Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი მიიჩნევს, რომ რუსეთის მოთხოვნები ბირთვულ მოლაპარაკებაზე „არაკონსტრუქციულია“


რუსეთის ჩარევის მიზანია საკუთარი ინტერესების უზრუნველყოფა და ვენის ბირთვულ მოლაპარაკებაზე მოსკოვი „არაკონსტრუქციულად“ მოქმედებს, მიიჩნევს ირანის ხელისუფლების წარმომადგენელი, რომლის ნათქვამი მოჰყავს ირანის სააგენტო "თასმინს".

ვენაში მიმდინარეობს მოლაპარაკება 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების აღდგენის მიზნით. მასზე ირანს და აშშ-ს ერთმანეთთან უშუალო კონტაქტი არ აქვთ. მოლაპარაკებას შუამავლობენ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები: ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი და რუსეთი და მათთან ერთად გერმანია და ევროპის კავშირი.

მოსკოვმა, მოლაპარაკებაზე, რომელიც დასასრულს მიუახლოვდა, აშშ-სგან მოითხოვა გარანტიები, რომ სანქციები, რომლებიც მას დაუწესეს დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინაში შეჭრის გამო, არ იქონიებს გავლენას ირანთან ვაჭრობაზე.

ეს მოთხოვნა, ექსპერტების აზრით, შეიძლება შეთანხმების მიღწევის ზღუდე გახდეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 4 მარტს განაცხადა, რომ მოსკოვი მოითხოვს წერილობით გარანტიებს, სულ მცირე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დონეზე, სანამ მოსკოვის შეთანხმებას მხარს დაუჭერდეს.

ეს განცხადება გაისმა მალევე მას მერე, რაც ირანმა გამოაცხადა, რომ გაეროს ბირთვულ სააგენტოსთან იმ პრობლემების მოგვარების გზამკვლევი შეიმუშავა, რომლებიც შეთანხმებას უშლიდნენ ხელს.

2015 წლის ბირთვული შეთანხმება ირანისთვის სანქციების გაუქმებას და სანაცვლოდ ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას გულისხმობდა. შეთანხმება 2018 წელს ცალმხრივად დატოვა აშშ-მა და სანქციები განუახლა თეირანს. სააგენტო "თასმინი" წერს, რომ ირანსა და დასავლეთთან შეთანხმების გადადებით და ირანის ბირთვულ ბაზარზე დაბრუნების შეფერხებით, რუსეთი ესწრაფვის ნედლ ნავთობზე ფასების აწევას და ენერგომატარებლების გაყიდვით საკუთარი მოგების გაზრდას. სააგენტოს ამ მოსაზრების წყარო არ მოჰყავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG