Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

 “ვისთან შეიძლება დავგეგმო ბავშვის სქესი?” - რატომ არ ღირს ამ კითხვის დასმა 


შესაძლოა ფეისბუკზე შექმნილ რომელიმე თემატურ ჯგუფში თქვენც შეგხვედრიათ ასეთი კითხვა - ხომ ვერ დამეხმარებით, ვისთან შეიძლება დავგეგმო ბავშვის სქესი?

როგორც წესი, ამ კითხვას მოჰყვება ხოლმე კომენტარების ნაკადი და კამათი იმაზე, არსებობს თუ არა მეთოდი, რომლის დახმარებითაც მშობლებს შვილის სქესის წინასწარ დაგეგმვა შეუძლიათ.

სქესის დაგეგმვის გაგონილ მეთოდებს დედები ერთმანეთს ძირითადად ისევ სოციალური ქსელებით უზიარებენ. მაგალითად, კალენდარს, რომელშიც დედის ასაკი (18-დან 45 წლამდე) ვერტიკალურადაა ჩამოწერილი, წელიწადის 12 თვე კი ჰორიზონტალურად.

ამ კალენდრით, მაგალითად, თუ დედა 26 წლისაა და მშობლებმა ბავშვი იანვარში ჩასახეს, ბიჭი ეყოლებათ, 21 წლის ასაკში ნებისმიერ თვეს (იანვრის გარდა) ჩასახული ბავშვი კი ცხრილის მიხედვით გოგო იქნება. წლების და თვეების გადაკვეთაზე უჯრედების ნაწილი ლურჯადა გაფერადებული, ნაწილი კი ვარდისფრად.

ამ ცხრილის თანახმად, ყველა დედას, რომელიც 30 წლისაა, და რომლის შვილიც თებერვლიდან ოქტომბრამდეა ჩასახული, აუცილებლად გოგო გაუჩნდება.

ეს კალენდარი იმის დასტურად უფრო გამოდგება, რამდენად მცდარია სქესის დაგეგმვის ეს მეთოდი, მაგრამ ქალების ნაწილს მაინც იმედი აქვს, რომ გაამართლებს.

„თუ გოგო მინდა ძალიან და შემიძლია, რომ გოგო იყოს, რატომაც არა… იმას, რომ ქმარი აჩენინებს ცოლს 5 ბავშვს იმიტომ, რომ ბიჭი უნდა და მეხუთეც გოგოა, სჯობს, რომ სანატრელი გაუჩინოს ალბათ, ვიდრე ამ ბავშვებს ესმოდეთ სულ, მამას ბიჭი უნდოდა და ამიტომ ხართ ამდენიო“, - ამბობს ინგა ხოტელაშვილი, რომელმაც 17 წლის წინ ამ კალენდრით იხელმძღვანელა და მართლაც, როგორც უნდოდა, გოგო გაუჩნდა. თუმცა ბოლომდე მაინც არ სჯერა, რომ ეს შემთხვევითობა არ იყო.

კიდევ ერთი „ხალხური“ მეთოდი „სისხლის განახლების თეორიაზეა“ დაფუძნებული. ვინც ამ ხერხს მიმართავს, სჯერა, რომ ყოველ 4 წელიწადში ერთხელ კაცების სისხლი ახლდება, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ - ქალების. თუ ჩასახვისას მამის სისხლი „ახალია“, დაიბადება ბიჭი, თუ დედის - გოგო.

ვერც ეს მეთოდი უძლებს ლოგიკასა და მეცნიერულ მტკიცებულებებს. სამედიცინო ლიტერატურაში წაიკითხავთ, რომ სისხლის წითელი უჯრედები - ერითროციტები საშუალოდ 4 თვეს ცოცხლობენ. სისხლის თეთრი უჯრედები - ლეიკოციტები - რამდენიმე საათიდან დაწყებული წლებით დამთავრებული.

თრომბოციტები, რომლებიც სისხლის შედედებაზე „აგებენ პასუხს“, 10 დღემდე ცოცხლობენ - სხვა უჯრედები სისხლში არ არსებობს.

შესაბამისად, არანაირი „ახალი სისხლი“ არ არსებობს, სისხლი მუდმივად განახლების პროცესშია.

ირინე იხსენებს, როგორც ბიჭის დედას, როგორ გამოუთვალა მეგობარმა ამ მეთოდით, რომ მეორე შვილი გოგო ეყოლებოდა.

„მეგობარი მყავს, ის ითვლის ხოლმე, ყველასი დაემთხვა ჩემს გარდა და ეხომ რომ ბიჭი მითხრა, ეხო ცდება, ჩემი გამოთვლა არაო, ექიმია ისიც, მაგრამ აი, ჩემს შემთხვევაში შეცდა“.

დღეს ირინე სამი ბიჭის დედაა და არც მანამდე და აღარც მერე სქესის გამოთვლა არ უცდია.

ია კუნჭულია ამბობს, რომ 15 წლის წინ 2 გოგოს გაჩენის შემდეგ, რადიოლოგმა ერთი მეთოდი ურჩია, რომელის დახმარებითაც ბიჭი შეეძინა და ახლა თავის გამოცდილებს სხვა დედებსაც უზიარებს ხოლემე:

„მესამე შვილზე ვასწავლი ხოლმე, პირველზე და მეორეზე არა. გააჩინონ ჯერ, დაგეგმილის შემდეგ აღარ მოუნდებათ მესამის და მეოთხის გაჩენა. მე რამდენ გინეკოლოგთან მისაუბრია, სასაცილოდ არ ყოფნიდათ, მაგრამ ფაქტი ერთია. სერიოზულად ამართლებს. ბიოლოგი ვარ და ამ ამბავს საკმაოდ გააზრებულად მივუდექი. აბსოლიტურად ლოგიკური ამბავია“.

საუბარია ე.წ. შეტლზის მეთოდზე, რომელიც 1960-იან წლებში იყო პოპულარული.

ის ეყრდნობა ჰიპოთეზას, რომ Y-ქრომოსომიანი სპერმატოზოიდი უფრო მცირე და სწრაფია, ვიდრე X-ქრომოსომიანი სპერმატოზოიდი. ამიტომ, თუ ბავშვი ოვულაციის დღეს ჩაისახება, სპერმატოზოიდს Y ქრომოსომით უფრო მეტი შანსი ექნება კვერცხუჯრედის განაყოფიერებისათვის და, დიდი ალბათობით, ბიჭი გაჩნდება. თუ სქესობრივი კავშირი მოხდება ოვულაციამდე რამდენიმე დღით ადრე, მაშინ სპერმატოზოიდს X ქრომოსომით აქვს უფრო მეტი შანსი, გაანაყოფიეროს კვერცხუჯრედი, რადგან დიდხანს რჩება ქალის რეპროდუქციულ სისტემაში და ამ შემთხვევაში გოგო დაიბადება. შეტლზის მეთოდის მომხრეების მტკიცებით, სხვადასხვა ფაქტორის მიხმარებით ეს მეთოდი 60-70 პროცენტის სიზუსტით იძლევა ბავშვის სქესის დაგეგმვის შესაძლებლობას.

ამერიკელი პროფესორის ლენდრამ შეტლზის თეორიის შესახებ ამერიკის ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა, სამეცნიერო კვლევებსა და პუბლიკაციებზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით “გამყარებული დეზინფორმაცია X და Y სპერმის შესახებ”, სადაც განმარტებულია, რატომ არის შეტლზის მეთოდი მცდარ ჰიპოთეზაზე დამყარებული და როგორ არ დასტურდება, რომ რაიმე განსხვავებაა X და Y ქრომოსომების მქონე სპერმატოზოიდების მორფოლოგიაში.

მეცნიერებმა და მკვლევრებმა ვერ მოახერხეს მისი სისწორის დადასტურება.

რას ამბობენ ექიმები „სქესის გამოთვლის“ ტექნიკებზე?

რადიოლოგი ამირან გურგენიძე 25 წელია, ქალებს შეტლზის მეთოდს უხსნის და, როგორც თავად ამბობს, ეხმარება ბავშვის სქესის დაგეგმვაში.

რადიოლოგი ამირან გურგენიძე
რადიოლოგი ამირან გურგენიძე

„ბევრი წლის წინ პედიატრიის ინსტიტუტში, კონფერენციაზე ახლობლის ცოლმა მომიტანა ეს სტატია. ოვულაციაზეა დამოკიდებული, როდის უნდა იცხოვროს ქალმა ქმართან, რომ სასურველი სქესის ალბათობა გაიზარდოს. საერთაშორისო პრაქტიკა არ მიძებნია. მე ვიცი ეს სტატია, რომელითაც ვეხმარები ოჯახებს, ვეუბნები - გამოვა, გამოვა, არ გამოვა და გააჩენთ მეოთხე გოგოს, მე ერთი გოგო მყავს და ნეტა ოთხი მყავდეს-მეთქი.

უფრო ხშირად ისინი მოდიან, ვისაც სამი ერთი სქესის შვილი ჰყავს. არის ხშირად, როცა ამართლებს, არის - როცა არ ამართლებს“.

მიუხედავად იმისა, რომ გინეკოლოგი ეკა თედოზაშვილი ამბობს, რომ სქესის გამოთვლის გავრცელებულ მეთოდებს მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია, მშობლებს შვილის სქესის „გამოთვლაში“ მაინც ეხმარება ხოლმე.

„როგორც თქვენ გიხსნით, მათაც ვუხსნი, რომ ამას [ცხრილებს, გავრცელებულ მეთოდებს] რაიმე მეცნიერული საფუძველი არ უდევს, არის ბანალური მკითხაობის დონეზე. თუ დაემთხვევა, იქნება [„სასურველი“ სქესის ბავშვი], თუ არ დაემთხვევა - არ იქნება…“

გინეკოლოგი ეკა თედოზაშვილი - ბავშვის "სქესის დაგეგმვაზე"
please wait

No media source currently available

0:00 0:01:36 0:00

რადიოლოგი გენრიეტა გაგოშიძე ამბობს, რომ წყვილები ბავშვის სქესის გასაგებად ხშირად იმიტომ მიმართავენ, რომ ბავშვის სქესის გაგების წვეულება გამართონ ახლობლებისთვის. მაგრამ, როცა სქესის დაგეგმვის სურვილით აკითხავენ ხოლმე, მისი თქმით, ამ სიტუაციას კარგად იყენებს პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის.

„იკეთებს გინეკოლოგიურ გამოკვლევას, ფოლიკულის მონიტორინგს და კეთილსაიმედო ფონზე ხდება ჩასახვა. არცერთმა ექიმმა არ უნდა უთხრას, რომ 100%-იანი გარანტიაა [სქესის გამოთვლის მეთოდი] და აუცილებლად ასე იქნება, არა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაინც აჩენს ბავშვს, უბრალოდ თუკი იქნება, ხომ კარგი…“

რადიოლოგი გენრიეტა გაგოშიძე ბავშვის "სქესის დაგეგმვის" შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:35 0:00

„სქესის დასაგეგმად“, ერთ-ერთი მეთოდის მიხედვით, ექიმები აკონტროლებენ ოვულაციის დადგომის პერიოდს და, როგორც წესი, ამისთვის ქალებს ორ-სამ დღეში ერთხელ 3-5 ვიზიტამდე სჭირდებათ. ექოსკოპია კი სხვადასხვა ექიმთან 30-80 ლარამდე ჯდება, ანუ ბავშვის „სქესის დაგეგმვა“, სულ მცირე, 90 ლარი და მაქსიმუმ 400 ლარამდე ჯდება, ამას ემატება გინეკოლოგის ვიზიტის საფასური 50-80 ლარამდე და ხანდახან ანალიზების ხარჯებიც.

გაეროს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტოს (UNFPA) და კავკასიის ბარომეტრის კითხვაზე - „თუ ოჯახში ერთი შვილია, რა სქესის აჯობებს, რომ იყოს?“, გამოკითხულთა 57% ამბობს რომ არ აქვს მნიშვნელობა.

რაც იმას ნიშნავს, რომ გენდერული ნიშნით ბავშვებისთვის უპირატესობის მინიჭების მაჩვენებელი შემცირებულია.

1990-2015 წლებში, ბიჭის ყოლის სურვილის გამო, საქართველოში 31 446 გოგონა არ დაიბადა.

მარიკა ქურდაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ წლებთან ერთად შემცირდა გენდერული ნიშნით აბორტებიც. ადრე 100 გოგოსთან თანაფარდობით თუ 118 ბიჭი იბადებოდა, ახლა 106-108 ბიჭი იბადება, რაც ბუნებრივ მაჩვენებელს უტოლდება.

მარიკას შეფასებით, სხვა ფაქტორებთან ერთად, პოზიტიური ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქალების როლის გაძლიერება და გენდერული სტერეოტიპების მსხვრევაა.

თუკი თქვენ და თქვენი მეუღლე ან პარტნიორი მაინც ეცდებით ბავშვის სქესის დაგეგმვას, გაითვალისწინეთ, რომ ის ექიმიც კი, ვინც ამაში დახმარებას დაგპირდებათ, ვერ მოგცემთ „სასურველი“ სქესის დამთხვევის პირობას, რადგან რეალურად, შანსები 50/50-ია.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG