Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულება: მსოფლიომ პუტინი უნდა გააჩეროს


უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს - ამის შესახებ ტვიტერზე წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. მისი განცხადებით, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი გააჩაღა და გრძელდება დარტყმები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი წერს, რომ მსოფლიოს შეუძლია პუტინის გაჩერება და უნდა გააჩეროს. კულებას განცხადებით, ახლავე მოქმედების დროა.

24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან".

პუტინის განცხადებით, რუსეთის ამოცანაა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“ და სასამართლოსთვის გადაცემა იმ პირების, რომლებმაც "მრავალრიცხოვანი სისხლიანი დანაშაული ჩაიდინეს მშვიდობიანი მცხოვრებლების, მათ შორის რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ“. პუტინმა უკრაინელ სამხედროებს მოუწოდა, „დაუყოვნებლივ დაყარონ იარაღი და სახლში წავიდნენ".

უკრაინული და დასავლეთის მედიასაშუალებების ინფორმაციით, საარტილერიო ცეცხლის და აფეთქებების ხმა ისმის კიევში, ხარკოვსა და ოდესაშიც.

უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG