Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეს ძალიან ცუდად დამთავრდება“ - რუსები რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ


მოსკოვში აპატიმრებენ აქციის მონაწილეებს, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას აპროტესტებდნენ.
მოსკოვში აპატიმრებენ აქციის მონაწილეებს, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას აპროტესტებდნენ.

რუსული საზოგადოების ნაწილი უკრაინაში ომის დაწყებას აპროტესტებს. ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით სოციალური ქსელით ცალკეული პოსტები ან ერთობლივი ტექსტები ვრცელდება.

რუსეთის მთავრობის მიმართ ოპოზიციურად განწყობილმა ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც წერია:

ჩვენ, რუსეთის ჟურნალისტები და ექსპერტები, რომლებიც რუსეთის კურსს ვაშუქებთ, ვკიცხავთ რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულ საომარ ოპერაციას“.

ტექსტი ღიაა ხელმოწერებისთვის და ამ ეტაპზე მას 100 ჟურნალისტი აწერს ხელს.

„ნოვაია გაზეტამ“ გადაწყვიტა, სოლიდარობის ნიშნად გაზეთი რუსულთან ერთად უკრაინულ ენაზეც გამოსცეს. ამის თაობაზე გაზეთის რედაქტორმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა დმიტრი მურატოვმა თავის მიმართვაში ილაპარაკა.

„უბედურება გვჭირს, ჩვენმა ქვეყანამ პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით უკრაინაში ომი წამოიწყო. არავინაა, ვინც ამ ომს შეაჩერებს, ამიტომ დარდთან ერთად გვრცხვენია კიდეც. მთავარსარდალი ბირთვული იარაღის ბერკეტს ხელში ძვირადღირებული მანქანის ბრელოკივით ატრიალებს. ანუ შემდეგი ნაბიჯი ბირთვული აფეთქებაა? პუტინის ნათქვამი შურისძიების იარაღზე სხვანაირად როგორ უნდა გავიგოთ?.. მგონი მსოფლიოში სიცოცხლის გადარჩენა ახლა მხოლოდ იმას შეუძლია, რუსები ომის საწინააღმდეგო მოძრაობას თუ დაიწყებენ“.

სარედაქციო წერილი გამოაქვეყნა ინტერნეტგაზეთმა „მედუზამ“ და რუსეთის მთავრობას ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

მხოლოდ ერთი მიზეზით შეიძლება ტანკებისა და სამხედრო ავიაციის გამოყენება - თავდაცვისთვის. „სპეცოპერაციასრომ აცხადებდა, პუტინმა სწორედ ეს მიზეზი მოიშველია. პრობლემა ისაა, რომ რუსეთს თავს არავინ ესხმის, ხოლო დონბასის ჰუმანიტარულ კატასტროფაზე პასუხისმგებლობა ისევ რუსეთის მთავრობას ეკისრება“, - წერს „მედუზა“.

ცნობილი რუსი ჟურნალისტი იური დუდი ინსტაგრამზე უშიშროების საბჭოს სხდომის ფოტოს ქვეშ წერს:

„ისტორიით გატაცებული იმპერატორი და ჯგუფი, რომელსაც ნება და საკუთარი აზრი ამპუტირებული აქვს, ასე მშვიდად და ტკბილად რომ თანხმდებოდნენ ომის დაწყებას თავიანთი თბილი ოთახებიდან“.

ომის წინააღმდეგ გამოდიან მსახიობები, მწერლები, მუსიკოსები... ბევრმა მათგანმა ფეისბუკზე შავი ფონი დააყენა წარწერით „არა ომს“.

მომღერალი ვალერი მელაძე ინსტაგრამზე ვიდეომიმართვას ავრცელებს:

დღეს მოხდა ის, რაც არასდროს არ უნდა მომხდარიყო. ისტორია როდესმე განსჯის და ყველაფერს თავის ადგილას დააყენებს, მაგრამ დღეს მინდა გთხოვოთ, შეგეხვეწოთ, შეწყვიტეთ საომარი მოქმედებები და დასხედით მოლაპარაკების მაგიდასთან. ადამიანებს უნდა შეეძლოთ მოლაპარაკება. ამისთვის ჩვენ მოგვეცა ენა და უნარები. ადამიანები არ უნდა იღუპებოდნენ. ეს უნდა მორჩეს“.

რუსი მომღერალი და მსახიობი სერგეი ლაზარევი კი წერს:

ერთი კვირის წინ შვილმა ტირილით გაიღვიძა. რომ ვკითხე, რა მოხდა-მეთქი, ჩემმა 7 წლის ბიჭმა მიპასუხა, მამა, ომის მეშინიაო. ვუთხარი, „რას ამბობ, დამშვიდდი, ომი არ იქნება“. და აჰა, დღეს ნამდვილი ომი დაიწყო. ამის დედაც, რას აკეთებთ?.. მიეცით ხალხს ცხოვრების საშუალება, არავის უნდა ომი“.

სერგეი ლაზარევი „ევროვიზიაზე“
სერგეი ლაზარევი „ევროვიზიაზე“
ქართველებიც, სხვათა შორის, შევეცადეთ ომი გაგვეჩაღებინა, ყოველ შემთხვევაში სახეში შევაფურთხეთ. როდის მორჩება ეს სიძულვილი იმათ მიმართ, ვინც ჩვენ ირგვლივაა?
ლია ახეჯაკოვა

მოსკოვის ცირკის დირექტორი ელენა კოვალსკაია პროტესტის ნიშნად დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. შეუძლებელია, მკვლელის ხელქვეითი იყო და მისგან ხელფასს იღებდე“, - ასე დაასაბუთა მან საკუთარი გადაწყვეტილება ფეისბუკზე.

მსახიობმა ლია ახეჯაკოვამ ტელეკომპანია „დოჟდის“ ეთერში კულტურის მოღვაწეებს მოუწოდა, გამოთქვან პროტესტი, რადგან სხვა შემთხვევა მათ უკვე აღარ ექნებათ.

ყველაფერი გავთხვარეთ ჩვენი სიტყვებით, საქმით, კორუფციით და ამ საძაგელი დამოკიდებულებით მეზობლებთან, მიწასთან, ოკეანეებთან, ზღვებთან. ვულკანებიც კი ვეღარ უძლებენ უკვე... ჩვენ შევიძულეთ უკრაინა, რატომ, ვერ გამიგია, ერთად არ ვიბრძოდით? ერთად არ ვისხედით გულაგში?.. ქართველებიც, სხვათა შორის, შევეცადეთ ომი გაგვეჩაღებინა, ყოველ შემთხვევაში სახეში შევაფურთხეთ. როდის მორჩება ეს სიძულვილი იმათ მიმართ, ვინც ჩვენ ირგვლივაა? მხოლოდ ჩვენ ვართ ფითქინები და ფუმფულები... ეს ძალიან ცუდად დამთავრდება“.

„ნასტოიაშჩეე ვრემია“ წერს, რომ უკრაინაში შეჭრის მოწინააღმდეგეთა შორის არიან ტელეწამყვანები: ივან ურგანტი, ანასტასია ივლეევა, ქსენია სობჩაკი; მომღერლები: იური შევჩუკი, ივან დორნი, მანიჟა; მწერლები: ბორის აკუნინი, ალექსანდრ ციპრინი და სხვები. ​

„ბოლო წუთამდე არ მჯეროდა, რომ პუტინი ამ აბსურდულ ომს წამოიწყებდა - მოვტყუვდი. ყოველთვის მწამდა, საბოლოოდ გონიერება გაიმარჯვებს-მეთქი, აქაც შევცდი. სიგიჟემ გაიმარჯვა“, - დაწერა ბორის აკუნინმა.

„მედუზას“ ინფორმაციით, რუსეთში დააპატიმრეს ის აქტივისტები, რომლებიც უკრაინაში შეჭრის გასაპროტესტებლად სხვადასხვა ქალაქში აქციებზე გამოვიდნენ. ამ დროისთვის დაკავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG