Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ვიქცევით, თუკი რადიაციულად დაბინძურებულ ზონაში აღმოვჩნდებით?


მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალები შეიჭრნენ და გავრცელდა ცნობები ჯერ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაკავების, ხოლო 4 მარტის ღამით ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძრის შესახებ, უკრაინა და მსოფლიო გამოუსწორებელი საფრთხის შესახებ ალაპარაკდა.

გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ შეშფოთება გამოთქვა უკრაინაში ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების გამო. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ევროპას გამოღვიძებისკენ მოუწოდა:

ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი

„უკრაინა, ეს არის 15 ბირთვული ბლოკი და თუ აფეთქება მოხდება, ეს არის ყველას დასასრული, ევროპის დასასრული და ევროპის ევაკუაცია“, - თქვა მან 4 მარტის დილას გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ამ დროისათვის, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი ლიკვიდირებულია. უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის ინფორმაციით, რადიაციული ფონი შეცვლილი არ არის. ქალაქ ენერგოდარში მდებარე სადგური ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურია და 6 ენერგობლოკს მოიცავს. ატომურ ელექტროსადგურთან საბრძოლო მოქმედებები, ამ მომენტისთვის, არ მიმდინარეობს.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ადმინისტრაციული შენობის დაზიანებული ნაწილი, 4 მარტი, 2022 წელი
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ადმინისტრაციული შენობის დაზიანებული ნაწილი, 4 მარტი, 2022 წელი

გარდა მაღალჩინოსნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეშფოთებისა, რომელიც უკრაინის ატომური ელექტროსადგურების ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას შეეხება, საფრთხის განცდა გაუჩნდათ რიგით მოქალაქეებსაც. სოციალური ქსელები გაივსო კითხვებით, რჩევებითა და რეკომენდაციებით, როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები, თუკი გავრცელდება ცნობა მათ სიახლოვეს რადიაციული დაბინძურების შესახებ. როგორ უნდა შეიტყონ მათ ამის შესახებ და ვისგან. უკრაინელი ექიმები ავრცელებენ ვიდეო-რეკომენდაციებს, რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა იმისათვის, რომ მაქსიმალურად აიცილოს თავიდან რადიაციული დასხივების მაღალი ხარისხი.

მსგავსი კითხვები აქვთ საქართველოს მოქალაქეებსაც. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუკი საფრთხე გაცილებით მასშტაბურ სახეს მიიღებს და თუკი ქვეყანა რადიაციულად დაბინძურებულ ზონაში აღმოჩნდება, რამდენად დროულად მიიღებენ ისინი ინფორმაციას დაბინძურების შესახებ და როგორ უნდა მოიქცნენ, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ დასხივების ხარისხი?

საქართველოში ბირთვულ და რადიაციულ სფეროს არაერთი სახელმწიფო უწყება და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია აკონტროლებს. მათ შორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ჯანდაცვის სამინისტრო, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო და ა.შ.

4 მარტს რადიო თავისუფლებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუმარტეს, რომ ამ ეტაპზე, ქვეყანაში რადიაციული დაბინძურების არანაირი საფრთხე არ არსებობს და უწყებები, მათ შორის, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო კომენტარის გაკეთების საჭიროებას ვერ ხედავენ: „არ არის საჭირო ზედმეტი პანიკა, ჩვენ ვმსჯელობთ ამაზე და მოგვიანებით გადავწყვეტთ, რა ტიპის კომუნიკაცია გვექნება, განცხადება გაკეთდება თუ სხვა რამ. ამ ეტაპზე, არანაირი საფრთხე არ არის“, - გვითხრეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახურში.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის დახმარებით, საქართველოს საზღვარი მთლიანად აღჭურვილია რადიაციის დეტექტორებით და რადიოქტიური ნივთიერების გამოვლენა ხდება ავტომატურად.

ამ ეტაპზე, საქართველოს რადიაციული დასხივების საფრთხე არ ემუქრება. მაგალითად, ბირთვული და რადიაციული გაუვრცელებლობის ქსელის პორტალზე განთავსებული რადიაციული ფონის მონიტორინგის სადგურების რუკის თანახმად, რომელიც რეალურ დროში გვაჩვენებს ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული რადიაციული დაბინძურების ხარისხს, საქართველოს მთელი ტერიტორია მწვანე ზონადაა მონიშნული.

თუმცა, ცხადია, რომ ბოლო დღეებში, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ რუსეთი არა თუ უკრაინას, არამედ მსოფლიოს ემუქრება და უკვე რეალური ხდება ბირთვულ ობიექტებზე უსაფრთხოების ზომების დარღვევის შესაძლებლობის დაშვება. სწორედ ამ დაშვებაზე ელაპარაკება რადიო თავისუფლებას შორენა ლორთქიფანიძე, ორგანიზაციის „სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში“ დამფუძნებელი:

შორენა ლორთქიფანიძე
შორენა ლორთქიფანიძე

„დიახ, ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმი მართლაც მძიმე მდგომარეობაშია, რადგან ერთ-ერთი მთავარი ბირთვული სახელმწიფო აშინებს და აშანტაჟებს დანარჩენ სახელმწიფოებს. ახლა ყველას აქვს ეს კითხვა, რა ემუქრება საქართველოს, თუკი ატომურ ელექტროსადგურებზე რაიმე სახის გაჟონვას ექნება ადგილი? გააჩნია რა რაოდენობით მოხდება გაჟონვა და რადიაციის რა დონე დაფიქსირდება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს რეალურ საფრთხედ შეგვიძლია მოვიაზროთ. გაჟონვის შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მეტეოროლოგიურ მდგომარეობას. მაგალითად, როგორ და სად წაიღებს რადიაციას ქარი, ნალექი. დაბინძურების გასაზომად საჭიროა ტექნიკურად კარგად აღჭურვილი ლაბორატორიები. მცირე გაჟონვაც რომ მოხდეს, სასწრაფოდ უნდა შემოწმდეს ნიადაგი, წყალი, ჰაერი, რა ნაწილაკები მოხვდა იქ. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო ამ პრობლემის მთავარი მარეგულირებელია და მათ უნდა უზრუნველყონ, რომ თითოეული ნაბიჯი დროულად და სწორად იყოს გადადგმული, იქნება ეს საზოგადოების ინფორმირება თუ სხვა რამ. ახლა, რაც ნამდვილად შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ რადიაციის დონე ქვეყანაში ყოველწამიერად იზომება და ამ დროისათვის, საფრთხე არ არსებობს“.

რადიაციულად დაბინძურებულ ზონაში ქცევის წესები

4 მარტს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განხორციელებული თავდასხმის პარალელურად ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) საკუთარ YouTub გვერდზე გაავრცელა სპეციალური ვიდეო-რგოლი, სადაც დეტალურადაა აღწერილი, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუკი მიიღებს ცნობას იმის შესახებ, რომ ის რადიაციულად დაბინძურებულ ზონაში იმყოფება.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელი, მაგრამ ადვილად შესასრულებელია.

აი, როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, თუკი (როგორც კი) რადიაციული დაბინძურების შესახებ ინფორმაციას მიიღებს:

  • ერიდებით ღია სივრცეებს. თუკი ქუჩაში ხართ, შედიხართ დახურულ სივრცეში.
  • ავტომობილით გადაადგილების შემთხვევაში, ხურავთ ფანჯრებს და თიშავთ კონდიცირების სისტემას, რათა შეიზღუდოს სალონში ჰაერის მიწოდება გარედან.
  • არ დარჩეთ ავტომობილში, რადგან იქ ადვილად აღწევს რადიაციული დაბინძურება. ეცადეთ დროულად მიხვიდეთ სახლამდე ან უახლოეს შენობამდე.
  • თუკი სახლებში ან სხვა შენობაში ხართ, იქვე დარჩით.
  • საუკეთესოდ დაცული ადგილი არის სარდაფი ან შესაბამისი თავშესაფარი.
  • მჭიდროდ ჩაკეტეთ და დალუქეთ ფანჯრები და კარი. ააკარით ე.წ. სკოჩი. ანალოგიურად დალუქეთ სავენტილაციო სისტემა.
  • მოშორდით კედლებს, ფანჯრებსა და კარს და ეცადეთ, რომ დარჩეთ შენობის შუა ნაწილში.
  • საკვები შეინახეთ მჭიდროდ დახურულ კონტეინერებში ან მაცივარში.
  • წყალი, წვენები ან სხვა სასმელები დალუქული კონტეინერებიდან დალიეთ.
  • თუ ფიქრობთ, რომ კონტეინერი ან პაკეტი შეიძლება დაბინძურებული იყოს რადიოაქტიური მტვერით, მის გასახსნელად გამოიყენეთ ნესტიანი ქსოვილი. შემდეგ ეს ქსოვილი მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში ან სხვა კონტეინერში.
  • გაითვალისწინეთ, რომ სახლში არსებული სხვა წყალი, მაგალითად, წყალი, რომელიც შეიძლება იყოს ცხელი წყლის გამაცხელებელ ავზში ან სხვა დახურულ სივრცეში, არ იქნება დაბინძურებული რადიოაქტიური მტვერით.
  • რადიაციული დაბინძურების შემთხვევაში, ჩაიტარეთ დეკონტამინაცია
  • მიიღეთ შხაპი წყლის დიდი რაოდენობით.
  • თუკი სხეულზე ჭრილობები გაქვთ, ისინი შხაპის მიღებამდე ჰერმეტულად დაიფარეთ. არ გამოიყენოთ ქისა, ღრუბელი ან ე.წ. სკრაბი
  • თუ არ გაქვთ შხაპის მიღების საშუალება, მაშინ დიდი რაოდენობით წყლით დაიბანეთ ხელები, სახე და ტანსაცმლით დაუფარავი სხეულის ნაწილები. თუკი წყალი არ გაქვთ, მაშინ გაიწმინდეთ სხეული ხელსახოცით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ყურებს, თვალებსა და ნესტოებს.
  • დაბინძურებული ტანსაცმელი გაიხადეთ, ჩადეთ პოლიეთილენის პარკში ან სხვა კონტეინერში და გაიტანეთ შენობის გარეთ, ადამიანებისა და შინაური ცხოველებისგან მოშორებით.
  • მუდმივად ადევნეთ თვალი საინფორმაციო საშუალებებს, რადგან მიიღოთ განახლებული ინფორმაცია შემდგომი რეკომენდაციების შესახებ.

რადიაციისგან და ბირთვული აფეთქებისას წარმოქმნილი საფრთხეების თავიდან აცილებაში გვეხმარება ALARA-ს პრინციპი. ALARA არის ინგლისური ფრაზის "As Low As Reasonably Achievable” აკრონიმი, რომელიც ასე ითარგმნება: „იმდენად დაბალი, რამდენადაც გონივრულადაა მისაღწევი“. ამ პრინციპში კი იგულისხმება დრო, მანძილი და საფარი.

დრო: რაც ნაკლებ ხანს ვიქნებით მაღალ რადიაციულ ფონში, მით ნაკლებად დავსხივდებით და ჩვენს ორგანიზმს ნაკლები ზიანი მიადგება.

მანძილი: მანძილის გაზრდა მნიშვნელოვნად ამცირებს სხეულზე მოხვედრილ გამოსხივებას.

საფარი: ნებისმიერი წინაღობა, რომელიც არის გამოსხივების წყაროსა და დასხივების ობიექტს შორის, ამცირებს დასხივების დოზას. ამიტომ მნიშვნელოვანია მათი გამოყენება. განსაკუთრებით ეფექტიანად ამცირებს გამოსხივებას მძიმე ელემენტები, ისეთი, მაგალითად, როგორიცაა ტყვია.

ამჟამად დედამიწაზე 40 განვითარებულ ქვეყანაში დაახლოებით 450-ზე მეტი მოქმედი ატომური ელექტროსადგურია. საკმაოდ ბევრია მშენებარე და ექსპლუატაციიდან გამოყვანილი სადგურები. ჩერნობილისა (1986) და ფუკუშიმას (2011) ავარიებმა შელახა ატომური ელექტროსადგურების პრესტიჟი, მაგრამ სწორი ექსპლუატაციისა და წესების სრული დაცვისას მათი გარემოზე ზემოქმედება ნაკლებია ვიდრე ანალოგიური სიმძლავრის ჰიდრო, თბო და სხვა ტიპის ელექტროსადგურებისა.

უკრაინაში 15 ბირთვული რეაქტორი მოქმედებს ოთხ ელექტროსადგურზე და გამოიმუშავებს ქვეყნის ელექტროენერგიის თითქმის ნახევარს.

ჩერნობილის კატასტროფა

1986 წლის 26 აპრილს, უკრაინაში, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკზე, ორი აფეთქება მოხდა. აფეთქება მოჰყვა ელექტროსადგურში დაგეგმილ ექსპერიმენტს. ეს იყო კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ტექნოგენური კატასტროფა. აფეთქებით გამოწვეული რადიაციული ფონის ზრდა 30-40-ჯერ აღემატებოდა 1945 წელს, იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქებით წარმოქმნილ რადიაციულ ფონს.

გრაფიტი ქალაქ პრიპიატის ცენტრალურ მოედანზე
გრაფიტი ქალაქ პრიპიატის ცენტრალურ მოედანზე

ბირთვული კატასტროფის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია დაგვიანებით, აფეთქებიდან 36 საათის შემდეგ, დაიწყო. იმ დროისთვის, ქალაქ პრიპიატის მოსახლეობას უკვე აღენიშნებოდა რადიაციული დასხივების ნიშნები. ხალხს უთხრეს, რომ ისინი სახლებს რამდენიმე დღეში დაუბრუნდებოდნენ. ევაკუაციას 100 ათასამდე ადამიანს შეეხო.

ჩერნობილი
ჩერნობილი

საბჭოთა ხელისუფლებამ ატომური კატასტროფის შესახებ დუმილი არჩია. ჩერნობილის ავარიის შედეგად, რადიოაქტიური ღრუბელი უკრაინის გარდა გავრცელდა ბელარუსის და რუსეთის ტერიტორიების დიდ ნაწილზე. განგაშის პირველი ზარი 1986 წლის 28 აპრილს შვედეთმა შემოჰკრა. 8 მილიონზე მეტი ადამიანი რადიაციული დასხივების ქვეშ აღმოჩნდა.

1986 წელს ბელორუსიასა და უკრაინაში 5 000-მდე კილომეტრი აკრძალულ ზონად გამოცხადდა. ატომური სადგური სარკოფაგით დაფარეს. ”ჩერნობილის” ავარიას მეშვიდე - ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო სკალით - უმაღლესი დონე მიენიჭა.

დღეს კატასტროფის ზონა უდაბურია, ის მწვანე საფარმა დაფარა, თუმცა, 5 მილიონზე მეტი ადამიანი კვლავ ცხოვრობს აკრძალული ზონის სიახლოვეს.

2016 წელს უკრაინაში ახალი სარკოფაგით დაფარეს ჩერნობილის ატომური სადგურის მეოთხე ენერგობლოკი. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სრული ლიკვიდაცია 2065 წლისთვის იგეგმება.

უკრაინაში დღეს საომარი მოქმედებების მეცხრე დღეა. პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.

რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ქალაქებს ყოველდღიურად ბომბავს. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის 2 მარტის მონაცემებით, რუსმა სამხედროებმა უკვე იმსხვერპლეს 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. მათ შორის, ბავშვები.

განადგურდა ასობით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული ობიექტი, საცხოვრებელი სახლი, საავადმყოფო და საბავშვო ბაღი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG