ირანის ოფიციალური პირი აცხადებს, რომ მოსკოვს შეუძლია ზიანი მიაყენოს ბირთვულ მოლაპარაკებებს, თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ბირთვულ შეთანხმებასთან დააკავშირებს.
ირანის მაღალი თანამდებობის ოფიციალურმა პირმა გააკრიტიკა კრემლი იმისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებს აკავშირებს ირანსა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის ბირთვული შეთანხმების დამტკიცებასთან.
ეს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, 4 მარტს განაცხადა, რომ მოსკოვი ეძებს გარანტიებს ვაშინგტონისგან, "რომ აშშ-ის მიერ დაწყებული მიმდინარე [სანქციების] პროცესი არანაირად არ დააზარალებს ჩვენს თავისუფალ, სრულფასოვან სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობისა და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის უფლებას ირანთან".
რუსეთის უკრაინაში შეჭრა საერთაშორისოდ დაიგმო და მას მოჰყვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება აშშ-ს და სხვა ქვეყნების მხრიდან, რათა მოსკოვი აიძულონ დაასრულოს ომი.
ლავროვის კომენტარი გაკეთდა მალევე მას შემდეგ, რაც თეირანმა განაცხადა, რომ შეათანხმა საგზაო რუკა გაეროს ბირთვულ სააგენტოსთან იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც აფერხებს ვენაში მსოფლიო სახელმწიფოებთან მოლაპარაკებებს, რომლებიც მიმართულია ირანთან 2015 წლის ჩიხში შესული ბირთვული შეთანხმების განახლებისკენ.
ირანელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-თან საუბრისას განაცხადა, რომ მოლაპარაკების რუსი მონაწილეები ვენაში, ბოლო დღეებში, გარანტიებს ითხოვდნენ ვაშინგტონისგან.
„გასაგებია, რომ თავისი პოზიციის შეცვლით ვენის მოლაპარაკებებში, რუსეთს თავისი ინტერესების სხვა ადგილებში დაცვა სურს", განუცხადა ირანელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს ირანიდან. "ეს ნაბიჯი არ არის კონსტრუქციული ვენის ბირთვული მოლაპარაკებებისთვის".
ლავროვის განცხადებამდე ერთი დღით ადრე, 3 მარტს, რუსეთის წარმომადგენელმა, ელჩმა მიხაილ ულიანოვმა, განაცხადა, რომ "მოლაპარაკება თითქმის დასრულებულია". საფრანგეთის წარმომადგენელმა მოლაპარაკებაზე, ფილიპ ერერამ თქვა, რომ ძალიან, ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთანო.
რუსეთი ერთ-ერთი ხელმომწერია 2015 წლის თავდაპირველი შეთანხმებისა, რომელიც ითვალისწინებდა თეირანისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქებას მისი სადავო ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.
მოლაპარაკებები შეთანხმების აღდგენის შესახებ, რომელიც აშშ-მა 2018 წელს დატოვა და რომლის პირობების დაცვაზე მას შემდეგ ეტაპობრივად უარი თქვა ირანმა, ვენაში აპრილიდან მიმდინარეობს.
მოლაპარაკებები, საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, რუსეთისა და ჩინეთის შუამდგომლობით, გავრცელებული ინფორმაციით, ახლოსაა შეთანხმების მიღწევასთან.
დაწერეთ კომენტარი