Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაბალში, სოფლის ყოფილი გამგებლის და ბიზნესმენის სახლის ეზოში აფეთქება მოხდა


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ყოფილი რწმუნებულის და ამჟამად ბიზნესმენის, ჯემალ ნიაზოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ხელყუმბარა გადააგდეს, რომელიც აფეთქდა.

შემთხვევა გამთენიას მოხდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას თავად ჯემალ ნიაზოვმა უამბო. აფეთქების დროს სახლში იმყოფებოდნენ ჯემალ ნიაზოვი და მისი მეუღლე. არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის კედელი და ფანჯრები.

ჯემალ ნიაზოვი მეუღლესთან ერთად ამ წუთებში პოლიციის ადგილობრივ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება, ადგილზე კი მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

"საცხოვრებელი სახლის ირგვლივ უამრავი კამერაა დამონტაჟებული და წესით დამნაშავეების გამოვლენა არ უნდა გაჭირდეს", - თქვა ნიაზოვმა.

ჯემალ ნიაზოვი კაბალში ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ორჯერ იკავებდა სოფლის გამგებლის თანამდებობას, შემდეგ მერის წარმომადგენელი იყო, უკვე "ქართული ოცნების" მმართველობის დროს. ჯემალ ნიაზოვის შვილი ამილ ნიაზოვი სოფლის დეპუტატი იყო ლაგოდეხის წინა მოწვევის საკრებულოში.

ამილ ნიაზოვზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნა აქვს გამოცხადებული, მას შემდეგ, რაც 2021 წლის 4 ოქტომბერს ამავე სოფელში მცხოვრები ნიაზოვების ნათესავი ბიზნესმენის საცხოვრებელი სახლის ეზოში ორი ხელყუმბარა აფეთქდა.

გამოძიება ამილ ნიაზოვს მიიჩნევს აფეთქების ერთ-ერთ ორგანიზატორად. ამ საქმეზე სასჯელს უკვე იხდის ორი პირი. მათ გამოძიება სხვისი დავალებით აფეთქების ორგანიზებას ედავება.

კონკრეტულად რა მოხდა და რა მოტივით ააფეთქეს 23 თებერვლის დილას ჯემალ ნიაზოვის სახლის ეზოში ხელყუმბარა, ამას გამოძიება დაადგენს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ორი მუხლით. ესენია: 229-ე აფეთქება და 236 - ე მუხლი, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG