Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სავაჭრო ქსელები გამოდიან გაფრთხილებით ბავშვთა კვების პროდუქტების დეფიციტზე


რუსეთში ბავშვთა კვების მწარმოებელ მსხვილ კომპანიებს უთავდებათ წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის მარაგი - იუწყება გაზეთი "კომერსანტი", ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის თანახმად, სავაჭრო ქსელები ემზადებიან გაყიდული პროდუქციის რაოდენობის შესაზღუდად ერთ სულ მყიდველზე.

კომპანია Nestle საცალო ვაჭრობის ქსელებს ატყობინებს, რომ რძის მშრალი ფხვნილების წარმოებისთვის საჭირო ნედლეული მხოლოდ კვირა-ნახევარი ეყოფა - წერს გაზეთი. ამის მიზეზია გარღვევა ნედლეულის ევროპიდან შემოტანის ჯაჭვში. მწარმოებელ კომპანიებს შეექმნათ ნედლეულის მიწოდების პრობლემა, ამასთან ერთად, მიმწოდებლები შეკვეთების საფასურის წინასწარ დაფარვას ითხოვენ სრულად.

უკრაინაში მოსკოვის შეჭრის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო, მკაცრი ეკონომიკური სანქციების გამო, ანალოგიური პრობლემები მრეწველობის სხვა სფეროებშიც გაჩნდა.

ბავშვთა კვების სფეროში პრობლემებია არა მხოლოდ რძის მშრალ ფხვნილებთან მიმართებით, არამედ ხილფაფების და სხვა პროდუქტების წარმოებაშიც, რაც დიდწილად ეყრდნობა იმპორტირებულ ნედლეულს. ვითარებას ამძიმებს ბავშვთა კვების პროდუქტების მასობრივად მომარაგება მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც ფასების მკვეთრ მატებას უფრთხიან.

სავაჭრო ქსელები ზრდიან შეკვეთების მოცულობას, მაგრამ მწარმოებელ კომპანიებს არ შეუძლიათ მოთხოვნის დაკმაყოფილება. გამოცემის თანახმად, საცალო ვაჭრობის წარმომადგენელი არ გამორიცხავს მაღაზიების მხრიდან ერთ სულ მყიდველზე გაყიდული პროდუქციის შეზღუდვას. ბევრ ქსელში ეს პრაქტიკა უკვე დაინერგა შაქართან, მცენარეულ ზეთთან და ბურღულეულთან მიმართებით.

XS
SM
MD
LG