Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკას ბირთვული იარაღი და 2035 წლამდე დარჩენა უნდა


ბელარუსის კონსტიტუცია იცვლება. ქვეყანას საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული რაკეტების განთავსება, ალიაქსანდრ ლუკაშენკას კი ქვეყნის მართვა 2035 წლამდე შეეძლება - ასეთია 27 თებერვალს გამართული რეფერენდუმის შედეგი.

ექსპერტები ამბობენ, რომ მინსკელი ავტოკრატისთვის მოსკოვის უპირობო ერთგულება ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზაა.

ადგილობრივი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენებთან 5,3 მილიონი მოქალაქე გამოცხადდა (ამომრჩეველთა 78,63%). მათგან 65%-ზე ოდნავ მეტმა ცვლილებებს დაუჭირა ხმა. გადაწყვეტილება ძალაში შევა საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 10 დღეში.

“იყავით ბელარუსი და არა რუსეთი”

რეფერენდუმი მასობრივი ანტისაომარი მიტინგების ფონზე გაიმართა. მინსკში, ბარანოვიჩსა და სხვა ქალაქებში, საარჩევნო უბნებთან ათასობით ადამიანმა დაგმო ბელარუსის მონაწილეობა ომში, რომელიც პუტინმა უკრაინაში წამოიწყო.

პროტესტი რუსული აგრესიის წინააღმდეგ. მინსკი, 27 თებერვალი
პროტესტი რუსული აგრესიის წინააღმდეგ. მინსკი, 27 თებერვალი

2021 წელს ლუკაშენკამ აღიარა ყირიმის ანექსია, მოსკოვის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის „სახალხო რესპუბლიკების“ აღიარებამდე ერთი დღით ადრე კი მოუწოდა უკრაინას, „შეწყვიტოს კონფრონტაცია რუსეთთან”.

24 თებერვლამდე, მინსკიცა და მოსკოვიც აცხადებდნენ, რომ რუსული ჯარები უკრაინის საზღვართან წვრთნების ჩასატარებლად იყო განლაგებული. მაგრამ „სამხედრო ოპერაციის” გამოცხადებისთანავე, ჯავშანტექნიკამ და, ნატოს ინფორმაციით, თითქმის 30 ათასმა ჯარისკაცმა საზღვარი გადაკვეთეს. რამდენიმე დღეში ლუკაშენკამ ისიც აღიარა, რომ უკრაინის მიმართულებით მისი ქვეყნის ტერიტორიიდან რაკეტაც გაეშვა.

რეფერენდუმის დღეს ბელარუს ხალხს მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„იყავით ბელარუსი და არა რუსეთი. ამ არჩევანს თქვენ დღეს აკეთებთ”, - განაცხადა მან.

საპასუხოდ, ლუკაშენკამ მას „პატარა ნაპოლეონი” უწოდა და თქვა, რომ „უკრაინაში დაწყებული სამხედრო მოქმედებები მხოლოდ დასაწყისია. და ასე თუ გაგრძელდა, უარესები მოხდება”.

ბელარუსებს მიმართა ემიგრაციაში მყოფმა სვიატლანა ციხანოუსკაიამაც. მხარდამჭერების აზრით, სწორედ ის აირჩია 2020 წელს პრეზიდენტად ქვეყნის მოსახლეობამ.

„ეს ომი არ სჭრიდება ბელარუს ხალხს, მაგრამ სჭირდება ალიაქსანდრ ლუკაშნეკას. იგი მზადაა, სიცოცხლეები შეწიროს საკუთარ ამბიციებსა და შიშს. აწყობს, რომ მეზობელ ქვეყანაში ჭურვების აფეთქების ხმამ ყველას დაავიწყოს მისი სისასტიკე საკუთარი ხალხის მიმართ”, - განაცხადა ციხანოუსკაიამ.

BBC, ადგილობრივ უფლებადამცველ ცენტრ „ვიასნაზე” დაყრდნობით, იუწყება, რომ 27 თებერვალს, საღამოს 8 საათისთვის დააკავეს სულ ცოტა 180 მომიტინგე.

“უსაფრთხოების ბალიში”

თავად საკონსტიტუციო ცვლილებები ლუკაშნეკამ დააანონსა 2020 წლის მასობრივი პროტესტების მერე, რომელიც მისი ოპონენტების თქმით, „არჩევნების მასობრივ გაყალბებას” მოჰყვა.

ვარშავაში მცხოვრები ბელარუსი ჟურნალისტი იულია ალექსეევა აკვირდება ლტოლვილთა ნაკადებს, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ, უკრაინიდან პოლონეთში მიედინება. მისი ინფორმაციით, მარტო 27 თებერვალს საზღვარი ასი ათასმა ადამიანმა გადაკვეთა. მისივე თქმით, უკრაინელებს შორის ცოტანი არიან მამაკაცები, უფრო - ქალები და ბავშვები.

უკრაინელი ლტოლვილები პოლონეთის ქალაქ პრჟემისლში. 25 თებერვალი
უკრაინელი ლტოლვილები პოლონეთის ქალაქ პრჟემისლში. 25 თებერვალი

ლუკაშენკას რეჟიმისთვის საკონსტიტუციო ცვლილებები თან ძალაუფლების განმტკიცებაა, თან უკან დახევის გეგმაც, - დარწმუნებულია იულია.

ჟურნალისტის თქმით, რეჟიმი საკუთარ თავს სამომავლოდ „უსაფრთხოების ბალიშებს” უქმნის. საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, ჩნდება კიდევ ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი - სახალხო კრება. მას შეეძლება გააუქმოს ხელისუფლების სხვა შტოების გადანაწილება, გამოუცხადოს იმპიჩმენტი პრეზიდენტს, დანიშნოს ცესკოს წევრები, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, შეიტანოს პარლამენტში კანონები, დანიშნოს რეფერენდუმები, წამოაყენოს ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები და გამოაცხადოს სამხედრო მდგომარეობა.

"გვიყენებენ"

იულია არ გამორიცხავს, რომ მოსკოვიდან ბრძანების შემთხვევაში, ომში შეიძლება ბელარუსის არმიაც ჩაერთოს. ის განიცდის, რომ „ბელარუსმა ფაქტორბივად დაკარგა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი”.

„გვიყენებენ, როგორც ტერიტორიას, საიდანაც რაკეტების გაშვება შეეძლებათ. ეს გადაწყვიტეს ბელარუსი ხალხისგან დამოუკიდებლად”, - თქვა მან.

მისი აზრით, ლუკაშენკას შესაძლოა სურდეს არა მხოლოდ რუსული ბირთვული რაკეტების განთავსება, არამედ საკუთარი ბირთვული ჩემოდანიც. მისი მიღება-არმიღება კი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ გაუჭირდება კრემლს.

იულიას მსგავსად, უკრაინელი პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ არჩევნების მერე ლუკაშენკა სულ უფრო კარგავს ლეგიტიმაციას და რუსეთის დახმარების გარეშე, მას ძალაუფლების შენარჩუნება აღარ შეუძლია.

სამოქალაქო ორგანიზაცია „ახალი იდეების ცენტრის” მკვლევარი პაველ მაცუკევიჩი დოიჩე ველეს ეუბნება, რომ დღეს უკვე რთულია ისეთი სფეროს პოვნა, რომელზეც მოსკოვის ზეგავლენა არ ვრცელდება.

„დღეს ყველაფერი რუსეთთანაა დაკავშირებული. ბელარუსული რეჟიმის სიცოცხლისუნარიანობა 2020 წლის აგვისტოდან მოყოლებული, უზრუნველყოფილია რუსეთის მიერ. მისი წყალობით, ბელარუსი თავს არიდებს სანქცირებულ ზეწოლას. დღეს ყველაფერი რუსეთზეა მიბმული: საგარეო ვაჭრობა, კრედიტები, უსაფრთხოება… ამ რისკების გათვალისწინებით, ბელარუსის ხელმძღვანელობამ არჩევანი გააკეთა და გახდა [რუსეთის] ავანპოსტი”, - თქვა მან.

ალიაქსანდრ ლუკაშენკა ქვეყანას 1994 წლიდან მართავს. ის კონსტიტუციას უკვე მესამედ ცვლის.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG