Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პატრიოტიზმის გაკვეთილები" - რას უყვებიან რუსეთში მოსწავლეებს პუტინის ომზე?


უკრაინა ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოა, მისი მთავრობა კი ფაშისტური ხუნტაა, რომელსაც რუსულენოვანი მოსახლეობის მოსპობა სურს. მოსკოვს „სპეციალური ოპერაცია” რომ არ დაეწყო, 3-4 წელიწადში უკრაინა მთლიანად რუსეთის განადგურებას ეცდებოდა - აი, რა ესმით ბოლო 4 დღეა რუსეთში სკოლის მოსწავლეებს.

ე.წ. პატრიოტული გაკვეთილები რუსეთის სკოლებში პირველი მარტიდან დაიწყო. BBC-ს ინფორმაციით, სკოლებს გადაეგზავნათ სპეციალური სახელმძღვანელოები მოსწავლეებისთვის, სადაც დასმულია „სწორი” აქცენტები რუსეთ-უკრაინის ომზე სალაპარაკოდ. სახელმძღვანელო ორია. ერთი VI-VIII კლასების მოსწავლეებისთვის, მეორე კი - IX-XI-ის.

მასალები იმეორებს პუტინის ბოლო გამოსვლების სულისკვეთებას, ხშირად კი პირდაპირ ციტირებს მას. მასწავლებლებმა ბავშვებს უნდა უთხრან, რომ რუსეთი 8 წლის განმავლობაში მოლაპარაკებებს ცდილობდა, მაგრამ უკრაინა უარზე იყო.

გარდა ამისა, ბავშვებს ეუბნებიან, რომ:

  • 2014 წელს უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა;
  • დონეცკი და ლუგანსკი სახალხო რესპუბლიკები არიან, მათი მოსახლეობა კი წლებია იჩაგრება მხოლოდ იმიტომ, რომ რუსულად ლაპარაკობს;
  • უკრაინელები და რუსები ერთი ხალხი არიან და მათი გაყოფა ცალკეულ სახელმწიფოებად ხელოვნურია.

გამოცემა „მედიაზონა” აქვეყნებს ამონარიდებს სახელმძღვანელოდან:

„კითხვა: რატომ მიდის საბრძოლო მოქმედებები?

პასუხი: ნატოს გაფართოება და მისი რუსეთის საზღვრებთან მიახლოება - ჩვენთვის ყველასთვის საფრთხეა. არსებობს ერაყის, ლიბიისა და სირიის სევდიანი გამოცდილება. გარდა ამისა, უკრაინამ შეიძლება შექმნას ბირთვული იარაღი. ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში, ეს სავსებით შესაძლებელია“.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უკრაინის ტერიტორიაზე დარჩა ბირთვული იარაღი. 1994 წლის 5 დეკემბერს, ბუდაპეშტში ქვეყანამ უარი თქვა ბირთვულ რაკეტებზე, თავისი სუვერინიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიების სანაცვლოდ, რომელიც მისცეს აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და… რუსეთმა.

“ბავშვები არ გამცემენ”

ბოლო 4 დღის განმავლობაში, „პატრიოტიზმის გაკვეთილი” უკვე ასეულობით სკოლაში ჩატარდა. თუმცა ბავშვების ინდოქტრინაციას ყველა არ აპირებს. მურმანსკის ოლქის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა, ალექსანდრმა (სახელი შეცვლილია) ბიბისის უთხრა, რომ არ სურს, მოატყუოს საკუთარი მოსწავლეები.

„წინააღმდეგი ვარ იმის, რასაც ეს სცენარები და პრეზენტაციები ქადაგებს. ეს აბსოლუტურად მცდარი ინფორმაციაა. ისტორიული და საზოგადოებრივი წყაროების ანალიზის ნაცვლად, უნდა ვილაპარაკოთ მხოლოდ პრეზიდენტის გამოსვლებზე, ისიც, მხოლოდ საქებარი სიტყვები ვთქვათ”, - ამბობს ალექსანდრი.

კიდევ ერთმა მასწვლებელმა, რომელიც ურალის ოლქში ისტორიას ასწავლის, თქვა, რომ დირექტორმა გაკვეთილის ჩატარება დააძალა. მან დირექციის თხოვნა მხოლოდ ფორმალურად შეასრულა და ახლა იმედოვნებს, რომ „ბავშვები არ გასცემენ”.

2020 წელს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო კანონი სკოლებში პატრიოტული აღზრდის შესახებ. მისი ინიციატორი ვლადიმირ პუტინი იყო.

ბევრ სხვა ცვლილებასთან ერთად, კანონში ჩაიწერა, რომ განათლების სისტემამ ბავშვებს უნდა ჩაუნერგოს „პატრიოტიზმის და მოქალაქეობის გრძნობა, მამულის დამცველებისა და მისი გმირების პატივისცემა”.

***

უკრაინაში შეჭრის ბრძანება ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს გასცა. მისი მტკიცებით, ეს „სპეციალური სამხედრო ოპერაციაა”, რომელიც არ არის მიმართული უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ და მიზნად ისახავს უკრაინის „დენაციფიკაციას” და „განიარაღებას”.

ამისდა მიუხედავად, ბოლო დღეებია რუსული რაკეტებით იბომბება საცხოვრებელი სახლები ხარკოვში, კიევსა და სხვა ქალაქებში. გაეროს ინფორმაციით, დაღუპულია 200-ზე მეტი სამოქალაქო პირი. უკრაინა-ევროკავშირის საზღვარი უკვე მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.

რაც შეეხება „დენაციფიკაციას”, უკრაინის ულტამემარჯვენე ნაციონალისტური პარტია უკანასკნელ არჩევნებზე პარლამენტში ვერ მოხვდა. თვითონ ვოლოდიმირ ზელენსკი კი წარმოშობით ებრაული ოჯახიდანაა.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG