Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლად გეორგე: „რუსი ოლიგარქების აქტივები კი არ გავყინოთ, გავყიდოთ და უკრაინას დავეხმაროთ“


ევროპარლამენტარი ვლად გეორგე
ევროპარლამენტარი ვლად გეორგე

„ეს ფაქტობრივად მარშალის გეგმაა უკრაინისთვის, მაგრამ აგრესორის ფულით. ამ მიდგომას ჩემი ბევრი კოლეგა იზიარებს“, - ეუბნება ევროპარლამენტის წევრი რუმინეთიდან, ვლად გეორგე რადიო თავისუფლებას.

„პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენს, მოგიწოდებთ, შექმნათ უკრაინის აღორძინების ფონდი, რომელიც დაფინანსდება ნაწილობრივ ევროკავშირის რესურსებიდან და ნაწილობრივ რუსეთის იმ მოქალაქეების აქტივების გაყიდვით, რომლებიც ევროკავშირის სანქციების სამიზნე გახდნენ და რომელთა აქტივები გაყინულია“, - ამ წერილით გეორგემ ევროკომისიის პრეზიდენტს გასულ კვირას მიმართა. ოლიგარქებისა და პუტინის ახლო წრის ევროპაში „გაყინული“ აქტივების ფასი მრავალი მილიარდია - რუმინელი ევროპარლამენტარი ამბობს, რომ თუ რუსეთს სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, მაშინ უკრაინაში „რუსის მიერ დანგრეულიც რუსული ფულით უნდა აღდგეს“.

„საუბარია 800 მილიარდ ევროზე“ - უკრაინის "აღორძინების გეგმა" რუსი ოლიგარქების ფულით

ის დარწმუნებულია, რომ იდეა თანდათან უფრო და უფრო პოპულარული გახდება ევროპარლამენტში და ახლა თანამოაზრეებთან ერთად ამ მიმართვის ევროპარლამენტის რეზოლუციად გაფორმებაზე მუშაობს.

რადიო თავისუფლება: დაახლოებით რა თანხაზეა საუბარი?

ვლად გეორგე: თანხა შთამბეჭდავია - 800 მილიარდი ევრო, ასე ფასდება სანქცირებული რუსების ქონება ევროკავშირში. და ეს რაც ჯერჯერობით ვიცით - მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის დღევანდელი თანხა. ხვალ ან შემდეგ კვირას შეიძლება კიდევ მეტი იყოს, მოკლებით არ მოიკლებს. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი პრეცედენტები არსებობს, გაუგონარს არაფერს ვითხოვთ: ასე მოვიქეცით ლიბიასთან, ავღანეთთან მიმართებითაც. კი, რუსეთი იქნება პირველი დიდი ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც მსგავს ზომებს გამოვიყენებთ, მაგრამ როდესაც აგრესორი ხარ, შენს ქმედებებზე პასუხი უნდა აგო, მიუხედავად იმისა, დიდი ტერიტორია გაქვს თუ არა. თუ გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ჩვენ, დასავლეთი, ვართ სივრცე, სადაც კანონის უზენაესობა ცარიელი სიტყვები არაა, სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ. რუსეთმა საკუთარი აგრესიისთვის თავისივე ჯიბიდან უნდა გადაიხადოს. ასე რომ, საბოლოო მიზანი არის ამ ფულის უკრაინის აღორძინებისთვის მოხმარება.

რადიო თავისუფლება: უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზეც გკითხავთ - რამდენად მოსალოდნელია, ეს სტატუსი კიევთან ერთად თბილისმა და კიშინიოვმაც მიიღონ?

„უკრაინასთან ერთად საქართველოსაც და მოლდოვასაც უნდა მივცეთ კანდიდატის სტატუსი“

ვლად გეორგე: ჯერჯერობით ერთადერთი რამ, რასაც პუტინმა მართლა წარმატებით გაართვა თავი, ეს ჩვენი გაერთიანება და ევროკავშირის, ასე ვთქვათ, გამოღვიძებაა. მანამდე ევროკავშირი კრიზისის მენეჯმენტში მოიკოჭლებდა და პუტინმა ეს პრობლემა მოგვიგვარა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც ქვეყნებს ათწლეულები უნდა ეცადათ ევროკავშირის პასუხისთვის - ჩვენ, რუმინეთმა განაცხადი 1995 წელს შევიტანეთ და წევრები 2007 წელს გავხდით. ვფიქრობ, ეს მიდგომა აღარ მუშაობს და მალე ვიხილავთ დაჩქარებულ პროცესს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობას უკრაინის მაგალითმა საბოლოოდ დაანახა, რომ უნდა დავიცვათ ევროპის მოქალაქეები, მიუხედავად იმისა, დღეს არიან ევროკავშირის წევრები თუ ხვალ გახდებიან. ამიტომ მიმაჩნია, რომ უკრაინასთან ერთად საქართველოსაც და მოლდოვასაც უნდა მივცეთ კანდიდატის სტატუსი. ველოდები და მინდა, რომ ეს ასე მოხდეს. სწორედ ახლაა კარგი დრო ამისთვის - ისტორიის მანძილზე, ბევრი კარგი შესაძლებლობა გავუშვით ხელიდან, მაგრამ მოდით, ამ შესაძლებლობას ხელიდან ნუ გავუშვებთ.

რადიო თავისუფლება: ასე არ ფიქრობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება - მისი თქმით, თბილისი და კიშინიოვი კიევის „სწრაფმავალ მატარებელს“ შეახტნენ - თვლის, რომ უკრაინის განაცხადი ბრიუსელში ცალკე, საქართველოსა და მოლდოვის გარეშე უნდა განიხილონ...

ვლად გეორგე: გარკვეულწილად მესმის, რატომ ამბობს ამას, მესმის, რა მდგომარეობაშიცაა ახლა. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ სწორი მიდგომა იქნება, თუ ამ სამივე ქვეყანას ერთ პაკეტში განვიხილავთ და აი, რატომ: დღეს უკრაინაშია ომი, გუშინ საქართველოში იყო და ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ხვალ შეიძლება მოლდოვაში იყოს, თუ პუტინი დაესხმება თავს. უკრაინა რომ წინ არ აღდგომოდა პუტინს, სავსებით შესაძლებელია, რომ იმავე სცენარს მოლდოვაშიც ვიხილავდით. საქართველოშიც და მოლდოვაშიც რუსული სამხედრო დანაყოფები არიან, ამჟამად პასიური, მაგრამ ღილაკზე ერთი დაჭერა აშორებთ გააქტიურებისგან. ამიტომ ვფიქრობ, რომ მათაც ისევე უნდა მივუდგეთ, როგორც უკრაინას.

„დღეს უკრაინაშია ომი, გუშინ საქართველოში იყო, ხვალ შეიძლება მოლდოვაში იყოს“

რადიო თავისუფლება: კიშინიოვი და თბილისი იმითაც „გამოირჩნენ“, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდნენ - შეიძლება თუ არა, ამან უარყოფითი გავლენა იქონიოს ბრიუსელში გადაწყვეტილების მიღების პროცესზე?

ვლად გეორგე: არა მგონია. სანქციებზე მუშაობა და მათი დაწესება ჩვენი საქმეა და არა მათი, ევროკავშირმა უნდა იტვირთოს აქ ლიდერის ფუნქცია. და უნდა გვესმოდეს, რომ პატარა, არაწევრ ქვეყნებს იმავეს ვერ მოვთხოვთ, იმიტომ რომ უზარმაზარი აგრესორი ჰყავთ მეზობლად. სანამ ევროკავშირში არ გაწევრდებიან, გაგებით და პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ მათ მსგავს ნაბიჯებს. აი, როდესაც ევროკავშირის ქოლგის ქვეშ იქნებიან, მაშინ სხვა საქმეა, მაშინ შეგვიძლია მათ მოვთხოვოთ, რომ სანქციების პოლიტიკას მოერგონ.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

XS
SM
MD
LG