რუსეთის მხრიდან უკრაინის გარშემო დაწყებული სამხედრო ძალების კონცენტრაციის ფონზე, აშშ-მა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა ხელი მიჰყვეს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის კიდევ უფრო გაძლიერებას.

18 თებერვალს პოლონეთში მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა, გამოაცხადა ახალი ინიციატივა, რომელიც რუსეთიდან მომდინარე საფრთხის პირობებში, პოლონეთის თავდაცვის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

„პოლონეთის მიერ 2021 წლის ივლისში გაკეთებული ოფიციალური განაცხადის პასუხად, სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა და მე კონგრესს ვაცნობეთ ჩვენი განზრახვის შესახებ, რომ შევთავაზოთ პოლონეთს შესაძლებლობა, შეიძინოს 250 ერთეული ჩვენი ძირითადი საბრძოლო ტანკი M1A2 Abrams-ი“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა, რომლის თქმით, ამჟამად პოლონეთთან ერთად განიხილება „აბრამსების“ მიწოდების კონკრეტული თარიღის განსაზღვრა.

აშშ-ის ეს ინიციატივა ერთ-ერთია მოკავშირეების მხრიდან ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად გადადგმულ ნაბიჯებს შორის.

18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი ესტონეთში სამხედრო კონტინგენტის პირადი შემადგენლობის 900-დან 1800 სამხედრო მოსამსახურემდე გაზრდას და იარაღის გაგზავნას აპირებს და ასევე მზად არის ნატოს სხვა მოკავშირეებისთვის სამხედრო მხარდაჭერის აღმოსაჩენად.

მიმდინარე უკრაინული კრიზისის ფონზე, ლიეტუვაში 130 გერმანელი სამხედრო მოსამსახურე და 60 ავტომობილი ჩავიდა. ლიეტუვაში ნატოს დაჯგუფების გაძლიერების ოპერაცია კვირის ბოლომდე გაგრძელდება. საერთო ჯამში, ქვეყანაში 350-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 100 მანქანა გაიგზავნება, - განაცხადა გაძლიერებული სამხედრო ყოფნის საბრძოლო ჯგუფის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დანიელ ანდრემ.

  • 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ნატომ აღმოსავლეთ ფლანგზე არსებითად გაზარდა თავისი თავდაცვისუნარიანობა. 8 წლის განმავლობაში ალიანსმა ოთხი მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფი დააარსა ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში.
  • ნატომ გააფართოვა საჰაერო პატრულირების შესაძლებლობები ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რათა სამხედრო ალიანსმა შეაჩეროს რუსული თვითმფრინავები, რომლებიც ხშირად არღვევენ ნატოს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეს.
  • ნიდერლანდი ბულგარეთში გზავნის ორ F 35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს. პარალელურად, რეგიონში გზავნის სამხედრო გემსაც, რათა ხელი შეუწყოს ნატოს საჰაერო საჭიროებებს რეგიონში.
  • ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაში აქტიურად არის ჩართული ესპანეთიც. მადრიდმა უკვე გაგზავნა ბულგარეთში სამხედრო გემი და 4 ერთეული მრავალფუნქციური გამანადგურებელი (Eurofighter), რომლებმაც უკვე შეასრულეს პირველი სამხედრო ამოცანა ბულგარეთის თავზე, როდესაც უკუაქციეს ნატოს საჰაერო სივრცეში შეჭრილი დაუპატიჟებელი სტუმრები.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG