Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, პარლამენტი პრეზიდენტს 5 მარტს არ მოუსმენს


მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტი 5 მარტს არ მოუსმენს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც, წლიური ანგარიშის წარდგენასთან ერთად, სავარაუდოდ, სხდომაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და ამ ფონზე საქართველოს ევროინტეგრაციის დაჩქარების პერსპექტივებზეც ისაუბრებდა. გადაწყვეტილება ბიურომ მიიღო, რომელზეც უმრავლესობაში "ქართული ოცნებაა". გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა ოპოზიცია.

"პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში არ არის ისეთი საჩქარო თემა... გარდა იმისა, რომ კვორუმის პრობლემებია ამ შაბათ დღეს, კომიტეტების ხელმძღვანელები, დეპუტატები არიან მივლინებებში, მათ შორის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, [რომლებიც] რელევანტური არიან იმ თემებთან დაკავშირებით, რაც თქვენ ბრძანეთ. ამ მოცემულობაში ასე ნაჩქარევად, მოუმზადებლად ამ საკითხის გადაწყვეტა და ხვალ ჩატარება არ მგონია სწორი", - უთხრა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ფრაქცია "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ კი თქვა, რომ მმართველი პარტია სამართლებრივი მექანიზმებით ცდილობს პრეზიდენტის მოსმენის გადადებს.

"რაც თქვენ თქვით, ბატონო მამუკა, მე ვამბობ პირიქით. საქართველოს პრეზიდენტის მოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გუშინ შევიტანეთ ევროინტეგრაციაზე განაცხადი დაჩქარებულად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დაკმაყოფილდეს ეს მოთხოვნა... მე ვფიქრობ, რომ ჩვენ და თქვენ ვამაყობთ, რომ შევიტანეთ განაცხადი და ამ დროს პრეზიდენტი [მსოფლიო ლიდერებთან] კონსულტაციების შემდეგ ბრუნდება და მას ჰქონდა საუბარი პარტნიორებთან, მიკვირს, რატომ შეიძლება გადაითარგმნოს, როგორც [წლიურ] ანგარიშად. მე მაინტერესებს, რა უთხრეს ქვეყნის პრეზიდენტს პარტნიორებმა", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ, პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე, პრეზიდენტის მოსმენის შემდეგ არ არის გათვალისწინებული დეპუტატების გამოსვლა, რაც საზოგადოებას არასწორ წარმოდგენებს შეუქმნის.

"ამაზე სასაუბროა და ვისაუბროთ, ნებისმიერი ფორმატი შეიძლება იყოს შეთანხმებული. უბრალოდ, ამ ფორმით ხვალ სხდომის გამართვა, ჩემი აზრით, იქნება დიდი ფრუსტრაცია მოსახლეობისთვის, რომელიც ვერ იხილავს იმას, რეალურად, რისი ინტერესიც აქვს. იქნება მხოლოდ პრეზიდენტისა და ფრაქციის თავმჯდომარეების გამოსვლა და ამით დამთავრდება - დეპუტატებს, რომელსაც ექნებათ კითხვები და მოსაზრებების დაფიქსირების სურვილი, მოუწევთ სხდომათა დარბაზის მიღმა მედიასთან საუბარი. არ ივარგებს ეს... მოსახლეობას რომ არ გაუჩნდეს განცდა, ფორმალური მოტივებით ვცდილობთ სხვა მიმართულებებით პროცესების წარმართვას", - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილმა კოლეგებს უთხრა, რომ, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტი ყოველწლიურ მოხსენებაში არ საუბრობს მხოლოდ გასულ წელზე და მას შეუძლია ყურადღება გაამახვილოს ნებისმიერ სხვა საკითხზე.

"ახლა სწორედ ეს დროა, რომ მოვუსმინოთ სახელმწიფოს მეთაურს და რასაც ის ჩათვლის სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხად, ის გაჟღერდეს პარლამენტის ტრიბუნიდან, რადგან ეს არის ხალხის ტრიბუნა. სიმბოლიზმებს აქვს თავისი მნიშვნელობა პოლიტიკაში... პრეზიდენტი თავად განსაზღვრავს, იქნება ეს გასულ წელზე თუ მომავალზე", - თქვა ნაცვლიშვილმა.

დეპუტატების არგუმენტები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისთვის, როგორც გაირკვა, მისაღები არ აღმოჩნდა.

"ჩემი წინადადება იქნება, პატივი ვცეთ პრეზიდენტის ინსტიტუტს და მხარი დაუჭიროთ მის პარლამენტში მოსვლას და გამოსვლას", - თქვა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ დეპუტატების მოსმენის შემდეგ.

პარლამენტი გეგმავს მოხსენებით წარდგენა პრეზიდენტს 15 მარტის სხდომაზე შესთავაზოს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარდგენას 5 მარტს გეგმავდა. ამის შესახებ მისმა ადმინისტრაციამ 2 მარტს გაავრცელა ინფორმაცია.

ჯერ კიდევ გუშინ, 3 მარტს, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მოხსენების თარიღი შესაძლოა შეცვლილიყო.

უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებთან პირიპირ შეხვედრები და სატელეფონო საუბრები გამართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG