Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანი: ქართველებმა იცით, რას ნიშნავს, როცა თავს გესხმიან მიზეზის გარეშე, მხოლოდ იმიტომ, რომ გინდა იყო თავისუფალი


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა თელავში, ამერიკული კუთხის გახსნის შემდეგ, მედიასთან ისაუბრა მიმდინარე ომის ფონზე უკრაინისთვის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად, რომელიც საქართველოში რუსული ბიზნესების რეგისტრაციას შეეხებოდა, ელჩმა თქვა, რომ ამის შესახებ საკმარის ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა, მნიშვნელოვანია, დღეს ყველა ქვეყანამ გამოუცხადოს მხარდაჭერა უკრაინას.

„მნიშვნელოვანია, უკრაინის მხარდაჭერა და მის გვერდით დგომა. საქართველომ დააფიქსირა უკრაინის მხარდამჭერი მკვეთრი პოზიცია სხვადასხვა ფორუმზე, მათ შორის გაერო-ს, ევროსაბჭოს, ეუთო-ს ფორმატში, უკრაინის მხარდაჭერას აფიქსირებს ქართველი ხალხიც. ჩვენ ვხედავთ ქართველი ხალხის ასეთ გულუხვობას უკრაინელების მიმართ, და ეს განსაკუთრებული მხარდაჭერა განპირობებულია, ალბათ, იმით, რომ ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რას ნიშნავს, იყო ომში, რას ნიშნავს, გესხმოდნენ თავს ყოველგვარი მიზეზის გარეშე, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ გინდა, იყო თავისუფალი. სწორედ ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ სიტუაციაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ერთიანობა. მოგეხსენებათ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე საქართველოში ჩვენ კარგად გამოვცადეთ, თუ რას ნიშნავს პოლარიზაცია და ვიცით, რა შედეგები შეუძლია მას მოიტანოს", - თქვა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში 10 მარტს.

ამერიკული კუთხე, რომელიც დღეს თელავში გაიხსნა, არის სივრცე ახალგაზრდებისთვის, რომელშიც არის საქმიანი შეხვედრების მოწყობისა და კომპიუტერული სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაეროს მონაცემებით, 2 მილიონს მიაღწია ლტოლვილების რიცხვმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG