Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვალდებული ხართ, გვიპასუხოთ" - ვარლამ გოლეთიანი ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრას ითხოვს


მოძრაობის, „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“, წევრები ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან პირისპირ, საჯარო შეხვედრას ითხოვენ და ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, რიონის ხეობაში, სოფელ ჟონეთში კომპანია „ენკას“ ბაზის ბლოკირებაზე საუბრობენ.

მოძრაობის წევრებმა 21 თებერვალს ეკონომიკის მინისტრი გააფრთხილეს, არ გაიმეოროს წინამორბედის, ნათია თურნავას მიერ დაშვებული შეცდომები და ჰქონდეს უკეთესი კომუნიკაცია "რიონის ხეობის მცველებთან." მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, 15-თვიანი პროტესტის მიუხედავად, მათ პასუხი არ აქვთ კითხვებზე, ხელისუფლება კი დროის გაყვანას და ამ გზით ჰესის მშენებლობის შესახებ საზოგადოების ინტერესის შემცირებას ცდილობს.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, „ჯერჯერობით ბუნდოვანია, გაწყდა თუ არა ხელშეკრულება კომპანია „ენკასთან“ და რას გეგმავს ხელისუფლება. გოლეთიანის განცხადებითვე, თუ ხელისუფლება გონივრულ ვადაში არ გამართავს მათთან დიალოგს, ისინი პროტესტის აქტიურ ფორმას მიმართავენ და კომპანია „ენკას“ ოფისის ბლოკირებას მოახდენენ.

„ვთვლით, რომ უამრავი კითხვა არსებობს, როგორც პროექტის უსაფრთხოებასთან, მის ტექნიკურ თუ ეკონომიკურ დასაბუთებაზე, ასევე ხელშეკრულების შესახებ, რაზეც ხელისუფლება თავადაც საუბრობდა, მაგრამ მინისტრ დავითაშვილის ბოლო განცხადებით, რომელიც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა, ახლა ამ ყველაფერში პრობლემას ვერ ხედავს, აბსოლუტურად იგნორირებულია ის, რასაც ჩვენ 15 თვეა ვაპროტესტებთ და ვითხოვთ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

„რიონის ხეობის მცველები“ თითქმის წელიწადია სოფელ გუმათში, „გუმათჰესის“ მიმდებარედ კარვებს არ ტოვებენ და ხეობაში ნამახვანჰესის აშენების წინააღმდეგ იბრძვიან. 2020 წლის შემოდგომიდან მოძრაობის წევრები და მათი მხარდამჭერები სოფელ ნამოხვანში გაშლილ კარვებში აპროტესტებდნენ ჰესის მშენებლობას, საიდანაც ისინი პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოიყვანა. მათი მოთხოვნები 15 თვის განმავობაში უცვლელია:

  • გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • ასევე გამოვლინდნენ უკანონო გადაწყვეტილებების მიმღები პირები და დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი.

"რიონის ხეობის მცველების" მოთხოვნებს შორის იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომაც, რომელიც ამ პოსტზე 9 თებერვალს იმ დროისათვის გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შეცვალა.

გასული წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია ENKA Renewables-ი საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს და უარს ამბობს $800-მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის აშენებაზე.

Enka Renewables-ის გადაწყვეტილების შესახებ კომპანიის - ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორსმაჟორია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG