Accessibility links

site logo site logo

ღარიბაშვილი მიესალმება ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის შესწავლის გადაწყვეტილებას


ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე" გამოეხმაურა ბრიუსელში მიღებულ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადების ევროკომისიის მიერ შესწავლის საკითხზე.

„მივესალმებით საბჭოს გადაწყვეტილებას, ეთხოვოს ევროკომისიას ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ წარდგენილი განაცხადების შესწავლა", - წერს პრემიერი.

მთავრობის მეთაური საბჭოს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის.

„ჩვენს ურთიერთობებში ეს ახალი ეტაპი გვაძლევს მოტივაციას, გავაძლიეროთ ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი. ჩვენ მადლიერნი ვართ ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

7 მარტს ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრა, რომელზეც განიხილეს უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის განაცხადები ბლოკში გაწევრიანების თაობაზე.

ამ შეხვედრის შემდეგ განაცხადები განსახილველად გაიგზავნება ევროპულ კომისიაში.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ - რომლის ქვეყანაშიც ომია, რუსეთის შეჭრის შემდეგ - ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრიანების განაცხადს ხელი 28 თებერვალს მოაწერა. 1 მარტს ევროპის პარლამენტის კენჭისყრაზე უკრაინისთვის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა 637 ევროპარლამენტარმა 13-ის წინააღმდეგ. პარლამენტის რეზოლუცია „მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ იმაზე, რომ უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“.

უკრაინის შემდეგ, ევროკავშირს გაწევრიანების განაცხადებით მიმართეს საქართველომ და მოლდოვამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG