Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა და რუსეთი აქვეყნებენ მონაცემებს ერთმანეთის დანაკარგების შესახებ


უკრაინის გენერალური შტაბის მიერ დღეს, 7 მარტს გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან, 24 თებერვლიდან, რუსული სამხედრო ძალების პირადი შემადგენლობის დანაკარგი 11 000-ს აჭარბებს. საკუთარ შეიარაღებულ ძალებში დანაკარგების შესახებ უკრაინა არაფერს იუწყება.

გენერალური შტაბის ცნობითვე, უკრაინის არმიამ 12 დღეში გაანადგურა რუსების 290 ტანკი, 999 ჯავშანმანქანა, 117 საარტილერიო სისტემა, ზალპური ცეცხლის 50 რეაქტიული სისტემა, 46 თვითმფრინავი, 68 ვერტმფრენი და ა.შ.

დღესვე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ განმავლობაში განადგურებულია უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურის 2396 ობიექტი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჯერჯერობით მხოლოდ ერთხელ, 2 მარტს გამოაქვეყნა ოფიციალური მონაცემები, რომელთა თანახმად, უკრაინაში დაღუპულია 498 რუსი სამხედრო და დაჭრილია -1597. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2 მარტს ისიც განაცხადა, რომ მოკლულია 2870-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო, დაჭრილია დაახლოებით -3700 და ტყვედ აყვანილია - 572.

სხვა წყაროებით როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მიერ გავრცელებული ცნობების გადამოწმება ვერ ხერხდება.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 1.5 მილიონზე მეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG