Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეგრელიშვილი: თუ არ ვუერთდებით სანქციებს, იგივეა, რომ ბელარუსიდან ესვრიან რაკეტებს


პარლამენტის წევრი "გირჩიდან" ვახტანგ მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინაში დაწყებულმა სამხედრო მოქმედებებმა საქართველოში 2008 წლის ომთან დაკავშირებით კითხვებს გასცა პასუხი. მას მიაჩნია, რომ საქართველო რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს უნდა შეუერთდეს:

"დღევანდელმა უკრაინის სიტუაციამ მე მგონი დაამთავრა ეს თემა, დღეს აღარავის აღარ ეპარება ეჭვი, რომ აგრესორი [2008 წელს] იყო რუსეთი და პუტინი... ეს საკითხი ჩვენგან დამოუკიდებლად ახლა გარკვეულია. იცით რა არის გარკვეული?.. ჩვენ არ ვიცით, როგორი არის საქართველოს საზოგადოების, ქართული სახელმწიფოს მკაფიო პოზიცია ამ სიტუაციაში.

ადრე გვეშინოდა, რომ დასავლეთი ჩვენ არ დაგვეხმარებოდა. ადრე გვეშინოდა, რომ ჩვენ გამო ბევრს არაფერს გააკეთებდა. მაგრამ ახლა რა გამოდის? გამოდის, რომ ჩვენ სანქციებს არ ვუერთდებით. ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც ბელარუსის ტერიტორიიდან ესვრიან რაკეტებს და უკრაინა თვლის, რომ ბელარუსია არის მასთან ომში ჩართული. წარმოიდგინეთ, ჩვენს პორტებში რომ შემოვიდეს რუსული გემები, "იდი ნა ხ*უის" ეტყვის ჩვენი ოფიციალური წარმომადგენელი, თუ არ ეტყვის", - თქვა დეპუტატმა პარლამენტის ტრიბუნიდან.

გუშინ, 28 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სანქციების დაწესებაზე საუბრის დროს თქვა, რომ ოპოზიციას ქვეყანაში ომის დაწყება სურს.

"დღეს იგივე ხალხი გვიკიჟინებს ჩავერთოთ ომში, სანქციები დავუწესოთ რუსეთს. ომში მივიღოთ უკრაინაში მონაწილეობა და ა.შ... დღეს ევროპაში მიმდინარეობს უზარმაზარი ომი, ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში და უკრაინის დედაქალაქი იბომბება. ამის შემჩერებელი დღეს არავინ არ არის. ვთქვათ პირდაპირ: სანქციები არ არის ეფექტური საშუალება და ისიც ვთქვათ, ვინ ომობს - ომობს უკრაინელი ჯარი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მეექვსე დღეა, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალებით შევიდა და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს. რუსეთს შესაჩერებლად აშშ-მ, ევროკავშირმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ა.შ. სანქციები დაუწესეს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ეროვნული ინტერესებიდან" გამომდინარე, არ აპირებს შეუერთდეს ამ სანქციებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG