Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თებერვალი. ფაროსანა და რუსეთი ჩემს ოთახში


ავტორი: მიკი მეტრეველი

(ხმამაღლა დაწერილი. პანდემიამდელი.)

ყოველ საღამოს ჩემს ოთახში, ძველებური ჭაღის გარშემო, ფაროსანა იწყებს რბოლას, მარტოხელა, სითბოს და სინათლის მაძებარი. ბზუის, ბზუის, ზუზუნებს, ჭაღს ეხეთქება, იმხელა ხმას გამოსცემს, მამაჩემს საინფორმაციო გამოშვებას არ ასმენინებს.

მარადიულად ჩართული ტელევიზორიდან კი რუსეთი ჩემს ქვეყანას უტევს – ეკლესიაში სანთლის ასანთებად და პირჯვრის გადასაწერად წასულებს, საფლავის ჭირისუფლებს, ჯონჯოლის მკრეფავებს, ყანებში მომუშავეებს – აპატიმრებს.

როგორც ფაროსანა ჭაღს, ისე დასტრიალებს რუსეთი ჩემს ქვეყანას, მოცოცავს, მოცოცავს, გვიყმუის. მაგრამ მას არ სცივა ფაროსანასგან განსხვავებით.

„ადექი, მოკალი“, – მეუბნება მამაჩემი.

მე ბოლთის ცემას ვიწყებ, არისტოტელესა და მისი მოწაფეების მსგავსად ვპერიპატეტიკოსობ: „ფაროსანა ცოცხალი არსებაა, მისი მოკვლა ისევე არ შეიძლება, როგორც ადამიანის. ფაროსანაც ღმერთის ნაწილია, ჩვენსავით, ადამიანივით“.

„ზამთარში ერთი ფაროსანას მოკვლით, გაზაფხულის ათას ფაროსანას ვკლავთ“, – არ მეშვება მამაჩემი, საინფორმაციოში მოსმენილ რეკომენდაციას იმეორებს.

მე კვლავ ბოლთას ვცემ: „ფაროსანა გაზაფხულამდე ჩემი მტერი არ არის. სანამ მტერს შეებრძოლები, ჯერ ომი უნდა გამოუცხადო. გაზაფხულზე მე და ფაროსანა ბრძოლის ველზე დავდგებით და იქ ვიბრძოლებთ როგორც რაინდთა წესია. ახლა ერთი, ეული, რაზმს ჩამორჩენილი და უიარაღო ფაროსანას მოკვლა დიდი დანაშაულია, ეს ომის საერთაშორისო კანონებსაც კი ეწინააღმდეგება. მე რუსეთი არ ვარ, ომის გამოუცხადებლად ვიბრძოლო და გარდაუვალ გამარჯვებაში დარწმუნებულმა მეტოქედ განსხვავებული წონითი კატეგორია ავირჩიო“.

მამაჩემი დაბღვერილი მიყურებს, ბრაზდება და ჩუმდება. მე კმაყოფილი ვარ, როგორც ყოველთვის, როცა რამე ისეთს ვიტყვი, რაც კმაყოფილებას მანიჭებს.

„რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელგვიღებიეს...“ – ისმის მარადიულად ჩართული ტელევიზორიდან.

რაოდენთა? რამდენთა?

– „დღეს ჩვილთა ორმოცდამეცხრამეტე საყოველთაო ნათლობა გაიმართა“.

გიხაროდენ რუსეთო!

გაგიზრდით ბიჭებს – ახალ ჯარისკაცებს, მონათლულებს, მირონცხებულებს, შენთან ომის დროს ბრძოლაში რომ დაეცნენ!

გიხაროდენ რუსეთო!

გაგიზრდით გოგოებს – შენთან ომში დაცემული ჯარისკაცების დედებს, ცოლებს, შვილებს, დებს, შეყვარებულებს!

გიხაროდენ რუსეთო!

ჩვენო ერთმორწმუნე ძმავ, დღეს ჩვენთან ნათლისღებაა ძველი სტილით!

ფაროსანა გაყუჩდა, მიაგნო სითბოს.

მარადიულად ჩართული ტელევიზორიდან ისმის რუსეთთან ომში დაღუპული ჯარისკაცის დედის ტირილი, დასტირის შვილს, თავის თავს, შვილის აუხდენელ და ახლა უკვე საიქიოს წაყოლილ ოცნებებს.

რუსეთი არ ჩერდება, სითბოს და სინათლეს ვერ პოულობს, მოცოცავს, მოცოცავს, გვემუქრება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG