Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვია თავის მოქალაქეებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ჩაწერის ნებას რთავს


ლატვიის პარლამენტმა ცვლილებები დაამტკიცა ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონში, რომლის თანახმად, ლატვიელებს უკრაინულ შეიარაღებულ ძალებში სამსახურის უფლება ექნებათ.

სააგენტო BNS-ის ცნობით, ლატვიელებს უკრაინულ არმიაში მოხალისეებად ჩაწერა შეეძლებათ. მსურველები ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების სარეზერვო ქვედანაყოფში უნდა დარეგისტრირდნენ.

აქამდე, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ არსებული კანონი, ლატვიის მოქალაქეებს, ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა, სხვა სახელმწიფოს უსაფრთხოების, საპოლიციო და სხვა შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანებას უკრძალავდა.

რუსეთი მეხუთე დღეა განაგრძობს საომარ მოქმედებებს სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ. პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან(ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი). უკრაინის შეიარაღებული ძალების და მოხალისეების წინააღმდეგობის შედეგად, რუსეთი ვერ ახერხებს უკრაინის ვერცერთ დიდ ქალაქზე კონტროლის დამყარებას.

უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმას უკვე ემსხვერპლა 350-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის 14 ბავშვის სიცოცხლე.

უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის და ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ ახალი, უფრო მკაცრი სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას. ამ ფონზე, 27 თებერვალს, პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებიც, მისი ინფორმაციით, ასახავს რუსეთის დანაკარგებს 24 თებერვლიდან 28 თებერვლის 06:00 საათამდე.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ფეისბუკზე წერს, რომ განადგურებულია რუსული არმიის 29 თვითმფრინავი, 29 ვერტმფრენი, 191 ტანკი, 816 ჯავშანმანქანა, „ბუკის“ და „გრადის 22 დანადგარი, 2 გემი და ა.შ. და, სავარაუდოდ, 5300 სამხედრო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად 27 თებერვალს აღიარა უკრაინაში რუსი სამხედროების დაღუპვის ფაქტი, თუმცა, რაოდენობა არ დაუსახელებია.

როგორც რუსეთის, ისე უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგების შესახებ ინფორმაციის დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება შეუძლებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG