რადიო თავისუფლების სამი ჟურნალისტი დააკავეს მოსკოვში, როცა ისინი უკრაინაში რუსეთის აგრესიის საწინააღმდეგო აქციას აშუქებდნენ. ჟურნალისტები დააკავეს იმის მიუხედავად, რომ ერთ-ერთი პოლიციას უმეორებდა, რომ პრესის წარმომადგენელია.
დაკავების ამსახველ ვიდეოზე, რომელიც ჟურნალისტებმა გადაიღეს და გავრცელება მოახერხეს, ჩანს, როგორ ეუბნება ის პოლიციის თანამშრომელს, შეწყვიტოს მის წინააღმდეგ ფიზიკური ძალის გამოყენება. ორწუთიან ვიდეოზე ჩანს, როგორ მიჰყავთ ჟურნალისტები პუშკინის მოედანზე და პოლიციის ავტობუსში სვამენ სხვა, 20-ზე მეტ ადამიანთან ერთად. ჟურნალისტების თანახმად, ისინი კუნცევოს რაიონის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს.
გავრცელდა ასევე ცნობა სხვა მედიასაშუალებების თანამშრომლების დაკავების შესახებ. მოსკოვის ცენტრში მობილიზებულია უშიშროების ძალები, საგანგებო აღჭურვილობისა და ეროვნული გვარდიის შენაერთის ჩათვლით. ადამიანების ჯგუფის დაკავება მოხდა მას მერე, რაც პუშკინის ძეგლთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და გაიძახოდა: „არა ომს!“
ქვეყანაში პოლიციის მიერ დაკავებების მეთვალყურე არაკომერციული ჯგუფის - OVD-Info-ს ცნობით, რუსეთის 40-მდე ქალაქში დაკავებულია 653 ადამიანი. მოსკოვში პოლიციამ დააკავა 290 პირი. ტელეგრამის არხი „ბაზა“ იტყობინებოდა, რომ მოსკოვის პოლიციამ მიიღო ბრძანება, აღეკვეთა ყველანაირი აქტი, რომელიც პროვოკაციად შეიძლებოდა მიჩნეულიყო - უკრაინის დროშების და წამქეზებლური შინაარსის პლაკატების ჩათვლით.