Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო მზადაა უკრაინიდან ლტოლვილები მიიღოს - ვიცე-პრემიერი


ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველო ყველა მიმართულებით მზადაა ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას, მათ შორის მიიღოს ლტოლვილები, ასეთების არსებობის შემთხვევაში.

"საქართველო ყველა ჰუმანიტარული მიმართულებით მზად არის დახმარება აღმოუჩინოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რაც არ უნდა სირთულეები, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები ჰქონდეს ქვეყანას და ქვეყნის შიგნით ჰყავდეს თავად დევნილი მოსახლეობა. ჩვენ ამ შემთხვევაში გვესმის, რა არის ფასი სოლიდარულობის და ჩვენ ამ შემთხვევაში სრული მზადყოფნა გვაქვს, რომ თუ იქნებიან ლტოლვილები უკრაინიდან, ჩვენ მათ აღმოვუჩინოთ მაქსიმალური მხარდაჭერა და საქართველო მზად არის მიიღოს ასეთ შემთხვევაში ლტოლვილები", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რაც შეეხება სხვა სახის ჰუმანიტარულ დახმარებას, 26 თებერვალს საქართველოს მთავრობაში განაცხადეს, რომ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყოფა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ უკრაინაში დაზარალებული მოსახლეობისათვის ფარმაცევტულ პროდუქტები და სამედიცინო დანიშნულების საგნები გაგზავნა.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აამუშავა ცხელი ხაზი საქართველოში დარჩენილი უკრაინელი ტურისტებისთვის.

გაეროს თანახმად, უკრაინიდან მოსაზღვრე პოლონეთსა და სხვა მეზობელ ქვეყნებში, მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ყველაზე დიდ სახმელეთო ომს უკვე 150 000-ზე მეტი ადამიანი გაექცა.

ვითარების გაუარესების შემთხვევაში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) ლტოლვილთა რაოდენობის 4 მილიონამდე ზრდას ელოდება. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა, ფილიპო გრანდიმ ასევე თქვა, რომ მეზობელი ქვეყნების მთავრობებთან მუშაობენ და მოუწოდებს მათ, საზღვრები ღია დატოვონ მათთვის, ვინც უსაფრთხო ადგილსა და თავდაცვის გზებს ეძებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG