Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანავთობო გიგანტი Shell-ი რუსეთს ტოვებს, აღარ იყიდის რუსეთიდან ნავთობსა და გაზს


ენერგეტიკულმა გიგანტმა, Shell-მა, განაცხადა, რომ შეწყვეტს რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას და ამ ქვეყანაში დაასრულებს ყოველგვარ ოპერაციებს, რითაც ის შეუერთდა ათეულობით სხვა კომპანიას, რომლებმაც გაწყვიტეს კავშირი მოსკოვთან უკრაინაში მისი შეჭრის გამო.

8 მარტის განცხადებაში კომპანია Shell-ი წერს, რომ მან არ გადადგა სწორი ნაბიჯი, როცა გასულ კვირაში რუსეთის ნედლი ნავთობი შეისყიდა.

ამის გამო კომპანია მკაცრად გააკრიტიკეს, რადგან მოსკოვმა გააძლიერა უკრაინის ქალაქების დაბომბვა და მათთვის ცეცხლის დაშენა საცხოვრებელი უბნების ჩათვლით. ახლა Shell-ი რუსეთიდან ენერგომატარებლების შესყიდვას "ეტაპობრივად" წყვეტს.

კომპანიამ უკვე გამოაცხადა, რომ არ მონაწილეობს "ჩრდილოეთი ნაკადი-2-ის" პროექტში, ასევე წყვეტს პარტნიორობას რუსეთის „გაზპრომთან“ და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან.

Shell-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბენ ვან ბერდენმა, განაცხადა, რომ კომპანია „სინანულს გამოხატავს“ გასულ კვირაში რუსეთის ნედლი ნავთობის შესყიდვის გამო. მისივე თქმით, ამ დარჩენილი ნავთობის გადამუშავებით მიღებული შემოსავალი საგანგებო ფონდში ჩაირიცხება, საიდანაც განაწილდება უკრაინაზე.

Shell-ის მსგავსად რუსეთის ბაზარზე ყოფნაზე უარს ამბობს BP-იც. ორივე კომპანიამ განაცხადა, რომ ისინი პროდუქტს აღარ შეისყიდიან რუსეთში, მაგრამ ვერ მოახერხებენ რუსეთიდან ექსპორტირებულ სანქონელზე ახლავე უარის თქმას, რადგან ხელშეკრულებები ხანგლივად არის დადებული და ამასთან ერთად, არსებობს ალტერნატიული მომწოდებლების მოპოვების სიძნელეები.

რუსეთმა შეიარაღებული აგრესია უკრაინის მიმართ დაიწყო 24 თებერვალს. მას შემდეგ ორ მილიონამდე ადამიანმა დატოვა ქვეყანა, დაღუპულია ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე.

ათეულობით კომპანიამ, მათ შორის, BP-მ და Exxon-მა, რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური და საფინანსო მკაცრი სანქციების პარალელურად დატოვა რუსეთი, უკრაინაში მისი აგრესიის საპასუხოდ.

XS
SM
MD
LG