უკრაინული დელეგაციის წევრის, უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის" ლიდერის, დავით არახამიას ცნობით, რუსეთის მხარესთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის გაემგზავრა.
არახამია "ფეისბუკის" გვერდზე წერს, რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან „პროგრამა მინიმუმი ჰუმანიტარული კორიდორის“ საკითხის განხილვა იქნება, „დანარჩენი, გარემოებების მიხედვით“.
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკება ბელოვეჟის ტევრში არ გაიმართება, ამის შესახებაც არახამიამ განაცხადა, რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარსაყოფად, რომ შეხვედრა ამ ადგილას შედგებოდა.
უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს დღეს, 3 მარტს, რუსული მხარეც გამოეხმაურა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უცხოელ და რუს ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „პირობები, რომლებიც არის მინიმალური ჩვენთვის, კარგად არის ცნობილი. მათი განხილვა მიმდინარეობს“. მან ისიც თქვა, რომ უკრაინული დელეგაცია მოლაპარაკებებზე მითითებებს ვაშინგტონიდან იღებს.
რუსული მხარის ინფორმაციით, დელეგაციების შეხვედრა გუშინ უნდა შემდგარიყო, თუმცა უკრაინული მხარის სურვილით გადაიდო.
„უკრაინულმა ჯგუფმა ისევ რაღაც მიზეზები მოძებნა, რათა მოლაპარაკებები გადაეტანა. დიდი ალბათობით, ისინი მითითებებს ვაშინგტონიდან იღებენ, ამაში ეჭვი არ მეპარება, ეს ქვეყანა საერთოდ არა დამოუკიდებელი", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის, ვლადიმირ მედინსკის თქმით, შეხვედრა ბელარუსში, ბრესტის ოლქში გაიმართება და მოლაპარაკებები მოიცავს ჰუმანიტარულ, პოლიტიკურ და სამხედრო-ტექნიკურ ასპექტებს.
28 თებერვალს, უკრაინა-ბელარუსის საზღვართან, ბელარუსში დაიწყო მოლაპარაკება რუსეთსა და უკრაინას შორის. მაშინ უკრაინული დელეგაციის წარმომადგენელმა დავით არახამიამ დაწერა, რომ „მოლაპარაკებები ან უკრაინისთვის სასურველი მიმართულებით წავა ან როგორც რუსული ხომალდი“.
მოლაპარაკება წინასწარ წაყენებული პირობების გარეშე იყო ორგანიზებული.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოსკოვთან მოლაპარაკების პირველ რაუნდზე კიევმა სასურველი შედეგი ვერ მოიპოვა.
უკრაინის მხრიდან დელეგაციის წევრები იყვნენ ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავიდ არახამია, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი, სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში უკრაინის წარმომადგენლის პირველი მოადგილე ანდრეი კოსტინი, დეპუტატი რუსტემ უმეროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლაი ტოჩიცკი.
რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობდნენ ბელარუსში რუსეთის ელჩი ბორის გრიზლოვი, დეპუტატი ლეონიდ სლუცკი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.
• პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
• პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).
• 1 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კიდევ ერთ ამოცანად გამოაცხადა „რუსეთის დაცვა დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი სამხედრო საფრთხისგან“.
• უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.
• რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.
• ამ ფონზე, 27 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.
• 2 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად გამოაქვეყნა ოფიციალური მონაცემები, რომელთა თანახმად, უკრაინაში დაღუპულია 498 რუსი სამხედრო და დაჭრილია 1597.
დაწერეთ კომენტარი