რუსეთი ოდესის დასაბომბად ემზადება, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
6 მარტს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს სამხედრო დანაშაულის ტოლფასი იქნება.
"ჩვენი რაკეტები არც რუსეთისა და არც ბელარუსის სამოქალაქო ობიექტებს არ ბომბავს. რუსები ოდესის დაბომბვას აპირებენ. წარმოიდგინეთ, იმ ოდესის, სადაც რუსები ყოველთვის ჩამოდიოდნენ. არტილერია ოდესის წინააღმდეგ?! რაკეტები ოდესის წინააღმდეგ?! ოდესის დაბომბვა, ეს იქნება სამხედრო დანაშაული, ეს ისტორიული დანაშაული იქნება", - თქვა ზელენსკიმ.
მან თქვა, რომ უკრაინის არმიას ასობით რუსი ჯარისკაცი ჰყავს ტყვედ და მათგან მოპოვებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ უკრაინაზე თავდასხმა დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა. რუსეთის გეგმას ადასტურებს ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავების მფრინავების პირველადი ჩვენებებიც.
რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ და რამდენიმე ქალაქი დაბომბეს. რუსეთს დასავლეთმა მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესა.
ასობით ათასმა უკრაინელმა ქვეყნის საზღვარი გადაკვეთა და თავშესაფრის ძიებაშია.
ომი უკრაინაში მეთერთმეტე დღეა გრძელდება.