Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილია, რა შეზღუდვები შეეხებათ VTB ბანკის ქართველ კლიენტებს


აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ "VTB ბანკზე" დაწესებული სანქციების შემდეგ ცნობილია, როგორ აისახება ის ამავე ბანკის ქართული წარმომადგენლობის კლიენტებზე. ბანკს შეეზღუდა დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა უცხოურ ვალუტებში გადარიცხვები.

როგორც "ვითიბი ბანკი" - საქართველოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ამ შეზღუდვების შემდეგ ბანკი აგრძელებს მუშაობას და სხვა ბანკში გადარიცხვა შესაძლებელია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში. "ვითიბი ბანკი" - საქართველოს კლიენტი ვერც საქართველოში არსებულ სხვა ბანკში გადარიცხავს უცხოურ ვალუტას - თანხის გადარიცხვის ნაცვლად, ადამიანმა ფული უნდა გამოიტანოს ანგარიშიდან და სხვა ბანკის ანგარიშზე შეიტანოს.

მოქალაქეებს, რომლებსაც ამ ბანკში აქვთ ანგარიშები დოლარში, ევროში ან სხვა ვალუტაში, შეუძლიათ თანხის გამოტანა, შეტანა, ანაბრის გახსნა ან დახურვა.

"VTB ბანკის" ქონება დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებების გამო გაყინეს. ეს ბანკი რუსეთში სიდიდით მეორე და საქართველოს ბაზრის მსხვილი მოთამაშეა.

საქართველოს მოსახლეობის ნაწილს ამ ბანკში ერიცხება ხელფასი, ნაწილს კი ანაბრები აქვს გახსნილი. ბანკმა 2020 წელს "წმინდა მოგებად" 26,7 მილიონი ლარი მიიღო.

ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, "ვითიბი ბანკი" - საქართველოს წილების 97 პროცენტზე მეტს ღსს "ბანკი ვეტებე" ფლობს.

ბანკის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ფიზიკურ პირებს "VTB"-ში 422,1 მილიონი ლარის მოცულობის ანაბარი ჰქონდათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG