Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში შემოტანილი ხორბალი და ფქვილი შესაძლოა გაძვირდეს


"საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია" ვარაუდობს, რომ ქვეყანაში შემოტანილი ხორბლისა და ფქვილის ფასი გაიზრდება. ასოციაციის დირექტორი, ლევან სილაგავა ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ორი თვის მარაგი არსებობს.

სილაგავა თქმით, საქართველოში ხორბლისა და ხორბლის ფქვილის 90 პროცენტი რუსეთიდან შემოდის. ამ ქვეყანას სანქციები ადევს და საქართველოდან უცხოურ ვალუტაში ანგარიშსწორება შეუძლებელია.

"ხორბლის გარეშე ქვეყანა არცერთ ვარიანტში არ იქნება, ახალი შემოტანა იქნება უფრო ძვირი, იმიტომ რომ მსოფლიო ტენდენციებია ასეთი, რადგან უკრაინა და რუსეთი ომის გამო ვერ აწვდის ხორბალს. თვე, თვე-ნახევარში ეს შეიძლება ბაზარზე აისახოს... საქართველოში მარაგები არის ხორბლად ერთი თვის და ფქვილად ერთი თვის..." - ამბობს ასოციაციის დირექტორი.

სილაგაძემ თქვა, რომ ხორბლისა და ფქვილის ორთვიანი მარაგი საქართველოს დაეხმარება ახალ ბაზარზე მარტივად გადაერთოს. ამ შემთხვევაში განიხილება ყაზახეთი და რუმინეთი, სადაც ფასი უფრო მაღალია.

"ფასი იქნება მაღალი, მაგრამ ხორბალი იქნება შემოტანილი - ამის გარანტია არის... თუ ფასებმა დაიწყო მერყეობა, გადავდივართ სახელმწიფოს პრეროგატივაზე. მათთან შეხვედრის დროს ითქვა, რომ მეპურეებთან მიმართებაში, გარკვეულწილად, სუბსიდირებით ჩაერევა", - თქვა მან.

დღევანდელი მოცემულობით, საქართველოში არსებული მარაგების დიდი ნაწილი უკრაინიდან და რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლითა და ხორბლის ფქვილით ივსება. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რუსეთიდან იმპორტი, უკვე არსებული კონტრაქტებით, ჯერ არ შეჩერებულა.

დღეს მეცამეტე დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს. ამის გამო რუსეთს სანქციები დაეკისრა და უცხოურ ვალუტაში გადარიცხვები აკრძალული აქვს, უკრაინიდან კი ექსპორტი შეუძლებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG