ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები დღეს, 21 თებერვალს, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის გამო შეფერხდა. მშენებარე ავტობანთან მცხოვრები ოჯახები მათთვის უსაფრთხო გარემოში ყოფნას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეები, მახვილაურის დასახლებაში, მუსხელიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახების ნაწილი ამბობს, რომ ორი წლის წინ დაწყებულმა მაგისტრალის მშენებლობამ მათი სახლები დააზიანა. 130-მდე ოჯახი მოითხოვს ათეულობით წლის წინ აშენებული კორპუსების სიმყარე შეისწავლონ და საჭიროების შემთხვევაში, ალტერნატიული საცხოვრებლით ან კომპესაციით დააკმაყოფილონ.
ადგილობრივების თქმით, ორი წლის წინ მათ ადგილობრივი ხელისუფლება სპეციალური კომისიის შექმნასა და პრობლემის შესწავლას დაჰპირდა. მათი ინფორმაციით, მაშინ მხოლოდ 8 ოჯახი გაიყვანეს და ამ დრომდე ისევ დროებით საცხოვრებელში არიან.
"46 წელია ამ ხუთსართულიანის მესამე სართულზე ვცხოვრობ. ჩემი ბინის კედლები სააბაზანოსა და საძინებლებში დაიბზარა, როცა აქ ბურღავდნენ და მძიმე ტექნიკა მუშაობდა. რამდენიმე დღის წინ მიწისძვრა რომ იყო, სახლი ლამის თავზე ჩამოგვექცა. ვიფიქრე, ისევ გზა ააფეთქეს, იყვირეს მიწისძვრაო... არ მესმის, რატომ არ გვაქცევენ ყურადღებას. ორის წლის წინ დაგვპირდნენ, მაგრამ არავინ არ მოგვიკითხა", - ამბობს მედეა ნაკაშიძე.
საპროტესტო აქციაზე პოლიციასთან ერთად გამოჩნდა მახვილაურის დასახლებაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის რწმუნებული რაულ კირკიტაძე. მან ადგილობრივების საპროტესტო აქციას უსაფუძვლო უწოდა.
"სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით მხოლოდ ორი სახლია ავარიული, სამი - არ არის დაზიანებული, დანარჩენზე მიმდინარეობს კვლევა", - თქვა მერის რწმუნებულმა და დასძინა, რომ მშენებარე ავტომაგისტრალთან მდებარე დანარჩენი კორპუსებიც შეამოწმეს და ავარიული არ აღმოჩნდა.
ადგილობრივები ხელისუფლებას 10-დღიან ვადას აძლევენ. ამბობენ, რომ თუ არ შესრულდება მათი მოთხოვნა, ბათუმში, მთავრობის სახლთან კარვებს გაშლიან.
ბათუმის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ფინანსდება აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებებით. პროექტის ჯამური ღირებულება 429 740 000 ლარია.
დაწერეთ კომენტარი