Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები


პოლიციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 6 წევრი დააკავა ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონთან“, სადაც ისინი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ცდილობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონთან” გამართულ აქციაზე სამართალდამცავებმა ექვსი ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს. ისინი პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებით, მათი თანაგუნდელები გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძის საქმესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეკითხვებით მივიდნენ, თუმცა სამართალდამცავებმა შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, კობახიძისთვის შეკითხვების დასმის საშუალება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ „ ქართული ოცნების“ ხელისუფლება „მოძალადე და მკვლელია“.

„ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი, ვინც ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებს. საქმე თაროზეა შემოდებული. მალე დადგება დრო, როცა ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და დამნაშავეები დაისჯებიან, მათ შორის ირაკლი კობახიძე აგებს პასუხს“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ.

პასუხად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებს სპეკულაცია უწოდა და განაცხადა, რომ ეს მიუღებელია.

რაც შეეხება ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ მისი შეხვედრის პარალელურად გამართულ აქციას, კობახიძე ამბობს, რომ პროტესტის გამოხატვა ყველას შეუძლია.

„საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და თუ ვინმეს პროტესტის გამოხატვა სურს, შეუძლია გამოხატოს. რაც შეეხება სპეკულაციებს, რომელიც გვესმის ამ მძიმე თემასთან დაკავშირებით კონკრეტული პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, მიუღებელია. ასე არ უნდა ხდებოდეს, როდესაც საქმე ეხება ღირსეულ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ მათ ღირსებასთან პრობლემა აქვთ. რაც გამოსაძიებელია, ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული, მაგრამ სპეკულაციები მიუღებელია, მით უმეტეს, ასეთ მძიმე თემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.

2021 წლის 24 ნოემბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც, პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, ადასტურებს „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ ზეწოლას „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარული სისტემით არჩეულ ნუგზარ ფუტკარაძეზე.

57 წლის ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG