Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პურის მცხობელთა ასოციაცია: ფასი მაისამდე არ გაიზრდება


"პურის მცხობელთა ასოციაცია" აცხადებს, რომ პურფუნთუშეულზე საქართველოში ფასების მატება მაისამდე მოსალოდნელი არ არის. ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ თქვა, რომ ეს გარანტირებულია ქვეყანაში ფქვილსა და ხორბალზე არსებული ორი-სამი თვის მარაგით.

"ის მარაგები, რაც არის ფქვილის და ხორბლის, მაისამდე ეს თავის ტკივილი არ გველოდება პურპროდუქტებში - მაისამდე ქვეყანა უზრუნველყოფილია, რომ არც ფასი შეიცვლება მაისამდე და მარაგებიც არის", - თქვა მან.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ პურის წარმოებისთვის საჭირო ფქვილის გარდა, სხვა ყველა აუცილებელი კომპონენტი გაძვირდა, ეს ფასზე არ ასახულა. ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გაძვირდა როგორც დენი, ისე წყალი და შესაფუთი მასალები.

"ერთ ტომარა ფქვილი რუსეთში დაახლოებით 62 ლარი ღირს, რომელსაც აბარებენ 65-67 ლარად... თუ ერთი ტომარა ფქვილის ფასი დაახლოებით 70 ლარამდე იქნება, ამ შემთხვევაში პურის ფასს გაძვირება არ მოუწევს, მაგრამ თუ ამ ნიშნულს გადასცდა, შემდეგ, ალბათ, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა ჩაერთვება ან სხვა სიტუაცია იქნება", - თქვა მან.

ფქვილისა და ხორბლის მარაგებზე ისაუბრა რამდენიმე დღის წინ, 8 მარტს, "საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამაც. ისიც ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ფქვილის და ხორბლის ორი თვის მარაგი არსებობს.

"ხორბლის გარეშე ქვეყანა არცერთ ვარიანტში არ იქნება, ახალი შემოტანა იქნება უფრო ძვირი, იმიტომ რომ მსოფლიო ტენდენციებია ასეთი, რადგან უკრაინა და რუსეთი ომის გამო ვერ აწვდის ხორბალს. თვე, თვე-ნახევარში ეს შეიძლება ბაზარზე აისახოს", - თქვა მან.

დღევანდელი მოცემულობით, საქართველოში არსებული მარაგების დიდი ნაწილი უკრაინიდან და რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლითა და ხორბლის ფქვილით ივსება. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რუსეთიდან იმპორტი, უკვე არსებული კონტრაქტებით, ჯერ არ შეჩერებულა.

დღეს მეთექვსმეტე დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს. ამის გამო რუსეთს სანქციები დაეკისრა და უცხოურ ვალუტაში გადარიცხვები აკრძალული აქვს, უკრაინიდან კი ექსპორტი შეუძლებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG