ტელეკომპანია CNN-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს ვენესუელისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქებას საიმისოდ, რომ ქვეყანამ შეძლოს მეტი ნავთობის წარმოება და საერთაშორისო ბაზარზე გატანა.
ვარაუდობენ, რომ ეს ნაბიჯი მიმართულია რუსეთის ნავთობზე გლობალური დამოკიდებულების შემცირებაზე, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის ფონზე, და რუსეთის იზოლირებაზე სამხრეთ ამერიკაში მისი ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირისგან.
CNN-ის წყაროს ცნობით, ადმინისტრაციის წევრები, მათ შორის დასავლეთის ნახევარსფეროს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი ხუან გონზალესი და ტყვეთა საქმეებში აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი როჯერ კარსტენსი შაბათ-კვირას კარაკასში იმყოფებოდნენ, სანქციების და ვენესუელაში ამჟამად დაკავებული აშშ-ის მოქალაქეების საკითხების განხილვის მიზნით. აშშ-ის ადმინისტრაციის წევრების ვენესუელაში ჩასვლის შესახებ ცნობა პირველად New York Times-ში გამოქვეყნდა.
ვაშინგტონმა ვენესუელის ნავთობზე სანქციები 2019 წელს დააწესა და კარაკასში საელჩო დახურა მას შემდეგ, რაც გაყალბებულად მიიჩნია ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს გამარჯვება 2018 წლის არჩევნებში.
სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა შაბათს თქვა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები აქტიურად ეძებენ გზებს რუსეთის ნავთობის იმპორტის ასაკრძალად, რაც რუსეთის ეკონომიკას კიდევ უფრო მძლავრ ზიანს მიაყენებს. ამ დრომდე დასავლეთი ყოყმანობდა სანქციების დაწესებაზე რუსეთის ენერგეტიკის სექტორისთვის, იმ გავლენის შესახებ შეშფოთების გამო, რომელსაც ეს ნაბიჯი გლობალურ ეკონომიკაზე იქონიებს, თუმცა ეს შესაძლებლობა ახლა განიხილება და ევროპა თავისი ენერგიის წყაროების გამრავალფეროვნებაზე მუშაობს.
რესპუბლიკელმა სენატორმა მარკო რუბიომ ეს მოლაპარაკებები უკვე გააკრიტიკა - "მეტი ამერიკული ნავთობის წარმოების ნაცვლად, [ბაიდენს] სურს, ერთი სახიფათო მოძალადე დიქტატორისგან შესყიდული ნავთობი მეორე სახიფათო მოძალადე დიქტატორის ნავთობით ჩაანაცვლოს", - დაწერა მან "ტვიტერით".
თუმცა მოლაპარაკებების შინაარსის შესახებ ინფორმირებული წყარო ამბობს, რომ ამერიკული ნავთობის წარმოების გაზრდა არ იქნება საკმარისი იმ რაოდენობის შესავსებად, რომლის ნაკლებობასაც შექმნის რუსეთის ნავთობის აკრძალვა.
დაწერეთ კომენტარი