Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი უკრაინის რეგიონების აღიარებას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევად აფასებს


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის ცნობას" „ტვიტერზე" გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:

„რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯია და სამწუხაროდ, 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას იმეორებს, - აცხადებს ღარიბაშვილი და ამატებს, - ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას".

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს ცნო დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი".

პუტინმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები დონბასში და გააფრთხილა, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო სისხლისღვრაზე მთელი პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიის მმართველი რეჟიმის სინდისზე იქნება.“

მანამდე ვლადიმირ პუტინს "დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების" ცნობისკენ მოუწოდა უშიშროების საბჭოს უკლებლივ ყველა წევრმა.

დასავლეთის ლიდერებმა 21 თებერვალს სერიოზული შედეგების შესახებ გააფრთხილეს რუსეთი.
ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის ელჩმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ კიევის ხელისუფლების კონტროლიდან გასული აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიების აღიარება "სავალალო" გადაწყვეტილება იქნება და მას დაგმობა მოჰყვება.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის გადამწყვეტი რეაგირება მოახდინოს პუტინის მსგავს ნაბიჯზე.

დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის ოლქის ერთი მესამედია, რომელსაც 2014 წლიდან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ადგილობრივი რეჟიმები აკონტროლებენ.

პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ ტელეგრამის არხით გავრცელდა დონეცკში გამართული ფეიერვერკის კადრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG