Accessibility links

site logo site logo

ბოკერია: მინდა ჰკითხოთ კალაძეს, რომელ საერთაშორისო სტანდარტს ვარღვევთ სტადიონზე ეროვნული დროშების გამოფენით?


გიგა ბოკერია

საქართველოსა და რუსეთის რაგბის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩზე, „ევროპული საქართველოს" მიერ დაგეგმილი უკრაინის მხარდამჭერი აქციის შესახებ ილაპარაკა პარტიის თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ. ის გამოეხმაურა თბილისის მერის განცხადებას იმის შესახებ, რომ სპორტი პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის და გამიჯნული უნდა იყოს.

„გუშინ „ევროპულმა საქართველომ" ინიციატივა გამოვთქვით, რომ საქართველო-რუსეთის რაგბის თამაშზე საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც სურვილი აქვს, გამოეფინათ საქართველოსა და უკრაინის ეროვნული დროშები, უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად. ჩვენ ასევე ვაპირებთ, რომ მოქალაქეებს დავურიგოთ და შევთავაზოთ დროშები მატჩის დაწყებამდე. ჩემი აზრით, ეს არის საკუთარი პოზიციის დაფიქსირების ადეკვატური შესაძლებლობა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. დღეს ჩვენ მოვისმინეთ „ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, დედაქალაქის მერის, კახი კალაძის სრულიად აბსურდული განცხადება. მან მოგვიწოდა „ევროპულ საქართველოს", სპორტს და პოლიტიკას ერთმანეთში ნუ აურევთო. პოლიტიკა არ ვიცი რამდენად სწორი ტერმინია ამ კონტექსტში, როცა საუბარია ასეთ აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და იმ აგრესიაზე, რომელიც პუტინმა დააანონსა საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც თქვა, რომ ის არ ცნობს სუვერენიტეტს არც ერთი იმ ქვეყნის, რომელიც მეზობელია აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში რუსეთისა, - განაცხადა ბოკერიამ და თბილისის მერის მისამართით თქვა, - მინდა ჰკითხოთ კალაძეს ან მერიას, რომელ საერთაშორისო სტანდარტს ვარღვევთ „ევროპული საქართველო" ამ მოწოდებით, რომ ეროვნული დროშები იყოს გამოფენილი სტადიონზე. ეს სწორედ ის ფორმაა საზოგადოების პოზიციის გამოხატვის, რომელიც ცივილიზებულ ფარგლებში ჯდება, არანაირი პოლიტიკური აგრესიული გზავნილი არ არის, რომ ეს საბაბი იყოს, თუ არ ეძებენ საბაბს და თუ ისინი საბაბს ეძებენ, რომ პუტინს ასიამოვნონ და ამ პროპაგანდაში კიდევ ერთხელ დააფიქსირონ როგორ "უფრთხილდებიან" ამ ყველაფერს, მაშინ პირდაპირ თქვან და უტიფარი სლოგანებით ნუ გამოდიან".

კახა კალაძის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სპორტი და პოლიტიკა ყოველთვის გამიჯნული იყოს ერთმანეთისგან.

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სპორტი პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის და ყოველთვის უნდა იყოს გამიჯნული. არაერთი შეხვედრა გამართულა რაგბიში რუსეთის ნაკრებთან, სხვათა შორის, ყოველთვის წარმატებით გამოდიოდა საქართველოს ეროვნული ნაკრები და დარწმუნებული ვარ, ახლაც წარმატებას მიაღწევენ. წარმატება მინდა ვუსურვო და, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სპორტი და პოლიტიკა გაიმიჯნოს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ კანონის ფარგლებში. ეს რა ფორმით იქნება, მათი გადასაწყვეტია. მთავარია, ეს ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში", - განაცხადა კალაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გაამახვილა ყურადღება რაგბის მატჩზე.

„ვრცელდება ინფორმაცია იმ მძიმე პროვოკაციების შესახებ, რომელიც რაგბის ეროვნული ნაკრების რუსეთთან შეხვედრას უკავშირდება და რომლის ყველაზე მსუბუქი ნეგატიური შედეგი შესაძლებელია იყოს ჩვენი ნაკრების მიმართ სანქციების დაწესება", - თქვა დეპუტატმა.

უკრაინულ ენაზე დაწერილი ანონსი საქართველოს რაგბის კავშირმა 22 თებერვალს სოციალურ ქსელში გაავრცელა, რასაც რუსეთის რაგბის ფედერაციის აღშფოთება და პროტესტი მოჰყვა. სწორედ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა განცხადებით, საქმეში ევროპის რაგბის კავშირი ჩაერთო და საქართველოს რაგბის კავშირს ანონსის წაშლა მოსთხოვა.

მატჩის აფიშა ახლა მატჩის მასპინძელი სტადიონის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზეა ატვირთული. „დინამოარენა“ გულშემატკივრებს უკრაინულ ენაზე მოუწოდებს, მივიდნენ სტადიონზე და ერთად შეასრულონ საქართველოს ჰიმნი.

27 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს ნაკრები რაგბის ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში რუსეთს უმასპინძლებს.

21 თებერვალს რუსეთმა აღიარა უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე სეპარატისტული დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობა. პრეზიდენტ პუტინის მიერ გაცემული განკარგულება რეგიონში ჯარის შეყვანას ითვალისწინებს. სეპარატისტულ რეგიონებთან დადებული ხელშეკრულებები რუსმა კანონმდებლებმა 22 თებერვალს დაამტკიცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG