Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სამხედრო ნეიტალიტეტი საქართველოს და უკრაინას" - პრორუსული ქართული ორგანიზაციების წერილი პუტინს


პრორუსული პოლიტიკური პარტია “პატრიოტთა ალიანსი” და მასთან აფილირებული ორგანიზაციები რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ღია წერილით მიმართავენ. 21 თებერვლით დათარიღებულ წერილში ნათქვამია, რომ ხელმომწერები ემხრობიან საქართველოსა და უკრაინის სამხედრო ნეიტრალიტეტს და სურთ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დათბობა.

“თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო! ჩვენ სინანულით უნდა გაუწყოთ, რომ საქართველო არ არის თავისუფალი ქვეყანა, რასაც მოწმობს მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერევა საქართველოს შიდა საქმეებში. საქართველოს მთავრობა, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, უთმობს ტერიტორიას ნატოს სამხედრო წვრთნებს, რაც სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის გამოწვევა.

ჩვენ ასევე სინანულით უნდა გაუწყოთ, რომ საქართველო უკვე დიდი ხანია ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციების ქსელში, რომლებიც ცრუ გამოკითხვებით ხატავენ სურათს, თითქოს ქვეყნის უმრავლესობა ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სოციოლოგიური გამოკითხვა 2020 წელს “პატრიოტთა ალიანსმა” ჩაატარა, რომელმაც 1,2 მილიონი ადამიანი გამოჰკითხა, 900 ათასთან კი აუდიო ინტერვიუ ჩაწერა. ამ კვლევის შედეგებმა აჩვენა: მოსახლეობის 69,4% სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების მომხრეა, 75,8 % კი რუსეთთან დიალოგის დაწყებას ემხრობა”, - წერია წერილში, რომელსაც “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს. ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საჭიროა გამართონ შეხვედრები რუსეთის დუმის წევრებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან იმისათვის, რომ წვლილი შეიტანონ რეგიონული უსაფრთხოების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებაში.

“პირადად ჩემთვისაც და ჩვენი გუნდისთვისაც ცხადია, რომ მსოფლიო დიდი კონფლიქტის ზღვარზეა და აქ საუბარია არა მხოლოდ უკრაინაზე ან აზიასა თუ აფრიკაზე, აქ საუბარია ახალ წესრიგსა და წესებზე!

ჩვენი გუნდისთვის ასევე ცხადია, რომ საქართველო, ჩვენდა სამწუხაროდ, მოვლენათა ქარცეცხლში აღმოჩნდება და ვფიქრობ ნათელია, რომ ძალზედ გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ, რათა ამ ქარცეცხლში უეჭველად გადავრჩეთ!

სამწუხაროდ, ბევრი ვერ აცნობიერებს, რომ რუსეთთან დაპირისპირებამ ცუდის მეტი არაფერი მოგვიტანა და ეს დაპირისპირება დამღუპველია საქართველოსთვის. ახლა დაპირისპირებაზე კი არა, ნორმალიზებაზე უნდა ვიზრუნოთ, ახლა დიპლომატია და ბრძნული სიტყვაა საჭირო, თუ გვინდა გადავრჩეთ!” - წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქის გვერდზე, რომელზეც პუტინისადმი დაწერილი წერილი გამოაქვეყნა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პრორუსი აქტორები, მათ შორის, პატრიოტთა ალიანსი, რუსეთის პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავენ. მსგავსი წერილი 2021 წლის 2 აგვისტოსაც გამოქვეყნდა. წერილის სულისკვეთება იდენტური იყო: გალაშქრება ნატოს წინააღმდეგ და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისა და სოციალურ-კულტურული კავშირების გაღრმავების სურვილი.

"გვესმის რა, რუსეთთან დაპირისპირება დამღუპველია საქართველოსთვის, ჩვენ, 53 პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაცია გავერთიანდით ერთიან, პატრიოტულ ფრონტში, საჯაროდ მოვაწერეთ ხელი დეკლარაციას საქართველოს სრული სამხედრო ნეიტრალიტეტის შესახებ და მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან შესაბამისი ცვლილებების შეტანას კონსტიტუციაში.

ბატონო პრეზიდენტო, მოგმართავთ თქვენი დახმარების იმედით და კიდევ ერთხელ გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი უმაღლესი პატივისცემა", - ასე სრულდება 21 თებერვლის წერილი.

წერილს ხელს "პატრიოტთა ალიანსიდან" თავად ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი და გიორგი ლომია აწერენ. ხელმომწერი ორგანიზაციების და მათი წარმომადგენლების სია ასეთია:

  • "ქრისტიან დემოკრატები" [გრიგოლ ჯოჯუა];
  • "მემარცხენე ალიანსი" [იოსებ შატბერაშვილი];
  • "ქართული მარში" [სანდრო ბრეგაძე];
  • "დემოკრატების ალიანსი" [სალომე მოსიძე];
  • "ეროვნული ერთიანობის პარტია" [გიორგი ჭინჭარაული];
  • "მონარქიული პარტია" [ირაკლი კობრავა];
  • "სოციალურ-დემოკრატიული პარტია" [ავთანდილ ველთაური];
  • "ნეიტრალური საქართველო" [ვალერი კვარაცხელია];
  • პოლიტიკური მოძრაობა “დემოკრატიული ცენტრი” [მიხეილ გიორგობიანი];
  • პოლიტიკური მოძრაობა “სამეფო გვირგვინი” [ვაჟა აბაშიძე];
  • პოლიტიკური მოძრაობა "სოციალური სამართლიანობისთვის" [მამუკა ტუსკაძე];
  • "ქართველი ემიგრანტების მსოფლიო ალიანსი" [ნანა გოგალაძე];
  • "პროტესტი საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ" [გიორგი გვასალია];
  • პოლიტიკური მოძრაობა “არჩევნებისთვის” [ნანა დევდარიანი];
  • "სხვადასხვა მოწვევის პარლამენტართა ასოციაცია" [თამაზ დაუშვილი];
  • "საქართველოს ერთობა" [მირიან რთველიაშვილი];
  • "მოძრაობა სამართლიანობისთვის" [კარენ ტოპალიანი];
  • "პოლიტიკური კვლევების საზოგადოება" [ირაკლი ჩიხრაძე];
  • "გენერლები საქართველოსთვის" [გურამ ნიკოლაიშვილი];
  • "დაცული და ინფორმირებული საზოგადოება" [გიორგი ონიანი];
  • "ვეტერანების ლეგიონი" [მალხაზ თოფურია];
  • მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის “დიდგორი” [დავით ოქროპირიძე];
  • "საქართველოს ვეტერანთა ფედერაცია" [ირაკლი შიხიაშვილი];
  • "იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქალაქო ორგანიზაცია" [ნაურ ჯიქია];
  • "დევნილთა მოძრაობა მშვიდობიანი მომავლისთვის" [ზაირა ჩარკვიანი];
  • "მუსულმანთა და ქრისტიანთა საძმო საქართველოსთვის" [არჩილ ლეკიშვილი];
  • "ტოლერანტული საქართველო" [ნინო კვარაცხელია];
  • "მოძრაობა ეროვნული უმცირესობებისთვის" [ ურუზმან ქარქუსოვი];
  • "ქართველი უკრაინელები მშვიდობისთვის" [ტატიანა მარტინენკო];
  • "საქართველოში მცხოვრებ ოსთა საერთაშორისო ასოციაცია" [ოლღა ტიგიევა];
  • "ქურთული კულტურის ცენტრი" [კახაბერ კალაშოვი];
  • "ახალგაზრდა პატრიოტები" [დავით აბაშიძე];
  • "ახალგაზრდა ლიდერების ერთობა" [ანა სახვაძე];
  • "პოლიტიკოსების ახალი თაობა" [ირაკლი ცხადიაშვილი];
  • მოძრაობა “დიპლომატები მშვიდობისთვის" [ოთარ ჭითანავა];
  • "სახალხო დიპლომატია" [ნინო ანდრონიკაშვილი];
  • "ჟურნალისტები სამართლიანობისთვის" [გიორგი კასრაძე];
  • ტელერადიოკომპანია “ობიექტივი” [ირაკლი ცილიკიშვილი];
  • "პროფესორების ლიგა" [აკაკი კარტოზია];
  • "მოზარდთა განვითარებია ასოციაცია" [იზოლდა ხასია];
  • "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კავშირი" [მარინა მოლოდინი];
  • "ანტიმონოპოლიური კავშირი" [ხვიჩა წკეპლაძე];
  • "ექიმებისა და ფსიქოლოგების კავშირი" [ჯუმბერ ბოლგაშვილი];
  • "ექიმები პოლიტიკის გარეშე" [ლიანა დოლბაია];
  • მწერლებისა და პოეტების კავშირი “დიაოხი” [ერეკლე საღლიანი];
  • "ისტორიული კვლევების ცენტრი" [ვაჟა ოთარაშვილი];
  • "მხატვრებისა და მოქანდაკეების გაერთიანება" [ბუდუ სირბილაძე];
  • "შემოქმედებითი ინტელიგენციის უფლებების დაცვის ცენტრი" [ოთარ მაღრაძე];
  • "ქართული კულტურის ცენტრი" [ნათია გამყრელიძე];
  • "სპორტსმენების ლიგა" [მამუკა აფციაური];
  • "პარაკარატეს ქართული ეროვნული ფედერაცია" [გიორგი კაკაბაძე];
  • "კიოკუშინ კარატეს ფედერაცია" [გოჩა კაკაბაძე].

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG