შეიარაღებული რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს რეგიონული საბჭოს დეპუტატის, ლეილა იბრაგიმოვას, სახლში შეიჭრნენ და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს.
ამის შესახებ, უკრაინული მედიის ცნობით, ყირიმელი თათრების მეჯლისის წევრი ესკენდერ ბარიევი თავის Facebook-ში წერს.
"დღეს (10 მარტი-რედ.), მელიტოპოლში, დილის 6 საათზე რუსულ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი შეიარაღებული პირები შეიჭრნენ ზაპოროჟიეს რეგიონული საბჭოს მოადგილის, ადგილობრივი ყირიმელი თათრების წარმომადგენლის, მელიტოპოლის მუზეუმის დირექტორის, ლეილა იბრაგიმოვას, სახლში და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს“, - წერს ესკენდერ ბარიევი, რომლის თქმით, დეპუტატის სახლი გაჩხრიკეს და ტელეფონები ამოიღეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 26 თებერვალს გაავრცელა განცხადება ქალაქ მელიტოპოლზე კონტროლის დამყარების შესახებ. ქალაქი მელიტოპოლი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ზაპოროჟიეს რეგიონში მდებარეობს. უკრაინას ოფიციალური კომენტარი ამასთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია.